"წლებია დავდივარ სადეპორტოდან საავადმყოფოში, იქიდან სასამართლოში და ა.შ. ეს გარეწრები კიდევ პატიმრობით მემუქრებიან, შენს თანამემამულეს უცხო ქვეყანაში რად ეხმარებიო?" - კვირის პალიტრა

"წლებია დავდივარ სადეპორტოდან საავადმყოფოში, იქიდან სასამართლოში და ა.შ. ეს გარეწრები კიდევ პატიმრობით მემუქრებიან, შენს თანამემამულეს უცხო ქვეყანაში რად ეხმარებიო?"

"დამნაშავეები თქვენ ხართ, მე თქვენი მსხვერპლი ვარ" - რას ამბობენ ემიგრანტები ემიგრაციის შესაჩერებლად შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე?

"ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება გენოციდს გვიწყობს"- ასე აფასებენ ემიგრანტები და ემიგრაციაში წასვლის მსურველები "ქართული ოცნების" ინიციატივას - სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უკანონო მიგრაციის საკითხს დაარეგულირებს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. წინა წლებთან შედარებით 2018 წელს ეროპაში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 18 პროცენტით გაიზარდა. საერთო ჯამში გასულ წელს ევროკავშირს საქართველოს 20000-მა მოქალაქემ სთხოვა თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობით შეწუხებულმა ევროპელებმა პრობლემის მოგვარება საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ერთადერთ გამოსავლად ვიზალიბერალიზაციის დამრღვევთა და მათ დამხმარეთა სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადება მიიჩნია. ვნახოთ როგორ აფასებენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ემიგრანტები.

თამარ გეთიაშვილი, რომი: - შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შიმშილისთვის, სიღატაკისთვის გაგვიმეტა, გენოციდი გამოგვიცხადა. თავად არ აქვთ იმის შნო, რომ ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეგვიქმნან, ღირსეული ცხოვრების საშუალება მოგვცენ და სხვაგან გაქცევის, თავის გადარჩენის საშუალებასაც გვისპობენ?! მე მესმის ევროპელი ლიდერების, როდესაც ისინი, შეწუხებულნი არიან, სხვა ქვეყნებიდან შემოსული თავშესაფრის მაძიებლებით, ისინი თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ხალხს უფრთხილდებიან, მაგრამ არ მესმის ჩვენი ხელისუფლების, რომელიც საკუთარ ხალხს არსებობის ყველა საშაულებას უსპობს. წარმოიდგინეთ, ყველა ემიგრანტი, ვინც ევროპაში არალეგალურად ცხოვრობს საქართველოში რომ დაბრუნდეს, რა მოხდება? თოთოეული ჩვენთაგანი საქართველოში ორ, სამ და ზოგჯერ მეტ ოჯახს არჩენს. რას უპირებენ ამდენ მშიერს ხალხს? ჩვენმა მინისტრებმა ზღაპრების მოყოლას (რომ ვითომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის და ხალხს ეჩვენება, თორემ სინამდვილეში სულაც არ შიმშილობს) თავი დაანებონ, რეალურად იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე, სამუშაო ადგილები შექნან, მართლა მისცენ ხალხს 1200-ლარიანი ხელფასები და სულ არ დაგვჭირდება სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადება, ჩვენი ნებით, სიხარულით დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, შვილებთან და შვილიშვილებთან.

ეკა კოჭლამაზიშვილი, გერმანია: - სოციალურ ქსელში წავიკითხე პარლამენტის წევრის, სოფო ქაცარავას განცხადება, რომ თურმე საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და შესაბამისად ჩვენი მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. ეს ქალბატონი ურცხვად იტყუება. საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა საკუთარი ხალხისთვის. აქ ხალხი შიმშილობს. ვისაც საჭმლის საყიდელი ფული აქვს, არ აქვს გარანტია, რომ უსაფრთხო პროდუქტს შეჭამს. დღეს საქართველოში ჰაერი და მიწაც კი დაბინძურებულია. მე ბოლნისის ერთ-ერთი სოფლიდან ვარ. ჩვენს სოფელში ყოველი მეორე ბავში თანდაყოლილი დაავადებებით იბადება. მე და ჩემი ქმარი ამ ქვეყნიდან იმიტომ გავიქეცით, რომ უკეთესი მომავალი და ჯანმრთელი შვილები გვინდოდა. ალბათ მეტყვით, სხვა სოფელში ან ქალაქში გადასახლებულიყავითო. რა საშუალებით? სოფელში ჩვენს სახლს ჩალის ფასი აქვს, გაყიდვას აზრიც არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს უმაღლესი განათლება გვაქვს და დასაქმებულებიც ვიყავით, მაინც არ გვქონდა იმის საშუალება, რომ სხვა სოფელში ან ქალაქში სახლი გვეყიდა. რომც გვქონოდა, მერე რა? საქართველოს ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას.

