"ნაცმოძრაობასთანაც" ვითანამშრომლებ" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობასთანაც" ვითანამშრომლებ"

"მე არავისთვის მიღალატია, პირნათელი ვარ გარდაცვლილების ოჯახის წინაშე"

"თავისუფალი დემოკრატებისა" და "ევროპული საქართველოს" ბლოკს შესაძლოა "ნაცმოძრაობაც" შეუერთდეს. ყოველ შემთხვევაში, სამ ოპოზიციურ ძალასთან შეთანხმება მიღწეულია და შუალედურ არჩევნებში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კანდიდატებს არ წარადგენენ. რატომ გადაწყვიტა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე თავად განმარტავს:

- "ევროპულ საქართველოსთან" ერთად შევქმენით საარჩევნო ბლოკი მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისთვის. ეს ბლოკი კანდიდატად მე მასახელებს.

- რატომ "ევროპული საქართველო"? - იმიტომ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ღირებულებითი თანხვედრა, ორივეს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავლისთვის სასიკეთო მხოლოდ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაა. ორივესთვის მიუღებელია ავტორიტარული მმართველობა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა. ამიტომ შევქმენით კოალიცია.

- ეს არის ძალა, რომელსაც იმ ღირებულებების უგულებელყოფაში ადანაშაულებდით, რაშიც ახლა თანხვედრას ხედავთ. - თანამშრომლობისთვის ეს არ არის ხელის შემშლელი. უნდა ვთქვათ უარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე. 30 წელია მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ყველა წინა ხელისუფლებისგან მტრის ხატს ვქმნით და ეს უნდა დასრულდეს.

არ შეიძლება მტრად მიიჩნიო ოპონენტი და კონკურენტი პოლიტიკური ძალები. ეს უნდა ჩვენს საერთო მტერს, რომელიც ძალიან ძლიერია.

- მაგრამ ეს არის ძალა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ეკისრება პასუხისმგებლობა გირგვლიანის, მოლაშვილისა და სხვათა მკვლელობის საქმეზე. - მაშინ მე ირინა ენუქიძესა და სხვებს ვიცავდი მაშინდელი ხელისუფლების უსამართლობისგან. სასამართლოს ხელისუფლება აკონტროლებდა და დღესაც ასეა - "ოცნებამ" კიდევ უფრო გაამყარა მმართველი ძალის კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე. მეტიც, სწორედ იმ მოსამართლეებს, რომელთა ხელითაც "ნაცმოძრაობა" აკონტროლებდა სასამართლოს, ფაქტობრივად, ჩააბარა სისტემა.

ირინა ენუქიძე ამბობდა, ჩემს შვილს ვეღარ გავაცოცხლებ და თქვენს შვილებსაც იგივე რომ არ დაემართოთ, იმიტომ ვიბრძვიო. როცა ადვოკატი ვიყავი, როგორც შემეძლო, ისე ვიბრძოდი. ახლა, როცა პოლიტიკოსი ვარ, ისევ სამართლიანობისთვის უნდა ვიბრძოლო, ოღონდ პოლიტიკური გზებით, მაგრამ ამას მარტო ვერ შევძლებ, ამიტომ პარტნიორები უნდა ვეძებო და ასეთი არის ის, ვინც აღიარებს, რომ სასამართლოს აკონტროლებდნენ და შეცდომა დაუშვეს გირგვლიანის საქმეში.

- რამდენად სწორად იქცევით მოლაშვილისა და გირგვლიანის ოჯახებთან? - ირინა ენუქიძე სხვისი შვილების გადასარჩენად იბრძოდა... ახლა გვყავს სარალიძე, მაჩალიკაშვილი და კიდევ ბევრი დაზარალებული ოჯახი, მივიღეთ ახალი უსამართლო საქმეები და გატანჯული საზოგადოება.

მე არავის და არაფრისთვის მიღალატია, როგორც ვიბრძოდი, ისევე ვიბრძვი. პირნათელი ვარ გარდაცვლილების ოჯახების წინაშე, ვის ინტერესებსაც ვიცავდი...

როგორც ვიცი, გირგვლიანის საქმეზე ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს აქვთ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. სამართალმა განსაჯოს, თუ ვინმემ რამე დააშავა. თუ პოლიტიკურმა ძალამ დააშავა, მაშინ მას პოლიტიკური ფასი უნდა გადაეხადა და გადაიხადა კიდეც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პარტიაში შემავალ ყოველ წევრთან არ უნდა ვითანამშრომლოთ.

- "ევროპული საქართველო" ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. თქვენც ეთანხმებით? - ამის საფუძველი "ევროპულ საქართველოს" "ოცნების" ავტორიტარულმა მმართველობამ მისცა. ხელისუფლებამ მოახერხა და პატიმარ მერაბიშვილს დაურღვია ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლება...

- "ნაცმოძრაობასთანაც" ითანამშრომლებთ? - ჩვენი ქვეყანა უნდა მოწყდეს რუსეთის გეოპოლიტიკურ არეალს და სრული ინტეგრირება მოახდინოს ევროპის სივრცეში. ამიტომ ვითანამშრომლებთ პროდასავლური ორიენტაციის ძალებთან. "ნაცმოძრაობასთან" ვითანამშრომლებ შუალედური არჩევნების საკითხზე მთაწმინდის ოლქში. ისინი ჩემს საწინააღმდეგოდ კანდიდატს არ წარადგენენ და ჩვენ მათ საწინააღმდეგოდ ზუგდიდში არ წარვადგენთ კანდიდატს.

- ეს თანამშრომლობა თქვენს პოლიტიკურ მომავალს საფრთხეს არ შეუქმნის? - ჩვენ თუ ერთმანეთთან მისასვლელი გზები არ გამოვიყენეთ და არ გავერთიანდით, მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. თუ დავიქსაქსეთ, გემრიელად ჩასაყლაპი ლუკმა ვიქნებით მტრისთვის.