"რეფორმები გიორგი შენგელაიას ფილმის "მიდიოდა მატარებელი" სიუჟეტს ემსგავსება" - კვირის პალიტრა

"რეფორმები გიორგი შენგელაიას ფილმის "მიდიოდა მატარებელი" სიუჟეტს ემსგავსება"

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რამდენიმე თვეში აუცილებლად გატარდება სამთავრობო რეფორმა, ვგულისხმობ რადიკალურ საკადრო ცვლილებებს"

გასული კვირა იმით იყო გამორჩეული, რომ პარლამენტში პლენარულ სხდომებს მინისტრები სტუმრობდნენ და კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატით წარიმართა და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. კონკრეტულ თემაზე: ანაკლიის პორტის პროექტზე მოუხდა საკანონმდებლო ორგანოში საუბარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს.

22 მარტს კი პირველად ამოქმედდა პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ინტერპელაციის პროცედურა, რაც გულისხმობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხონ დეპუტატების არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის ან ფრაქციის მიერ გაგზავნილ შეკითხვას, რომელსაც ადრესატს პარლამენტიდან 10 დღით ადრე უგზავნიან, სხდომაზე კი სხვა თემაზე შეკითხვების დასმის უფლება დეპუტატებს არა აქვთ.

პირველად ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს. მან უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების ზრდას შეეხებოდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ასევე მოწვეული იყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც. მოსმენები, ძირითადად, პოლიტიკური დაპირისპირების თანხლებით მიმდინარეობდა, თუმცა მინისტრების თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოსვლებმა გააჩინა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად ადეკვატურად აღიქვამს მთავრობა და, საზოგადოდ, ხელისუფლება, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას? ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

სანდრო თვალჭრელიძე

- სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში არც უმრავლესობა და არც ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ ვითარებას ვერც სწორად აღიქვამენ და ვერც აფასებენ. ჩამოყალიბდა ერთგვარი ვითომ თამაშის წესები, როდესაც უმრავლესობა მთავრობას ლამის ღმერთად წარმოადგენს, ხოლო ოპოზიცია მის უკიდურესად დაკნინებას ცდილობს. შექმნილ ვითარებაში სინამდვილის გარკვევა რიგითი მოქალაქისთვის რთულია, თუმცა მისთვის მთავარ მაჩვენებლად რჩება ის პირობები, რომლებშიც უწევს ცხოვრება. ის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელიც ქვეყანაშია, ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ მძიმეა.

ჩემი ხედვით, ძალიან ნელა, ბორძიკით, მაგრამ ქვეყანა მაინც ვითარდება, თუმცა იმდენად ნელი ტემპით, რომ რიგითი მოქალაქისთვის შემჩნევა რთულია.

რაც შეეხება მინისტრების გამოსვლების შეფასებას, მე პერსონალური დამოკიდებულება მაქვს ყველას მიმართ, შესაბამისად, ერთობლივად მათი შეფასება გამიჭირდება.

მოდი, განვიხილოთ თითოეული მათგანის გამოსვლა. დავიწყოთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანით, რომლის წასვლა-დარჩენის თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო პარლამენტში მის სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე, თუმცა მან ამჯერადაც შეინარჩუნა სავარძელი და ტრადიციულად ისმის კითხვა: როგორ, რის ფასად ინარჩუნებს ის თანამდებობას? ერთი რამ ცხადია, წულუკიანი თანამდებობის შენარჩუნებას ახერხებს არა პროფესიული ნიშან-თვისებებისა და წარმატებების გამო, არამედ ძალაუფლების განაწილების სხვა, "წყალქვეშა" და უხილავი მექანიზმებით.

- ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა იყოს კომპრომატები, რომლებითაც ის აშანტაჟებს "ქართულ ოცნებას". - ეს არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, 2012 წლიდან მას ვერაფერი მოუხერხეს, თუმცა მისი შეცვლა არაერთხელ სცადეს. წულუკიანი საქმეში წარმატებულად ვერ ჩაითვლება და ამას მოწმობს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება. ამ სისტემის რეფორმირება სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი რაც არის, ვხედავთ. ჩემთვის ბევრი რამის მთქმელია ერთი ფაქტი - როცა ის მთავრობაში მოვიდა, თავის მოადგილედ წარადგინა სანდრო ბარამიძე, რომელსაც ვიცნობ და ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან და პროფესიონალ იურისტად მიმაჩნია. ბარამიძის სამინისტროდან წასვლამ აშკარა გახადა, რომ თეა წულუკიანმა დაკარგა რეალობის შეგრძნება და ეს გაპიარებული რეფორმა იმისკენ კი არ იყო მიმართული, რომ რეალურად გაჯანსაღებულიყო სასამართლო სისტემა, არამედ ყველაფერი კეთდებოდა ფასადურად, სინამდვილეში კი უნდოდათ მიეღოთ მართვადი სასამართლო.

