"ივანიშვილი ისე მართავს საქართველოს, როგორც საკუთარ მიწის ნაკვეთს და..." - რას წერს სააკაშვილი The Washington Post-ში? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ისე მართავს საქართველოს, როგორც საკუთარ მიწის ნაკვეთს და..." - რას წერს სააკაშვილი The Washington Post-ში?

"ოლიგარქები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის ნარჩენებსაც კი ანადგურებენ"

ამერიკულ გამოცემაში «The Washington Post» გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. პუბლიკაციაში გადმოცემულია მისი თვალსაზრისი უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ: როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების ხელისუფლებას ოლიგარქები აკონტროლებენ, რომელთა მმართველობის სტილი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, ისინი დემოკრატიის უკანასკნელ ნაშთებს ბოლომდე ანადგურებენ ("ახრჩობენ"). ნიშანდობლივია, რომ სტატია ქვეყნდება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიც 31 მარტს გაიმართება, პეტრო პოროშენკოს პარტია ამომრჩეველთა მოსყიდვაშია ბრალდებული. ის, თუ რა მოხდება რთულად გამოსაცნობი არ არის. ოლიგარქთა ხროვა მოიპარავს არჩევნებს და საპასუხოდ, საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხმის მიცემის გაყალბებაში დაადანაშაულებენ. მაგრამ ახლა, დემოკრატიის უკუსვლის სიმპტომების გამოვლენის ნაცვლად, დროა, რომ პრობლემის ფუნდამენტურ მიზეზებს გავუსწოროთ თვალი: პირველ რიგში, ეს არაფორმალური მმართველობაა.

მოლდოვა ამის შესანიშნავი მაგალითია - ეს ქვეყანა ოლიგარქული მმართველობის სახელმძღვანელოდაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ნავთობისა და საბანკო სექტორის მაგნატი, ვლადიმერ პლახოტნიუკი, ქვეყნის მეორე უმსხვილეს პოლიტიკურ ძალას აყალიბებს, რომლის სხვა პარტიებთან გაერთიანება ძალაუფლების კონსოლიდაციას აძლიერებს. ვლადიმერ პლახოტნიუკი სრულად აკონტროლებს პარლამენტს, ძალოვან სტრუქტურასა და სასამართლოებს, მაგრამ თანამდებობის მიმართ ინტერესი არ გააჩნია. მისი მეტსახელი მოლდოვაში "მეთოჯინეა". მოლდოვის პარლამენტის თებერვლის არჩევნების შედეგებმა ვლადიმერ პლახოტნიუკის გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა. მოლდოვაში მთლიანი შიდა პროდუქტის წილი, ერთ ადამიანზე გადაანგარიშებით, 3,226 დოლარს შეადგენს. ვლადიმერ პლახოტნიუკის ქონება კი 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ იგი, საშუალოსტატისტიკურ მოლდოველთან შედარებით, მილიონჯერ უფრო მდიდარია. ვლადიმერ პლახოტნიუკი

მოლდოვის მსგავსი სიტუაციაა რუსეთის ფედერაციის მეზობელ ორ ქვეყანაშიც - საქართველოსა და უკრაინაში. მოულოდნელი არაა, რომ ასეთ დროს ძალის კონცენტრაცია ოლიგარქის ხელში ხვდება. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნეოდა. დღეს საქართველოს თავისი პლახოტნიუკი ჰყავს - ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც 4.9 მილიარდი დოლარის მფლობელია (ანუ მისი ქონება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს). ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში დაგროვებული ქონების წარმომავლობა, რა თქმა უნდა, ბუნდოვანია. ბიძინა ივანიშვილი ისე მართავს საქართველოს, როგორც საკუთარ მამულს და ამას ლოიალური სასამართლოთი და რეპრესიული უშიშროების ორგანოების დახმარებით ახორციელებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა საქართველოს მომავლის შექმნის სურვილით არ განისაზღვრება. რთულია მისი პარტიის სამოქმედო პლატფორმის გადმოცემა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ან ის წარმატებები, რომელსაც პარტიამ მიაღწია 2012 წელს მომხდარი ხელისუფლების გადაბარების შემდეგ. ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარი პარტია მორიგ საინვესტიციო აქტივს წარმოადგენს და რა თქმა უნდა, იგი სარგებელს ელოდება. სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი არაფორმალურმა კონტროლმა ოლიგარქი საქართველოს ეკონომიკის მონოპოლისტად აქცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ ქართველ ოლიგარქს ქვეყანა მიტაცებული აქვს.

