"წამმზომი ჩართულია, "ოცნებას" კიდევ რამდენიმე ლიდერი დატოვებს" - კვირის პალიტრა

"წამმზომი ჩართულია, "ოცნებას" კიდევ რამდენიმე ლიდერი დატოვებს"

დატოვებენ თუ არა "ქართულ ოცნებას" სხვა ლიდერებიც, ამ და სხვა საკითხებზე ზაქარია ქუცნაშვილი გვესაუბრება.

- უმრავლესობის მომზადებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა. როგორ ფიქრობთ, ეს საზოგადოების აზრის უგულებელყოფა არ არის?

- ამ კანონის შინაარსს ვერავინ აკრიტიკებს ობიექტურად. ცალკეული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ანტიკონსტიტუციური შინაარსის გამო არ იქნა გაზიარებული. ამიტომაც ვერ შევაფასებ ამას როგორც საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლას.

- მაგრამ ამას თავად თქვენი აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების პროტესტი მოჰყვა. - ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიას და პარტიიდან წასვლა სწორედ დემოკრატიული პროცესია. ვინ შემოგვიერთდება ან ვინ დატოვებს გუნდს, მათი უფლებაა. "ოცნებაში" გადაჯგუფება მიმდინარეობს, გაირკვევა, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. წამმზომი ჩართულია, 2019 წლის შემოდგომაზე გადაწყდება, ვინ დარჩება ამ ბრძოლაში. ზოგი ადრე დატოვებს გემს, ზოგი შემოდგომაზე.

- ანუ ელოდებით "ქართული ოცნებიდან" სხვა ლიდერების წასვლასაც? - ვფიქრობ, არის კიდევ რამდენიმე. ყველა ნიშანია იმისა, რომ შემოდგომაზე დატოვებენ პარტიას, ან უფრო მალეც.

- თქვენც ხომ არ აპირებთ "ოცნების" დატოვებას? - მე ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი ვარ და არ ვაპირებ მის მიტოვებას.

- პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი შემოუერთდა. რა არის მისი დაბრუნების მიზანი? - ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ კი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ "ოცნება" ძველ და ახალ წევრებსაც აერთიანებს. ღარიბაშვილზე ვერავინ იტყვის, რომ ახალია და არა აქვს დამსახურება გუნდის ჩამოყალიბებაში.

- "ქართულმა ოცნებამ" კადრების შესარჩევად უცხოური კომპანია დაიქირავა. ეს რაზე მიუთითებს? - როგორც ვიცი, უცხოური კომპანია საზოგადოებასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად დაიქირავეს და არა წევრების რეკრუტირებისთვის.

- "ოცნებაში" ვითარებას ირაკლი კობახიძე განაგებს? - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ირაკლი იყო შტაბის ხელმძღვანელი და არის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ანუ გავლენიანი პირია პარტიაში...