"პუტინი დაიმუქრა, - თუ მიხეილ სააკაშვილი რამეს დაიწყებს, მას უკვე ჩვენ დავამთავრებთო", - რას იხსენებს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში უილიამ ბერნსი? - კვირის პალიტრა

"პუტინი დაიმუქრა, - თუ მიხეილ სააკაშვილი რამეს დაიწყებს, მას უკვე ჩვენ დავამთავრებთო", - რას იხსენებს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში უილიამ ბერნსი?

ამერიკულ გამოცემაში «The Atlantic» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "როგორ გაფუჭდა ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის". აშშ-ის ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი - უილიამ ბერნსი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში 2005-2008 წლებში - მსჯელობს იმაზე, თუ რატომ გაუარესდა ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში რუსეთში უკანონობა მეფობდა, ხოლო არაკომპენეტენტური პრეზიდენტი ბორის ელცინი დასავლეთს უფლებას აძლევდა, რომ რუსეთის სისუსტით ესარგებლა. თავის მხრივ, პრეზიდენტი ბილ კლინტონი შექმნილ ვითარებას მშვენივრად იყენებდა. შემდეგ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი გახდა და ბარაკ ობამასთან მისი ხანმოკლე პარტნიორობა წყენა-უნდობლობით შეიცვალა. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი მემუარულ-ანალიტიკური სტატიიდან:

"ვლადიმირ პუტინმა კრემლში მისვლისთანავე ჯორჯ ბუშთან პარტნიორობის ერთგვარი ტესტირება მოახდინა - ისე, როგორც მის ხედვებს შეესაბამებოდა, რუსეთის ინტერესებისა და პრივილეგიების გათვალისწინებით. 2001 წლის სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ვლადიმირ პუტინი შეერთებულ შტატებს სთავაზობდა ტერორიზმთან ბრძოლაში ძალების გაერთიანებას, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის განსაკუთრებული გავლენისა და როლის აღიარების სანაცვლოდ, აგრეთვე იმ პირობით, რომ ნატოში ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გაწევრების შემდეგ დასავლეთი აღარაფერს არ მოითხოვდა და რუსეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. მაგრამ ასეთი გარიგების დადება შეუძლებელი იყო: ვლადიმირ პუტინმა თავიდანვე არასწორად, თავისებურად გაიგო აშშ-ის ინტერესების და პოლიტიკის არსი - ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას რუსეთისათვის არაფრის დათმობის სურვილი არ სურდა, თუნდაც "ალ-ქაიდასთან" ბრძოლაში დახმარებისათვის. ჯორჯ ბუში არ იყო იმ განწყობაზე, რომ სუსტ სახელმწიფოსთან კომპრომისებზე წასულიყო.

ვლადიმირ პუტინი და ჯორჯ ბუში

მოგვიანებით კი უკვე თვითონ ვლადიმირ პუტინმაც "გადახრა-გადაღუნვები" დაიწყო და სიტუაცია უფრო გაუარესდა. რუსეთში კორუფცია გაფართოვდა, პრეზიდენტი თავის გარემოცვას უკანონო გამდიდრების საშუალებას აძლევდა. პარალელურად გაძლიერდა მისი ეჭვები აშშ-ის განზრახვების მიმართ. "ვლადიმირ პუტინი დემოკრატი არასოდეს არ ყოფილა, საჯაროობა და პოლიტიკური კონკურენცია მას დისკომფორტს უქმნის", - ვწერდი მე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისათვის გაგზავნილ ტელეგრამაში. როგორც ჩანდა, ამერიკული დემოკრატია ვლადიმირ პუტინისათვის "ტროას ცხენის" როლს ასრულებდა, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის გავლენის სფეროების შეზღუდვის მიზნით იყენებდა. ვლადიმირ პუტინი მიიჩნევდა, რომ რუსეთს როგორც დიდ სახელმწიფოს, უფლება აქვს თავისი გავლენის სფეროები ჰქონდესო. როცა საქართველოში "ვარდების რევოლუციისა" და უკრაინაში "ნარინჯის რევოლუციის" შედეგად პრორუსი ლიდერების ხელისუფლება დაემხო, ვლადიმირ პუტინის ნერვიულობა უფრო გაძლიერდა.

