ნატო-ს გენმდივანი: "ჩვენ ვეწინააღმდეგებით "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას" - კვირის პალიტრა

ნატო-ს გენმდივანი: "ჩვენ ვეწინააღმდეგებით "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას"

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ აკეთებთ რეფორმების განხორციელების კუთხით. საქართველო მიდის ნატო-ს წევრობისკენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი და ის ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"ქალბატონო პრეზიდენტო, მიხარია, რომ დავბრუნდი და კვლავ შეგხვდით ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ თბილისში, რაც იმის მაჩვენებლია რაოდენ ძლიერია ურთიერთობები საქართველოს და ნატო-ს შორის. საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი. მე, რასაკვირველია, ვესტუმრები ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს, ნატო მუდმივად თანამშრომლობაში იქნება თქვენთან და მადლობლები ვართ იმის გამო, რომ საქართველო იღებს ესოდენ მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით- საქართველოს მისია ავღანეთში და ჩვენი ერთობლივი მუშაობით ვაძლიერებთ ნატო-ს უსაფრთხოებას, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას და ეს ყოველივე როგორც ნატო-ს, ასევე საქართველოს ინტერესებში შედის. საქართველო უნიკალური პარტნიორია და მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ აკეთებთ რეფორმების განხორციელების კუთხით, საქართველო აგრძელებს ამ ნაბიჯების განხორციელებას. საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა, ჩვენი მოკავშირეობისთვის, წევრობისთვის. ბუქარესტში გამოცხადდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გასული წლის ივლისშიც ნატო-ს სამიტზეც იქნა ეს დადასტურებული, რომ საქართველო მიდის წევრობისკენ. ჩვენ ასევე ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მხარს ვუჭერთ მას. "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის დამოუკიდებლად გამოცხადებას ჩვენ ვეწინააღმდეგებით",- განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთანაც.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს 24 მარტს ეწვია, ვიზიტი დღეს დასრულდება.

იხილეთ ასევე: "საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი"

"ინტერპრესნიუსი"