"ახლა ისეთი პარადოქსული­ ვითარებაა, შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი გაერთიანებები ვნახოთ" - კვირის პალიტრა

"ახლა ისეთი პარადოქსული­ ვითარებაა, შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი გაერთიანებები ვნახოთ"

2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციურ ველზე მორიგი გადაჯგუფება დაიწყო. რა შეიძლება დაუპირისპიროს "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის საარჩევნო ბლოკებს, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

- მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძის კანდიდატის წარდგენა, ვფიქრობ, ელექტორალურ დისონანსს შექმნის - შავგულიძის ამომრჩეველი ვერ იქნება "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველი და პირიქით... პარტიული თვალსაზრისით კი ამ პარტიების გაერთიანება მეტ-ნაკლებად პერსპექტიულია. "ევროპული საქართველო" "ნაცმოძრაობასთან" ასოცირდება და ამისგან გამიჯვნას ცდილობენ. ამიტომ "თავისუფალ დემოკრატებთან" გაერთიანება მოუმატებს შესაძლებლობას წინა ხელისუფლების ფაქტორებისგან დისტანცირებისთვის. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ის დასუსტდა - ლიდერი წავიდა, სხვა ლიდერები ხელისუფლებაში გადანაწილდნენ, ამიტომ ძლიერ პარტიასთან გაერთიანებამ შეიძლება მეტი სიცოცხლე შესძინოს.

- მოსალოდნელია წინასაარჩევნოდ ანალოგიური ბლოკებისა თუ პარტიების შექმნა? - ერთ მაგიდასთან შეკრებილი ისეთი პოლიტიკოსები ვნახე, არ ვიცი, რა გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს კრიზისი აქვთ და ხელოვნურ, დროებით მეტ-ნაკლებად ორგანულ გაერთიანებებს ეძებენ.

ახლა ისეთი პარადოქსული ვითარებაა, შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი გაერთიანებები ვიხილოთ. ვნახეთ კიდეც, მაგალითად, რესპუბლიკელები""ნაცმოძრაობასთან". ოპოზიცია ცდილობს ძველი ფორმულით იმოქმედოს: "ყველა ერთის წინააღმდეგ".

- ანუ შეიძლება "ოცნების" წინააღმდეგ ყველა გაერთიანდეს? - უმეტესობა შეეცდება. რაღაცებში, თუნდაც სასამართლოს საკითხზე, შეიძლება შეთანხმდნენ და გაერთიანდნენ, მაგრამ როცა საქმე ოფიციალურ სტატუსამდე და შემდგომ კი საარჩევნო სიაში ადგილებამდე მივა, პრობლემები გაჩნდება.

- პატარ-პატარა კოალიციები თუ შეძლებენ "ოცნებასთან" ოპონირებას? - დღეს ამის პერსპექტივა ნაკლებია. "ოცნება" იგებს ორი ფაქტორით: რესურსებითა და წინა ხელისუფლების ფონით, რომელიც დღემდე მოქმედებს. ამასთან, მისი დიდი პროპაგანდისტული მანქანა პირთა დისკრედიტაციას ემსახურება. ამ შეტევებში შეიძლება ახალი პირებიც მოყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებას" ელექტორატი, პრაქტიკულად, არ ჰყავს, ამ ეტაპზე მაინც გამარჯვებულია რესურსების წყალობით...

ოპოზიციამ შეიძლება აქა-იქ მცირე დოზით რაღაც შედეგი მიიღოს, მაგრამ 2020 წლის არჩევნებში 3%-იანი ბარიერი ხაფანგია პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

ჰგონიათ, 3%-იანი ბარიერის გადალახვა ადვილი იქნება, მაგრამ პოლიტიკურ ბაზარს საბაზრო ეკონომიკის პრინციპით რომ მივუდგეთ, ვნახავთ, რომ რაც უფრო გაჯერდება ბაზარი პარტიებითა და სუბიექტებით, რომლებსაც ჰგონიათ, 3%-იან ბარიერს როგორღაც გადაახტებიან, ნაკლები მხარდამჭერი შეხვდებათ...

ოპოზიციის მცდელობას, მოიკრიბოს ძალა, "ოცნება" შეიძლება განახლების ეფექტით დაუპირისპირდეს. თუმცა მმართველ პარტიაში არსებული დომინანტი ჯგუფით ეს ვერ წარმომიდგენია. თუ ამ ჯგუფს გაუშვებენ, შეიძლება პერსპექტივა გაიზარდოს. თუ ამ ჯგუფთან ერთად გაიზარდა პერსპექტივა, ეს მხოლოდ რესურსების დამსახურება იქნება. საპრეზიდენტო არჩევნები ამის მარტივი ინდიკატორი იყო: ზურაბიშვილს ამომრჩეველი ძალიან ცოტა ჰყავდა, მაგრამ რესურსებით მოხერხდა მისი გამარჯვება.

- ანუ "ოცნება" რესურსებს გააორმაგებს? - რა თქმა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ძალოვანი სტრუქტურებია. ამას მოსდევს პოლიტიკური, პროპაგანდისტული და ფინანსური რესურსები... რესურსები და დისკრედიტაციის დიდი კამპანია - ეს არის ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" გამარჯვების შესაძლებლობა.

- ანუ 2020 წლის არჩევნებშიც იქნება ბრძოლა დისკრედიტაციითა და შავი პიარით? - ბევრად უარესს ველოდები. საპრეზიდენტო არჩევნების გამო "ოცნება" საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მკაცრად გააკრიტიკა, ამიტომ შეიძლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების დოზა შეამციროს და იატაკქვეშეთში გაძლიერდეს ტროლების მეშვეობით. ვფიქრობ, ადმინისტრაციულზე მეტად, სწორედ იატაკქვეშა პროპაგანდისტულ რესურსებს გაზრდის.

არავის აქვს ილუზია, რომ დარჩენილ დროში პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, სამუშაო ადგილები შეიქმნება და ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ამიტომ გამოსავლად კვლავ ტრადიციული პროპაგანდისტული გზა რჩება.