ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწის სკანდალური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწის სკანდალური ინტერვიუ

"ერთხელ გვენეტაძემ მითხრა, შენ რომ აქ ზიხარ და მაქეზებ, შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას, რომ ვიჩხუბო და მერე ვიღაცამ ხელი შემომარტყას, რა გავაკეთოო?!"

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს ექსთავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, კახა წიქარიშვილი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ფაქტობრივად კლანის ანატომიას შიფრავს.

- სასამართლო სისტემა რთული ორგანიზმია, მაგრამ ჩვენი სასამართლო კიდევ უფრო რთულია - ჩამოყალიბებულია არაფორმალური მართვის სისტემა, რომელიც კომუნისტური, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი მმართველობის ნაზავია, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო "ოცნების" სასამართლომ.

მოდი, ერთმანეთისგან განვასხვაოთ მართვის ორი მოდელი.

პირველი არის დამოუკიდებელ სასამართლოსა და კეთილსინდისიერ მოსამართლეზე მორგებული. ამ მოდელის მიხედვით, მოსამართლედ ინიშნება კომპეტენტური პირი, რომელსაც ვანდობთ როგორც მართლმსაჯულებას, ასევე სისტემის მართვას. ასეთ მოსამართლეს ენდობიან მხარეები, საზოგადოება, ხელისუფლება და სასამართლო დამოუკიდებლად ასრულებს მთავარ მისიას - მართლმსაჯულებას.

კახა წიქარიშვილი

მეორე არის სასამართლოს მორჩილებით მართვის მოდელი - როცა მოსამართლე თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ელოდება ინსტრუქციას, რომელიც შეიძლება მოწოდებული იყოს ზოგადი ფორმით. მაგალითად, არავითარი გამამართლებელი განაჩენი თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე! ან კონკრეტული ფორმით: ეს საქმე ასე უნდა გადაწყდეს, ან სასურველია, ასე გადაწყდეს... ამ მოდელში მოსამართლედ ინიშნება ის, ვისი მართვაც შესაძლებელია და აუცილებელია არსებობდეს კომუნიკაციის ფარული არხები, რომლებითაც სასამართლო უკავშირდება სისტემის გარეთ არსებულ სუბიექტს (პროკურატურას, სამინისტროს და სხვ.). ამ მოდელში მოსამართლეებს მართავენ"მათრახითა და თაფლაკვერით - მორჩილებს ახალისებენ, ურჩებს კი სჯიან...

ჩვენთან, ტრადიციულად, მართვის მეორე მოდელი მუშაობს, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა პირველი და მეორე მოდელის ნაზავი, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლეებს მიეცათ გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ, თუმცა, სადაც ხელისუფლების ინტერესია, გადაწყვეტილება წინასწარ უნდა შეუთანხმდეს სასამართლოში არსებულ კოორდინატორებს.

- ვინ ასრულებდა კოორდინატორების როლს? - კლანი. მართვის ეს სტილი მოითხოვს ვიწრო ჯგუფის არსებობას, რომელიც არაფორმალური მეთოდებით მართავს სასამართლოს. ისინი უკავშირდებიან ერთმანეთს, შემდეგ მოსამართლეებს და ასრულებენ გარედან მიღებულ შეკვეთებს.

არ დაგვავიწყდეს ამ სისტემაში კუბლაშვილის როლი. ჩემი ინფორმაციით, ის საქმეების გარიგების პირდაპირ კომუნიკაციაში არ იყო ჩართული, თუმცა კლანთან თანამშრომლობდა.

- ჩინჩალაძე მოსამართლეებს პირადად უკავშირდება? - ადეიშვილს კავშირი ჰქონდა ჩინჩალაძესთან და შემდეგ მისი მეშვეობით სასამართლოს თავმჯდომარეებს უკავშირდებოდა; ანუ ჩინჩალაძე იყო სისტემაში მთავარი კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების მორჩილებასა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას.

- "ოცნების" მთავრობიდან ადეიშვილი ვინ ჩაანაცვლა? - 2012 წელს ეს ჯაჭვი გაწყდა, რადგან ადეიშვილი აღარ იყო იუსტიციის მინისტრი, "ოცნებას" კი სასამართლოზე ზეგავლენა აღარ ჰქონდა. შესაბამისად, მმართველი კლანი დაორგანიზდა და 2013 წელს ხელისუფლებას პირველი ბრძოლა მოუგო. კერძოდ, ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, სადაც ყველა სამოსამართლო პოსტი კლანმა ჩაიგდო ხელში. ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლების საკანონმდებლო ჭიდილი კლანთან. მათ შორის იყო ინიციატივა, რომ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ მაღალჩინოსნების საქმეები, რადგან მოსამართლეებს არ ენდობოდნენ. ასევე წარმოდგენილი იყო კანონპროექტი, რომლითაც სასამართლოს თავმჯდომარეებს ვადამდე უნდა შესწყვეტოდათ უფლებამოსილება და ახალი თავმჯდომარეები თავად მოსამართლეებს აერჩიათ.

2015 წელს, როდესაც ნინო გვენეტაძე მოვიდა, მას "აწყობილი" სისტემა დახვდა, დალაგებული ძალთა ბალანსითა და სტრუქტურებით.

- კლანს ყველა მოსამართლე ემორჩილება? - 2012 წლიდან სასამართლოს გამოეყო დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფი და შეიქმნა "მოსამართლეთა ერთობა", მაგრამ როგორც კი კლანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ორჯერ გაიმარჯვა, "მოსამართლეთა ერთობა" შემცირდა და მერე საერთოდ გაქრა. აღარც ერთი მოსამართლე ამ ალტერნატიულ ასოციაციაში აღარ არის. შესაბამისად, გვენეტაძეს შიდა კომუნიკაციით აწყობილი სისტემა დახვდა. შემდეგ კლანის ხელმძღვანელები, მურუსიძე და ჩინჩალაძე, გავიდნენ კავშირზე ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ პირებთან.

- კონკრეტულად, ვისთან? - სავარაუდოდ, ვანო ზარდიაშვილსა და მამუკა მდინარაძესთან. ჩანს, ზარდიაშვილი შემაერთებელი რგოლია, სწორედ ამიტომ მოიპოვა ასეთი გავლენა "ოცნებაში". მან სასამართლოზე აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ სასამართლოს დაალაგებდა.

- ანუ ადეიშვილი ზარდიაშვილმა ჩაანაცვლა? - შეიძლება ასეც ითქვას, ოღონდ მცირე განსხვავებით - ადეიშვილი უფრო დიქტატორი იყო, ზარდიაშვილი კი მომლაპარაკებელია.

გვენეტაძის მოსვლის დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ხელისუფლებისა და კლანის მოლაპარაკება. გვენეტაძეს სამოქმედო ტერიტორია ჰქონდა. მან დაიწყო კიდეც მოქმედება სისტემაში გავლენის მოსაპოვებლად, თუმცა არ გამოუვიდა.

- ირაკლი კობახიძე როდის გამოჩნდა აქტიურად მოსამართლეებთან, თუ მანამდე კლანთან ურთიერთობა ზარდიაშვილმა დაალაგა? - შიდა პროცესები არ ვიცი, მაგრამ ჩანს, ეს გუნდი ერთი-ორი წლის წინ შეიკრა. ჩემი აზრით, კობახიძე ამ პროცესებში 2017 წელს ჩაება, როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჩაიბარა.

- გვენეტაძეს ჰქონდა სურვილი, რომ კლანი გაენადგურებინა? - როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრეთ, სქემა ფურცელზე გვქონდა ჩამოწერილი - ანუ ჩინჩალაძეს, ცერცვაძეს, მურუსიძესა და კუბლაშვილს შორის კავშირები და შემდეგ მათი კავშირი ადეიშვილთან. გვენეტაძემ კუბლაშვილის ადგილი ძალიან კარგად იცოდა და ვუთხარი კიდეც, შენ ან კუბლაშვილი გახდები, ან უნდა ებრძოლო კლანს-მეთქი. მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ კუბლაშვილობას აპირებდა, მაგრამ მითხრა, კლანს რომ ვებრძოლო, საქმეს ვერ გავაკეთებო.

- მურუსიძეს, ჩინჩალაძესა და ცერცვაძეს შორის რა კავშირია და როგორ მოხდა მათი დაკავშირება ზარდიაშვილთან? - ცერცვაძეს სასამართლოში თავისი კლანი ჰყავდა. პასუხი შეკითხვაზე, რაში სჭირდებოდა ადეიშვილს სასამართლოში ორი მსხვილი კლანი, მარტივია - ორი დამოუკიდებელი წყაროდან უნდა მიეღო ინფორმაცია და ისინი ერთმანეთის მეშვეობით ეკონტროლებინა.