უკრაინა მოლდოვასა და საქართველოზე გაცილებით დიდი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მას უფრო მეტი ოლიგარქიც ჰყავს. უკრაინის უმდიდრესი ადამიანია ფოლადის მაგნატი, მილიარდერი რინატ ახმეტოვი, რომლის ქარხნებიც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში კრემლის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. რინატ ახმეტოვი უღირსად გაურიგდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს - თავის თანამზრახველს, რომელიც საკუთარი საინვესტიციო კომპანიით დაუკავშირდა ახმეტოვის ენერგოკომპანიას. აღსანიშნავია, რომ თავად პეტრო პოროშენკო ნიშნავს ენერგომარეგულირებლის წევრებს, რომლებიც ტარიფებს ადგენენ. რინატ ახმეტოვი

მოლდოვა, საქართველო და უკრაინა სხვა მსგავს პრობლემებსაც იზიარებენ: მათი ტერიტორიების ნაწილი აგრესიული მეზობლის, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული - იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის სახელმწიფო ინსტიტუტები არადემოკრატიულია. შესაბამისად, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შიშს განიცდის იმ აყვავებული დემოკრატიული ქვეყნების წინაშე, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარეობენ.

მაგრამ ბრძოლის ნაცვლად მოლდოველი, ქართველი და უკრაინელი სამთავრობო წრეები თავიანთი ქცევით ვლადიმერ პუტინის საქმეს აკეთებენ, მას ეხმარებიან. და ეს ხდება სამივე მთავრობის პროდასავლური იდეოლოგიის ფონზე. ისინი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას ქმნიან და ნატოს მისიებში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, ამ ქვეყნებში ამომრჩეველი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, დემოკრატიას და დასავლეთთან დაახლოებას. ამიტომაც ოლიგარქის მხარდაჭერილი მმართველი პარტიები "ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის" ფრთხილად მოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლებენ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რეფორმების გატარებას.

შემთხვევითი არ არის, რომ სამივე "მეთოჯინე" რუსეთში გამდიდრდა. ეროვნული ინტერესები მათი ბიზნესის ინტერესებითაა ჩანაცვლებული. ყველამ იცის, რომ ვლადიმერ პუტინი ქველმოქმედი არ არის და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ოლიგარქი, რომელმაც რუსეთში მილიარდობით დოლარი იშოვნა, კრემლს გარკვეულ ხარკს უხდის. რა თქმა უნდა, ჩრდილოელი მეზობლიდან მომდინარე საფრთხე უმთავრესი მტერია, თუმცა მასზე უფრო საშიში მტერი თავად [საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას] შიგნით არის - მიტაცებული სახელმწიფო ხომ სუსტია და აგრესიისგან დაუცველია. ასეთ დროს სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა, კრიმინალისა და ნეპოტიზმის გარდა, ემიგრაციაზე გადის. პატარა ქვეყნიდან გაედინება ინტელექტი, ხოლო მშიერი ადამიანებით სავსე ქვეყანაში ოლიგარქებს არჩევნების ყიდვა ყველაზე იაფი უჯდებათ. შეუძლებელია ამ მდგომარეობაში ვლადიმერ პუტინზე ბედნიერი ვინმე იყოს. პეტრო პოროშენკოს სურათი კიევში გამართულ აქციაზე

რატომ უნდა შეშფოთდეს დასავლეთი ასეთი ვითარებით? მოლდოვა, საქართველო და უკრაინა მილიარდობით დახმარებას იღებენ ევროკავშირიდან, აშშ-საგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომელის უდიდესი დონორი ასევე ამერიკაა. ეს დაფინანსება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ანტიკორუფციული რეფორმების მხარდაჭერას, ხოლო მიმღები მთავრობები ვალდებულნი არიან უჩვენონ პროგრესი. სინამდვილეში "რეფორმების დახმარების" ციკლი დაფინასების არაპროპორციულია. საქართველო აშშ-ის დახმარების ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქვეყანა და დემოკრატიული უკუსვლის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მაგალითია...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ ქვეყნებში, რომლებსაც მხარს უჭერს, კორუფცია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მუქარად უნდა მიიჩნიოს და უფრო აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი ამერიკული ღირებულებების გაძლიერებას. ამერიკელი ხალხის მიერ დაფინანსებულ მთავრობებს უნდა მოსთხოვონ ვალდებულების შესრულება და დემოკრატიის გაღრმავება. განვითარებად სახელმწიფოებში ჩრდილოვანი მმართველები თანამდებობებზე ჩინოვნიკების ცვლილებით არ აღმოიფხვრება. უნდა დაწესდეს სანქციები ოლიგარქების მიმართ. ვლადიმერ პლახოტნიუკი, ბიძინა ივანიშვილი და რინატ ახმეტოვი კანონიერი ბიზნესმენები კი არ არიან, არამედ საკუთარი მთავრობების მმართველები და აქციონერები.

დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ფინასურ-მატერიალური დახმარების სწორად გამოყენების უზრუნველსაყოფად, არაფორმალური მმართველების მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს. სწორედ ამ შემთხვევაში დაიცავს შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ინტერესებს. მხოლოდ ოლიგარქების ჩამოშორების შემდეგ შეძლებენ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხები დემოკრატიის გაძლიერებას და "პუტინიზმის" დამარცხებას. ამ გამარჯვებას კი მსოფლიოც იგრძნობს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