ამ ყველაფრის კიდევ ერთი დასტური იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან ნინო გვენეტაძის წასვლა. სამწუხაროდ, მან ზეწოლას ვერ გაუძლო და დატოვა თანამდებობა.

მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ჩვენი სასამართლო მაინც ყველაზე დამოუკიდებელია, ცხადზე ცხადია, რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ. აშკარაა, რომ ერთ-ერთ სადგურზე მეისრემ ლიანდაგი არასწორად გადართო და ახლა გიორგი შენგელაიას ფილმის "მიდიოდა მატარებელი" სიუჟეტს ემსგავსება ეს ვითომ რეფორმები, რაც ძალიან ცუდია.

მე არ ვიცი ამ მოსამართლეების არჩევის ახლებური წესი, რომელსაც ახლა განიხილავენ, რა შედეგს მოიტანს, მაგრამ ერთი რამ მაძლევს იმედს - საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით, ძალიან განვითარებულია სამოქალაქო თვითშეგნება და შექმნილია ძლიერი სამოქალაქო ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანებს გამოხატვის საშუალებას აძლევს. ბოლოს და ბოლოს, თუ ძალიან გამწვავდა ვითარება, მოსახლეობის რისხვა და ქვეყნის ცხოვრებისგან გარიყვა არ ასცდებათ იმ ოდიოზურ მოსამართლეებს. ეს უნდა იცოდეს ხელისუფლებამაც.

- "ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში ის არის, რომ დღეს ქვეყანაში ის არის გარანტი მშვიდობიანობის, სტაბილურობისა და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ", - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. - რას ამბობს წულუკიანი ერთია და რას ფიქრობს, მეორე. საკითხავია ისიც, რისთვის ამბობს? ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის, სავარძლის, უკვე გაცვეთილის, მაგრამ მაინც შენარჩუნების სურვილი. გარდა ამისა, არსებობს ობიექტური რეალობაც - დღეს ბიძინა ივანიშვილი მართლაც რეალურად არის ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების გარანტორი.

- გასულ კვირას პარლამენტში მოუსმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსაც.საუბრის თემა ანაკლიის პორტის პროექტი იყო. მან არაერთხელ გაიმეორა, რომ თუკი კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სახელმწიფო ან მოძებნის სხვა ინვესტორს, რომელიც პორტისთვის დაფინანსებას მოიძიებს, ან ანაკლიის პორტი შესაძლოა თავად ააშენოს. დამეთანხმებით, ალბათ, ეს კარგად დაგეგმილ სქემას ჰგავს, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს კონსორციუმის იმგვარ დისკრედიტაციას, მას ფუნქციონირების პრობლემა შეექმნას, საბოლოოდ კი ვერ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და პროექტიდან გასვლამ მოუწიოს. - დაახლოებით ერთი თვის წინ სწორედ თქვენს გაზეთთან ინტერვიუში ვივარაუდე, რომ მთელი ეს პროცესი უკავშირდება სწორედ ანაკლიის პროექტს და მისი რეალიზებიდან კონსორციუმის ჩამოშორებას. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, ჩემი ვარაუდი მართლდება. ამას ხელისუფლებაც აღარ მალავს. ვფიქრობ, ეს მთლად მთავრობის ინიციატივა არ არის და გარკვეულწილად უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. სხვადასხვა ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, მაგრამ თავს შევიკავებ ამჟამად მეტის თქმისგან, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება. ერთი რამ ცხადია - როგორც თავის დროზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი იყო უმნიშვნელოვანესი, დღეს ასეთივე მნიშვნელობისაა ანაკლიის პორტის პროექტი. იმედია, მიუხედავად რადიკალური განცხადებებისა, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობა ყველას ესმის და ხვდება, რომ მისი რეალიზება აუცილებელია.