- როგორც ვიცი, ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი ერთმანეთის ნათელ-მირონები არიან. 2017 წელს ცერცვაძემ დატოვა სასამართლო და მისი მხარდამჭერებიც ჩინჩალაძის კლანს შეუერთდნენ. - ჩვენ კლანის წინააღმდეგ გარკვეული ზომები მივიღეთ. მათი ფუნქციების შემცირებისთვის ზოგიერთი პროექტი კანონად ვაქციეთ, ნაწილი ვერ განვახორციელეთ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელიც სასამართლოში შეიქმნა, ჩვენი ერთობლივი ინიციატივა იყო. ინსპექტორის სამსახურის მიზანი გახლდათ მურუსიძისგან დისციპლინური ფუნქციის ჩამოცილება. ასევე შევქმენით მენეჯმენტის დეპარტამენტი და მას ჩამოვართვით მენეჯერული ზედამხედველობის ფუნქცია. ესეც კანონში ჩავწერეთ.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წევრებს საბჭო ირჩევდა, მაგრამ მაშინ საბჭოში კიდევ იყვნენ დაპირისპირებული ძალები და შეიძლებოდა კლანისგან დამოუკიდებელი პირების არჩევა.

შემდეგ დადგა სასამართლოს თავმჯდომარეების ვადამდე გათავისუფლების საკითხი. ესეც კლანის საწინააღმდეგო ინიციატივა იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრისგან მოდიოდა. თავმჯდომარეების ქსელს თუ დავშლიდით, არსებობდა იმედი, რომ მოსამართლეები შეძლებდნენ თვითმყოფადი, თავისუფალი ადამიანების დანიშვნას, რომლებიც ქვემოდან ზემოთ მიიღებდნენ ძალაუფლებას. თავიდან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ამ პროექტის მიმართ და ეს იუსტიციის სამინისტროსაც ვუთხარით, მაგრამ სამინისტრო ამას კატეგორიულად ითხოვდა. მოკლედ, თავმჯდომარეების ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის მომხრე იუსტიციის სამინისტრო იყო, ამიტომ ჩვენც დავეთანხმეთ. შემდეგ ნინო გვენეტაძე აქტიურად ცდილობდა მოსამართლეთა კორპუსის დარწმუნებას, რომ მოქმედ თავმჯდომარეებს უფლებამოსილება შესწყვეტოდათ, მაგრამ ამას მოსამართლეთა კორპუსი და საბჭო ეწინააღმდეგებოდნენ.

2015 წლის ბოლოს კი გვენეტაძე ამბობდა, მითხრეს, ამ საკითხში უკან დაიხიეო; ანუ მთავრობიდან მოვიდა თხოვნა, რომ უკან დაგვეხია, არადა, ეს პრინციპული საკითხი იყო. მაშინ ნინოს ვუთხარი, რომ ამას მოჰყვებოდა შემდგომი დათმობები, შემოტევები და ა.შ. სამწუხაროდ, მან მაინც უკან დაიხია და ეს იყო პირველი აშკარა მარცხი კლანთან ბრძოლაში, რასაც მოჰყვა კლანის გამარჯვება.

- რატომ დათმო გვენეტაძემ? - შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა. როგორც ჩანს, ამ დროს ხელისუფლებამ დაასრულა კლანთან მოლაპარაკება, გაარკვია ყველა საკითხი და გვენეტაძეს უთხრეს, შენ ხელს გვიშლი მოლაპარაკებაში, ამიტომაც განზე გადექიო.

გვენეტაძეს მაინც იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა თავისი მისიის შესრულებას და კლანთან სხვა მეთოდებით გამკლავებას, მაგრამ... 2016 წლის იანვარში წამოვედი - მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება გავაპროტესტე და ეს ვუთხარი კიდეც.

- მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გვენეტაძემ მიიღო თუ კლანის დირექტივა იყო? - გვენეტაძემ თქვა, ახვლედიანი უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულიაო. სიმართლე გითხრათ, თვითონაც ანტიპათიურად იყო განწყობილი და, ალბათ, სიამოვნებით დაეთანხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

- რატომ? - ალბათ, ძველი ურთიერთობის გამო - როცა გვენეტაძე გაათავისუფლეს, ახვლედიანი იყო უზენაეს სასამართლოში და მხარს უჭერდა კუბლაშვილს...