2006 წლის ოქტომბერში მე კონდოლიზა რაისთან ერთად ვმონაწილეობდი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაში, მოსკოვის ახლოს მდებარე მის რეზიდენციაში. რუსეთის პრეზიდენტმა სამი საათი გვალოდინა - ეს მისი სტანდარტული ხრიკი იყო, რომლითაც იგი სარგებლობდა ხოლმე, როცა უცხოელი ლიდერების წონასწორობიდან გამოყვანა და მათი დამცირება სურდა.

კონდოლიზა რაისი ვლადიმირ პუტინს მოთმინებით ელოდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ტელევიზორში სპორტულ არხს უყურებდა: მას რაიმე უკმაყოფილობის ან გაღიზიანების ნიშანი არ გამოუმჟღავნებია. ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთის პრეზიდენტი გამოჩნდა და ყურადღება დაგვითმო. საუბარი მშვიდად მიმდინარეობდა მანამდე, ვიდრე კონდოლიზა რაისი არ შეეხო რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, მოსკოვ- თბილისს შორის დაძაბულობის ზრდასა და პრონატოურ-პროდასავლელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ისევე როგორც რუსული პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი, ვლადიმირ პუტინიც ელოდა პატივისცემას თავისი პატარა მეზობლების მხრიდან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ურყევი იყო. კონდოლიზა რაისი და მიხეილ სააკაშვილი

ვლადიმირ პუტინიდან მომდინარე "შიშისმომგვრელი აურა" მისი თავშეკავებული მანერებით, დაყენებული ხმითა და დაჟინებული მზერით ყალიბდება. როცა მას საკუთარი თვალსაზრისის დამტკიცება სურს, იგი უფრო გამოცოცხლდება ხოლმე: თვალებს აელვარებს და ხმას უწევს.

როცა მის რეზიდენციაში ანთებულ ბუხართან ვიდექით, ვლადიმირ პუტინი თითით დაიმუქრა და გაგვაფრთხილა, - თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმეს დაიწყებს, მას უკვე ჩვენ დავამთავრებთო. მის გვერდით მდგომი კონდოლიზა რაისი თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წყალობით ვლადიმირ პუტინზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი ჩანდა და ის, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნისათვის დაბლიდან ყურება უწევდა, ვლადიმირ პუტინის განწყობას უფრო აუარესებდა.

"მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მარიონეტია ამერიკის შეერთებული შტატების ხელში", - მკვახედ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, - "თქვენ ძაფების დამოკლება მისი მოქმედების შეზღუდვა მოგიწევთ, ვიდრე პრობლემა არ გაჩენილა". ბუხართან დაწყებული შეხლა-შემოხლა მალევე შეწყდა, მაგრამ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან და უკრაინასთან არ გაუმჯობესებულა. ვლადიმირ პუტინი ზეწოლას აგრძელებდა.

რადგანაც ვღელავდი, როგორ რეაგირებას მოახდენდა ვლადიმირ პუტინი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის განზრახვის მიმართ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიწვევის თაობაზე, გადავწყვიტე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გამეფრთხილებინა.

2008 წლის თებერვლის ერთ სევდისმომგვრელ დღეს, როცა მოსკოვში განუწყვეტლად თოვდა და სარკმლის მიღმა მსხვილი ფანტელები ცვიოდა, სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სახელზე გრძელი წერილი დავწერე და ხაზი გავუსვი, რომ ვლადიმირ პუტინი სერიოზულ გამოწვევად ჩათვლის აშშ-ის ყოველ მოქმედებას, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრებასთან იქნება დაკავშირებული. "დღეს რუსეთს უკვე შეუძლია პასუხის გაცემა, - ვწერდი, - ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის მიმართ ვლადიმირ პუტინისათვის კარგი საბაბი იქნება ყირიმისა და დონბასის საქმეეში ჩარევისათვის. ასევე ძალიან მაღალია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის წარმოქმნაც".

ამ წერილიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვლადიმირ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნამდვილად გაჩნდა კონფლიქტი და... რუსეთი საქართველოში შეიჭრა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