"სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ" - რას პასუხობს ბესელია კობახიძეს? - კვირის პალიტრა

"სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ" - რას პასუხობს ბესელია კობახიძეს?

ეკა ბესელიას ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს არ არის ირონიით ნათქვამი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკა ბესელიამ დაკარგა მისთვის მთავარი პრიორიტეტი - ძალაუფლება.

"ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა. ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის. ეს არ არის ირონიით ნათქვამი. მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ დახმარება და თანადგომა. მას ცხოვრებაში აქვს თავისი პრიორიტეტები. ეს არის პირველ რიგში, ძალაუფლება და მან დაკარგა ის მთავარი, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს, ტანდემშია "რუსთავი2"-თან. ჩვენ არაერთი გადაცემა ვნახეთ, რომელიც ერთად მოამზადეს და ეს ბუნებრივია, ძალიან მარტივი შეცდომებია, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან თვალსაჩინოა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებას ეკა ბესელია გამოეხმაურა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მწვავედ დგას და აღნიშნავს, რომ ის თანამდებობის შენარჩუნების მიზნით გაურიგდა, როგორც ყოფილ ხელისუფლებას, ასევე წინა რეჟიმის ჯალათებს.

"კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს, არამარტო "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" გაუწოდა ხელი, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც ბოლომდე გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროდ მივიღებ. დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა დარჩენილია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"