გვენეტაძე აპირებდა ჩინჩალაძეზე დისციპლინური დევნის დაწყებას და მთხოვა, მომემზადებინა დასკვნა, რაც არ ვურჩიე, რადგან ჩინჩალაძეს ეწურებოდა უფლებამოსილების ვადა, ამასთან, მოსამართლეების უმრავლესობა მას მხარს უჭერდა და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. მერე ვინანე, მას რომ დევნა დაეწყო, ისტორიას მაინც დარჩებოდა...

შეხვედრებზე გვენეტაძე ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა. ცდილობდა, გაეტანა ის იდეები და ინიციატივები, რაც ჰქონდა. განსაკუთრებით დიდი დაპირისპირება მოსამართლეთა კორპუსთან იყო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამო, თუმცა გვენეტაძემ ეს საკითხი მაინც გაიტანა, მაგრამ ინსპექტორი მისგან დამოუკიდებლად დანიშნეს, ანუ გვენეტაძემ ვერ მოახდინა გავლენა დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევაზე. გვენეტაძეს საბჭოში კამათსა და დაპირისპირებაში უწევდა მუშაობა. ერთხელ მითხრა, შენ რომ აქ ზიხარ და მაქეზებ, შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას, რომ ვიჩხუბო და მერე ვიღაცამ ხელი შემომარტყას, რა გავაკეთოო?

- რეალურად იყო ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე? - ვერ გეტყვით. მაშინ ეს შეკითხვა დამისვა და ვერაფერი ვუპასუხე. გვენეტაძეს ჰყავდა პირადი დაცვა, რომელსაც ასეთ შემთხვევაში უნდა მიეღო ზომები...

- 2016 წელს, ახალი საბჭოს არჩევისას, რა ხდებოდა სასამართლოში? - 2016 წელს ჩინჩალაძემ მოახერხა 100%-იანი სიზუსტით დაეკომპლექტებინა მოსამართლეთა შემადგენლობა და ყველა თავისი კადრი გაიყვანა. დამატებით გაიყვანა 3 პირი, რომლებიც მასთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. რაც შეეხება მეოთხეს, ანუ ირმა გელაშვილს, დღემდე დავის საგანია, რამდენად აფილირებულია კლანთან.

- რატომ დატოვა გვენეტაძემ თანამდებობა ასე მოულოდნელად? - არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ნინო გვენეტაძეს აქვს თავისი პრინციპები და მორალური ზღვარი. როგორც ჩანს, კლანთან თანამშრომლობით რაღაც ზღვრამდე მივიდა და ვეღარ გადააბიჯა.

- იქნებ დაატოვებინეს? - ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კლანისთვის ცუდ დროს დატოვა თანამდებობა და პრეზიდენტს მისცა შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარედგინა ახალი კანდიდატი. თუმცა პრეზიდენტმა ეს ვერ გამოიყენა. გვენეტაძის წასვლა კლანის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ცოტა გვიან გაუშვებდნენ. ვფიქრობ, მისი წასვლა სასამართლოში არსებულ ვითარებაზე პროტესტი იყო, რაც გადადგომით გამოხატა.

- გადადგომის შემდგომ რატომ დადიოდა კიდევ სასამართლოში, თანაც ღამით? - ეს მეც გამიგია, თუმცა მიზეზი არ ვიცი, ალბათ, საქმეების გადასაბარებლად.

ნინო გვენეტაძეს ეცოდინება ძალიან ბევრი რამ, თუ როგორ ახდენს ეს კლანი ზეგავლენას მოსამართლეებზე, როგორ ურთიერთობს ხელისუფლებასთან, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს და ა.შ.

- მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა, გიცდიათ შეხვედრა და საუბარი? - შევეხმიანე და ვცადე, შევხვედროდი, მაგრამ მან თავი შეიკავა...

- რაში ხედავთ გამოსავალს? - პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ სასამართლოს კლანი მართავს. შემდეგ კლანმა უნდა დატოვოს სასამართლო და იუსტიციის საბჭოც დაიშალოს. ამ ყველაფერს პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელსაც ხელისუფლება არ იჩენს. იუსტიციის საბჭოს დაშლა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა იქნება.

- გვენეტაძეს კონკრეტულ საქმეებზე ჰქონია მთავრობის დირექტივა? - ჩემს დროს ასეთი საქმეები არ განუხილავს და ვერ გეტყვით.