"ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას" - რა უპასუხა რომან გოცირიძის განცხადებას მამუკა ბახტაძემ? - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას" - რა უპასუხა რომან გოცირიძის განცხადებას მამუკა ბახტაძემ?

ხელისუფლება დღეს ფაქტობრივად ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი და თავად არის შემოქმედი ამ მძიმე მდგომარეობის, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით - ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენური ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების მკვეთრი ზრდა. რომან გოცირიძის თქმით, დღეს კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება და ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების ქმედების ბრალი.

"ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენს მიერ დასმული კითხვის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. ლამის საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ხან ბანკის გაძარცვის შესახებ.

გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს. სიღატაკის უკიდურეს ზღვარზეა ქვეყანა. დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი, ერთი მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება, გაჩნდნენ ასე ვთქვათ საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები. ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომარეობა და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოსაყენებლად, კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში. ამ პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს საზოგადოებაში განმტკიცებული მენტალიტეტი, როდესაც კრიმინალური გარჩევის მონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს და იბარებენ ყოფილ მინისტრებსაც კი.

როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლებაში გამეფებული შეგნების და ქმედების ბრალი. სტატისტიკა არის საშინელი. თურმე სტატისტიკით იმიტომ მატულობს კრიმინალი, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა გვაქვსო. ქურდობა 96 პროცენტითაა მომატებული. ამ ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა, 113 კაციდან თუ ორს ეს ერთ თვეში შეემთხვა, დანაშაული მთელი ქვეყნის მასშტაბით რა მდგომარეობა იქნება", - განაცხადა გოცირიძემ.

"როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ სიმართლე, მისი მოსმენა მაინც მოგიწევთ. თქვენი მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება რეალობას,- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გოცირიძის განცხადებას.

"ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ სიმართლე, მისი მოსმენა მაინც მოგიწევთ. დასაწყისშივე ვიტყვი - თქვენი მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად, შეიცვალა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ დამოკიდებულება და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭვირვალე",- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლიდან შეიცვლა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა.

"ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ გააკონტროლოს და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერი ფაქტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახეზე მკვეთრად გამოხატული დანაშაულის ყველა ნიშანი, ასევე შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე და გახსნის ალბათობა. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა ღიაობა და გამჭვირვალობა. ანუ, ძირეულად შეიცვალა მიდგომა დანაშაულის აღრიცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს. სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის 54-პროცენტიანი ზრდა მნიშვნელოვანწილად აღრიცხვიანობის ზრდის სიზუსტეს უკავშირდება და არა ცალსახად კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმებას",- განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, "ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინება".

"სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად იმ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად, ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა. წარმოგიდგენთ მონაცემებს: კერძოდ, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება − თითქმის 18%-ით. სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გამოიწვია პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და ა.შ. ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ძირითადად ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე. ანუ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"