ახლა მთავარია, ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს არა თვითნებური, იმპულსური, არამედ სინერგიული და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიღებული, მათ შორის უმთავრესად ჩვენი სტრატეგიული ნატოელი პარტნიორებისა. მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით, ყველანი ვხედავთ შედეგებს, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე დანამდვილებით არაფერი ვიცით. რაც შეეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას პრივილეგირებულ ბიზნესმენებზე, რითაც მან მამუკა ხაზარაძეზე მიანიშნა, ასეთი ბიზნესმენები თუ სხვა დარგის წარმომადგენლები თითქმის ყველგან, მით უფრო ჩვენისთანა ქვეყანაში, შეიძლება არსებობდნენ, თუმცა ისიც აქსიომაა, რომ პრივილეგირებულთა ჩანაცვლება ხდება ძალაუფლების მქონე პირთა შეხედულებების ცვალებადობასთან ერთად, ოღონდ ეს ქვეყნის ინტერესებს არ უნდა ეხებოდეს და მით უფრო, არ უნდა აზიანებდეს!

- პარლამენტში კრიმინოგენულ ვითარებაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა... - ოპოზიციამ სცადა, ვითარება აპოკალიფსურად წარმოეჩინა, თუმცა არა მგონია, ასე მძიმედ იყოს საქმე. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია და იმედია, ქმედით გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზები. ერთ-ერთი ისიც არის, რომ ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიისა და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მასშტაბური შეწყალების აქტების შედეგად, ბევრი დამნაშავე აღმოჩნდა ქუჩაში, რომლებიც ნელ-ნელა ისევ ციხეს უბრუნდებიან.

ამასთანავე, იანუსის ორი სახის მსგავსად, დემოკრატიასაც აქვს ორი მხარე - ლიბერალურმა დამოკიდებულებამ, პოლიციასა და სასჯელაღსრულების სისტემაში შეცვლილმა მიდგომებმა მეტი თავისუფლება მისცა კრიმინალებს. დღეს აღარც პოლიციისა და არც ციხის აღარ ეშინიათ. სააკაშვილის რეჟიმის დროს იქ მოხვედრა ყველას აშინებდა, რადგან იცოდნენ, რა ჯოჯოხეთიც ელოდათ. დღეს, მგონი, ციხეში უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე ზოგიერთს შინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ვითარების გამოსწორებაზე არ უნდა იზრუნოს.

- ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ საგანმანათლებლო რეფორმაზე ბევრს ლაპარაკობენ. ისე ჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს თემა ერთ-ერთი წამყვანი გზავნილი და დაპირება იქნება. რამდენად რეალურად გესახებათ პრემიერ-მინისტრ ბახტაძისა თუ მინისტრ ბატიაშვილის ინიციატივები?

- კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო განათლების მინისტრს და ვუთხრა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომლებიც მისგან თუ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, სწორია. ვეთანხმები, რომ განათლების ხარისხი უნდა ამაღლდეს, გატარდეს ძირეული სასკოლო რეფორმა, გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი და ა.შ., მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი ავიწყდებათ - ვინ უნდა მისცეს განათლება მოსწავლეს? მიპასუხებთ, მასწავლებელმაო და მართალიც იქნებით, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამ სფეროში რა კატასტროფული მდგომარეობაა. რატომ გააუქმეს მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები? იმიტომ, რომ უდიდესმა ნაწილმა მისი ჩაბარება ვერ შეძლო. მასწავლებელი განათლებას იღებს უმაღლეს სასწავლებელში, ამიტომ, ვფიქრობ, უმაღლესი სასწავლებლის რეფორმით უნდა დავიწყოთ, სადაც ასევე კატასტროფული მდგომარეობაა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ზედმეტად დემოკრატიული კანონი გვაქვს და უნივერსიტეტებში რექტორს ირჩევს სამეცნიერო საბჭო, რომელიც, ძირითადად, შედგება მოძველებული, ხავსმოკიდებული პროფესორებისგან, რომელთაც ნამდვილად აკლიათ კომპეტენცია, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისინი იმაზე კი არ ფიქრობენ, განათლების დონე როგორ ამაღლდეს, არამედ იმაზე, როგორმე ისეთი რექტორი აირჩიონ, რომელიც მათ სამსახურიდან არ გაუშვებს. ჩვენ ვერაფრით შევცვლით ვითარებას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა უმაღლესი განათლება. უნივერსიტეტებში უნდა მოვიდნენ კომპეტენტური პროფესორ-მასწავლებლები.

