"ვემიჯნები მათ, ვინც "ტროას ცხენით" შემოიპარა პარტიაში და დაიწყო ნგრევა" - კვირის პალიტრა

"ვემიჯნები მათ, ვინც "ტროას ცხენით" შემოიპარა პარტიაში და დაიწყო ნგრევა"

"ჩემი დაკვირვებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პარტიაში ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის ხელშია", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" "ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც უმრავლესობა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა.

- პარტიის დატოვებაზე დიდი ხანია, ვფიქრობდი და საბოლოოდ გადაწყვეტილება სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულმა პროცესმა მიმაღებინა. ლაპარაკია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესზე. ეს იყო წითელი ხაზი, სადაც გამოიკვეთა უმრავლესობის სულისკვეთება, რომ საყოველთაოდ ცნობილ სასამართლო კლანს, პრაქტიკულად, განუსაზღვრელი ძალაუფლება უნარჩუნდება. ამას წინ უძღოდა ჩემი დამოკიდებულების შეცვლა მმართველობის სტილისადმი. ჩემი აზრით, ყველაფერს ერთი ადამიანი, პარტიის თავმჯდომარე მართავს, მით უმეტეს, მაშინ, თუ საკითხი აინტერესებს, სხვა საკითხები კი აბსოლუტურად მიშვებულია და ყველაფერი ივანიშვილს ჰბრალდება. ეს არასწორი მმართველობის ბრალია და ამიტომაც გადავწყვიტე ბრძოლის გაგრძელება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც დავიწყე 2012 წლის დეკემბერში და ინიცირება გავუკეთე კანონპროექტს ამნისტიის შესახებ.

- პარტიაში რა ვითარებაა? განაგებს თუ არა ამ პროცესებს ირაკლი კობახიძე? - ჩემი დაკვირვებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პარტიაში ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის ხელშია.

- რატომ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის მხარეს? - ივანიშვილმა ვითარების გამოსასწორებლად გადადგა ნაბიჯები, თუმცა დაგვიანებული. გულწრფელად მწყდება გული, პირველივე დღიდან ვიყავი ამ პარტიაში...

ერთი-ორი ადამიანის გარდა, არ ვემიჯნები იმ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ეს ყველაფერი დავიწყე. ვემიჯნები მათ, ვინც "ტროას ცხენით" შემოიპარა პარტიაში და დაიწყო ნგრევა.

- მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის მიღება ნიშნავს თუ არა, რომ "ოცნება" ხალხს ჯიბრში ჩაუდგა? - ვენეციის კომისიასთან კი არ უნდა ვიკეკლუცოთ, არამედ მის მოსაზრებებს უნდა დაველოდოთ. როგორც უმრავლესობას, ჩვენც გაგზავნილი გვაქვს ჩვენი ვარიანტი, მაგრამ მათ კომისიის დასკვნამდე ტაშ-ფანდურით მიიღეს კანონპროექტი.

- სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესები? - ეს არის კანონი, რომელსაც გზაჯვარედინზე გავყავართ, როგორი იქნება ჩვენი მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა. ვფიქრობ, ეს არის საშიშროების შემცველი კანონპროექტი და იუსტიციის საბჭოს, პრაქტიკულად, ყველა სადავეს უტოვებს, აძლევს მას საშუალებას, ჩაჭრას ნებისმიერი პირი, რომლებიც მათ არ აწყობთ. სწორედ ამისთვის დააწესეს 5-საფეხურიანი ფილტრი, ჩვენს კანონპროექტში კი პარლამენტს ეძლევა მთავარი გადაწყვეტილების მიღების უფლება.

- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი ნებით დატოვეთ, თუმცა მანამდე თქვენი გადაყენება კოლეგებმა სცადეს და ვერ მოახერხეს. იზიარებთ თუ არა განმარტებას, რომ თქვენს კოლეგებს ღილაკები აერიათ? - პარლამენტში თავაშვებული მმართველობაა. შეიძლებოდა სხვა გადაწყვეტილებაც მიმეღო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომლებიც სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მიმაღებინა გადაწყვეტილება, დავმდგარიყავი მედგრად და არ გამეკეთებინა გადადგომის განცხადება, თუმცა საბოლოოდ მაინც გადავდექი.