"საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი" - კვირის პალიტრა

"საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი"

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24 მარტს ეწვია. დღეს დილიდან კი დაიწყო ოფიციალური შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან.

"საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება", - ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ნატოსთვის პრინციპულია, რომ ყველა ერს გააჩნია გადაწყვეტილების თავისუფლება. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ვერავინ მიიღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებას. ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. როცა ჩვენ მზად ვიქნებით საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გადასაწყვეტია ნატოსი და საქართველოსი და არც ერთი სხვა სახელმწიფოსი", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა საქართველომ განახორციელოს რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის და მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატო-ს სტანდარტები იმისთვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მოუწოდებს რუსეთს გაიწვიოს აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს. ამიტომ ვაძლიერებთ ურთიერთობას საქართველოს და ნატო-ს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება - სამხედრო ძალები საზღვრებზე, საზღვაო აკვატორიაში. ჩვენ ვნახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო უცილობლად გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენმდივნის თქმით, ნატო-ს ინტერესები შავ ზღვაზე გაზრდილია.

"ნატო-სთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა ყირიმის ანექსიის დროს, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდებია განლაგებული და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბრები. ჩვენ უფრო მეტი საზღავო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. პრინციპში, ჩვენი, ნატო-ს ორი ხომალდია შავი ზღვის ეკვატორიაში. ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს რამდენიმე ხომალდი მონაწილეობდა "პოსეიდონის" სწავლებაში იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განაღმვა მოხდეს შავი ზღვის აკვატორიაში. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, რომლებიც რა თქმა უნდა, შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში, შეიძლება ითქვას, გაზრდილია ჩვენი აქცენტები შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსთან ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები, რასაც ვხედავთ, იყოს დაძლეული. თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატო-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთგულება იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი.

"ჩვენ ამავე დროს განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, იმ ძალიან მტკივნეულ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო და ამავე დროს განვიხილეთ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

როგორც ბახტაძემ განმარტა, ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით