გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო - კვირის პალიტრა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მან ისაუბრა რეზოლუციაზე, რომელიც საბჭომ 22 მარტს მიიღო.

"22 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან. საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, საბჭო ასევე ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

რეზოლუციაში არის მოწოდება, რომ მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის მექანიზმების დაუყოვნებლივ შესვლის უზრუნველყოფა. ამასთან, საბჭო მიღებული რეზოლუციით ავალებს კომისარს, წარმოადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს მომდევნო მომდევნო – 41-ე და 42-ე სესიებზე", - აღნიშნა კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, წელს რეზოლუციას პირველად დაუჭირეს მხარი საბჭოს ახალმა წევრებმა, ფიჯიმ და ბაჰამამ, ხოლო პოზიცია ნეგატიურიდან დადებითისკენ შეიცვალეს ფილიპინებმა, და რეზოლუციის მხარდამჭერი განცხადებები დამატებით გააკეთეს ავსტრალიამ, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ჩეხეთმა.

"ინტერპრესნიუსი"