- რას ფიქრობთ "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებზე? პარტიაში ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების დროსაც გამოჩნდა - უმრავლესობის დეპუტატთა იმგვარად მობილიზება ვერ მოხერხდა, რომ პარტიიდან წასული დეპუტატი გადაეყენებინათ. მოვისმინეთ სასაცილო განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე დეპუტატებს ღილაკები აერიათ. - ვფიქრობ, ისეთი არაფერი ხდება მმართველ პარტიაში, რაც მოსალოდნელი არ იყო. ცხადზე ცხადია, რომ დღეს ყველა დეპუტატი ფიქრობს არა ქვეყნის ბედ-იღბალზე, არამედ საკუთარ ადგილზე "ქართული ოცნების" მომავალ საპარლამენტო სიაში. ზოგი თავს ისევ "ქართულ ოცნებაში" ხედავს, ზოგმა იცის, რომ მისთვის კარი, სავარაუდოდ, დაიხურება და ამიტომაც სხვა გზებს ეძებს.

ჩემი აზრით, დღეს "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს აქვს სერიოზული დილემა, როგორ გადაახალისოს პარტია ისე, რომ 2020 წლისთვის ის უნარიანი იყოს და წარმატებას მიაღწიოს.

ისმის კითხვა: რაზე მეტყველებს ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება? ჩემი აზრით, მხოლოდ იმაზე, რომ ივანიშვილი ფსონს ისევ დებს იმ პირებზე, რომლებსაც უპირობოდ ენდობა. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ხალხს ეძებენ ერთგულებისა და არა პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი თავისუფალიცაა და მისი მართვა რთულია. ამიტომ ასეთები აშინებთ. ამგვარი ადამიანების მოთოკვა და მოთვინიერება შეუძლებელია. მოკლედ, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: ან პროფესიონალები და საღად მოაზროვნე ძლიერი პიროვნებები უნდა მოიყვანონ პარტიაში, ან მორჩილი ცხვრის ფარა, რომელიც მხოლოდ ღილაკის დამჭერი იქნება, თან ისე, რომ არ აერიოს. თუმცა აქაც დიდი პრობლემა აქვს ივანიშვილს, დაუჭერს კი ცხვრის ფარას საზოგადოება მხარს?

- ამ ვითარებისა და იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენი პირობა აქვს გაცემული "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რა შანსი აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? - ვფიქრობ, ამაზე ცოტა ნაადრევია ლაპარაკი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რამდენიმე თვეში აუცილებლად გატარდება სამთავრობო რეფორმა, ვგულისხმობ რადიკალურ საკადრო ცვლილებებს.

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას და გაცემულ დაპირებებს, თუ მთლიანად არ შევცვალეთ ეკონომიკური მოდელი და არ დავიწყეთ ძალიან სწრაფად სამეწარმეო ეკონომიკის განვითარება, არაფერი გამოვა. სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და ვერც უმუშევრობას შევამცირებთ.

ადრე თუ გვიან, ეს გასაკეთებელია. რატომღაც ჩვენს მმართველ გუნდს უნდა, რომ ქვეყანა ლამის მონათმფლობელური წყობილებიდან კონსტიტუციურ წყობილებაში მრეწველობის განვითარების გარეშე გადავიდეს, რაც შეუძლებელია.

თავის მხრივ, რთულ ვითარებაშია ოპოზიციური ფლანგიც. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ჯერ გაუგებარია, რა კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციაში. ვნახეთ რამდენიმე შეთანხმება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი და მტკივნეულიც კი არის სხვა რამ - ის, რომ ადამიანები თავიანთ პრინციპებს ივიწყებენ და რაციონალიზმზე ფიქრობენ, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძოდნენ, დღეს მასთან ალიანსში შედიან.

- შალვა შავგულიძეს გულისხმობთ, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" მთაწმინდის ოლქში, შუალედურ არჩევნებში, წარადგინა კანდიდატად?

- ბევრ სხვასაც. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმაც განაცხადა, რომ არ გამორიცხავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას. ჩემი აზრით ეს, ცოტა არ იყოს, არაეთიკურია.

- ამ ადამიანებს აქვთ ასეთი კონტრკითხვა: მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" სისტემურად ლამის შეერწყა "ნაციონალურ მოძრაობას", მათი ნაბიჯი რატომ არის ამორალური? - ჯერ ერთი, ერთის ამორალურობა მეორეს რატომ შეიძლება ამართლებდეს? მეორეც - ვფიქრობ, შერწყმაზე ლაპარაკი გაზვიადებულია. სასამართლო სისტემაში "ქართული ოცნება" ნამდვილად ცდილობს იმ სისტემის გამოყენებას, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩამოაყალიბა, რაც ასევე არასწორია, თუმცა ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავება მაინც ძალიან დიდია. უპირველესად, ეს ჩანს იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებში, რომლებიც დღეს გაცილებით გაძლიერებული არიან და მეეჭვება ამას რამე დაემუქროს.