"რუსებთან ომის თუ არ გეშინიათ, ამ ერთმა სააკაშვილმა როგორ შეგაშინათ?" - კვირის პალიტრა

"რუსებთან ომის თუ არ გეშინიათ, ამ ერთმა სააკაშვილმა როგორ შეგაშინათ?"

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე ნატო-ს წვრთნებში ქართველ მეზღვაურებს გემების აბორდაჟზე აყვანას ასწავლიან. ვისი გემები აგყავთ აბორდაჟზე, რუსების? რუსებთან ომის თუ არ გეშინიათ, ამ ერთმა სააკაშვილმა რით შეგაშინათ? - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და დასძენს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არ არის.

"შეიძლება მთელი ერი ამ ერთი კაცით იყოს შეშინებული? არსად ჩამომსვლელი სააკაშვილი არ არის, ვერ ჩამოვა და რომც ჩამოვიდეს, რა?! პრეზიდენტი გახდება, პრემიერ-მინისტრი გახდება, ქვეყანას კვლავ ხელში აიყვანს თუ რას იზამს? ეს შიში ინერგება ჩვენს მოსახლეობაში იმისთვის, რომ არჩევანი მიშასა და ბიძინას შორის გაკეთდეს, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც პარტიის ლიდერი განმარტავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილს ყველა პოლიტიკური რესურსი ამოეწურება და მისი მილიარდების მიუხედავად, პოლიტიკაში რაიმე ფორმით დარჩენა ძალიან გაუჭირდება.

"2003 წელს ივანიშვილი სააკაშვილს რომ შებრძოლებოდა, თუნდაც თავისი 5 მილიარდით, მოუგებდა? დიდი ალბათობით, ვერა. ვერც 2007 წელს ვერ მოხერხდა ხელისუფლების შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დაეჯახა მაშინ სააკაშვილს და სერიოზულად შეარყია კიდეც, მაგრამ მისი წაქცევა ვერც მაშინ ვერ მოხერხდა. რატომ? იმიტომ, რომ მიუხედავად ხელისუფლების ბევრი და მძიმე შეცდომების თუ დანაშაულებების, პოლიტიკურად სიტუაცია ჯერ მაინც არ იყო მომწიფებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკაში მარტო ფული არ წყვეტს ყველაფერს. ფული მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ თუ მას პოლიტიკური კრიტერიუმები არ შეუწყობს ხელს, მხოლოდ მილიარდებით ვერც ერთი ძალა ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. სწორედ ეს ეტაპი დგას ახლა. დარწმუნებული ვარ, 2020 წელს ბიძინა ივანიშვილს თავისი პოლიტიკური რესურსი იმდენად ამოწურული ექნება, რომ მილიარდების წყალობით პოლიტიკაში, შესაძლოა, რაღაც ფორმით დარჩეს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მას ვერ ექნება", - აღნიშნავს ბურჯანაძე.

"ინტერპრესნიუსი"