" ბიძინა ივანიშვილმა მე, პაპუაშვილს და ქანთარიას გვითხრა..." - ყოფილ პრემიერთან საუბრის რა დეტალებს იხსენებს გედევან ფოფხაძე - კვირის პალიტრა

" ბიძინა ივანიშვილმა მე, პაპუაშვილს და ქანთარიას გვითხრა..." - ყოფილ პრემიერთან საუბრის რა დეტალებს იხსენებს გედევან ფოფხაძე

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისგან ექვსი დეპუტატის გარიცხვაზე ნებართვას ითხოვდა, უმრავლესობიდან გასარიცხ დეპუტატებს შორის იყვნენ ნუკრი ქანთარია და რომან კაკულია, - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის თქმით, ამის შესახებ მას "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თავად უთხრა მანამდე, სანამ ის პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

როგორც გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში 360 გრადუსი" აღნიშნა, კობახიძემ ექვსი წევრის გარიცხვის მიზეზად ბიძინა ივანიშვილს მათი დაუმორჩილებლობა დაუსახელა.

"როცა პირველად იყო ჩვენს შორის გარკვეული კონფლიქტი, ბიძინა ივანიშვილი შეგვხვდა, ჯერ ის პოლიტიკაში არ იყო დაბრუნებული. ეს მაშინ იყო, როცა გვითხრა, რომ მე ვბრუნდები პოლიტიკაში და ვიქნები მედიატორი თქვენს შორისო. სამ დეპუტატს შეგვხვდა მე, ზაზა პაპუაშვილს და ნუკრი ქანთარიას და მაშინ გვითხრა, რომ მე ირაკლი კობახიძემ მთხოვა 6 ადამიანის გარიცხვა, თქვენ ხართ სამი იმ ექვსიდან და თქვენს გარდა მთხოვს, რომ გავრიცხო რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე. რა ხდება, რა გაუგებრობააო. როცა ეს საუბარი შედგა, ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვშფოთდით. როგორია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე მიდის ადამიანთან, რომელსაც არანაირი პოლიტიკური სტატუსი იმ მომენტში არ აქვს და ეუბნება, რომ მომეცი ნება ეს ხალხი გავრიცხო უმრავლესობიდან", - განაცხადა გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე ირაკლი კობახიძის მიერ ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ტონი ადამიანმა ადამიანს არ უნდა აკადროს.

"ეს არის ქილიკის ტონით ნათქვამი მდაბიო შეურაცხყოფა, რომელიც ადამიანმა ადამიანს არ უნდა აკადროს და მერე არ უნდა დავჯდეთ და არ უნდა დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და ანგარიში გავუწიოთ. თუ ასეთი აგდებული ტონით იწყებ ლაპარაკს შენ კოლეგასთან... პირდაპირ ვიტყვი, დათო უსუფაშვილი ამას არ იკადრებდა. მე დათოსთანაც ბევრი განსხვავებული აზრი მქონია, გვიკამათია კიდეც, მაგრამ იყო პარლამენტის თავმჯდომარე, იცოდა თავისი როლი, ბალანსს ყოველთვის იცავდა და კოლეგას მსგავს რაღაცას არ აკადარებდა. რაც დღეს ხდება პარლამენტში, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელი. ამის თანამონაწილე რომ ვარ, ნამდვილად მწყინს,რადგან პარლამენტის თავმჯდომარის ბრალია იმ კონფლიქტების 90 პროცენტი, რომელიც პარლამენტში ხდება. იმის მაგივრად რომ მან შეასრულოს დამაბალანსებელი როლი, მომიტევეთ და "პადჟიგაწელის" როლს ასრულებს. თუ სადმე ნაკვერჩხალს დაინახავს, ნავთით დარბის, რომ ზედ გადაასხას და ცეცხლი ააგუზგუზოს",-აცხადებს გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ვოლკსი ეკა ბესელიას გუნდის რიტორიკას "ნაციონალური მოძრაობის "სტანდარტებს ადარებს. გედევან ფოფხაძის თქმით, პოზიცია, რომ თუ რაღაც არ მოგწონს, მაშინ " ნაციონალი" ხარ, არის სირაქლემას პოზაში ჩადგომა.

"უხერხულია, გასაგებია, რომ ჩემი შეხედულებები არ მოგწონს, მაგრამ ამ ფორმით აიცილო ჩემი არგუმენტები, რომ თქვენ ყველა "ნაციონალები" ხართ ვინც დღეს "ქართულ ოცნებაზე" ცუდს ამბობს, არ ვიცი. გარეთ არ გადის ეს ხალხი, ან მეზობელს არ ელაპარაკება, ან ტაქსში არ ჯდება?! .საზოგადო განწყობა არის ძალიან ნეგატიური სასამართლოების საკითხზე, ყველა ადამიანი, სამეცნიერო, პროფესიული, კერძო სექტორი არის აღშფოთებული და ხედავენ, რომ სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტაბლიშმენტი ვერ ართმევს თავის როლს საზოგადოების წინაშე და ამ ფონზე, რომ შენს ოპონენტზე ამბობს, რომ შენ ხომ "ნაციონალი" ხარ და იმიტომ ლაპარაკობ ამაზე, ეს არის მართლა სირაქლემას პოზაში ჩადგომა. შენ არ გინდა პრობლემებს თვალი გაუსწორო", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ

"ინტერპრესნიუსი"