დიდი ლილოს მიმდებარე დასახლებაში ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. იქაც საშინელი მდგომარეობაა, ბოსტნეული და ხილი აღარ ხარობს მიწაზე. 2010 წლიდან "ნაციონალებმა" იქ ნაგავსაყრელის პოლიგონი მოაწყვეს და მთელი გარემო ბინძურდება. არც "ქართული ოცნება" ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე. მე შენ გეტყვი და ექიმები გვყავს "პროფესიონალები"... მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთური წამება გამოვიარეთ მე და ჩემმა ქმარმა, მაინც კმაყოფილები ვართ, რომ გერმანიაში ჩამოვაღწიეთ. ორი თვე ღია ცის ქვეშ ვიცხოვრეთ, ახლა ცხოვრება ავაწყვეთ, ორი შვილიც გვყავს, ჯანსაღ პროდუქტს ვჭამთ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ. ჰოდა, სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადების მუქარით კი არა სიცოცხლის მოსპობითაც რომ დამემუქროთ, მაინც არ დავბრუნდები.

ნონა ხურციძე, საბერძნეთი: - თურმე საშიში დამნაშავე ვყოფილვარ და 3-დან 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, თუ საქართველოდან ძაღლურ ცხოვრებას გამოქცეულმა,  ოჯახის წვერების წამოყვანაზეც ვიზრუნე... თქვენი დახმარებით მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივმართო. თქვენ გგონიათ, მე აქ ციხეში არ ვარ? ორი წლის მძინარე შვილს გამოვეპარე და აქ ლოგინში ჩავარდნილ მოხუცთან ვმუშაობ "დღე-ღამიანში". ამაზე მეტი სასჯელი და ციხე რა უნდა იყოს, რითი მაშინებთ? იცით, რამდენი ღამე გავატარე ტირილში, იცით, რა მემართება, როცა ქუჩაში გასული ჩვილ ბავშვებს ვხედავ? მე დამნაშავე კი არა თქვენი მსხვერპლი ვარ. დამნაშავეები კი თქვენ ხართ, ისინი ვინც ხალხის ფულს ჭამთ და ფუფუნებაში ცხოვრობთ. ჩვენ იმისთვის დაგიქირავეთ, რომ ჩვენთვის უკეთესი ცხოვრების პირობები შეგექმნათ, ადამიანური ხელფასი და მშვიდი ცხოვრება მოგეცათ. თქვენ რა ქენით? ჩვენი ფული მიითვისეთ და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეთ, კიდევ უფრო გაგვაღატაკეთ, ქუჩებში კრიმინალი დააბრუნეთ, ცხოვრება საშიში გახადეთ.

მე რომ უცხოეთში არ გამოვქცეულიყავი, ალბათ თავს მოვიკლავდი. როცა ბავშვისთვის ფული მჭირდებოდა და არ მქონდა, სუიციდზე ვფიქრობდი... ვინ იცის, საქართველოში ახლა რამდენ დედას ესერება გული იმის გამო, რომ შვილს საჭმელს ვერ აჭმევს, წამალს და ახალ ტანსაცმელს ვერ ყიდულობს. მშიერი ბავშვებისა და დედობაწართმეული ქალების ქვეყნის მმართველებო, თქვენ ვის დანაშაულზე ლაპარაკობთ?!

ნუგზარ სულაშვილი, საფრანგეთი: - სხვა ემიგრანტებივით ფიზიკური შრომით არ მიწევს თავის გატანა, არც არალეგალურად ჩამოვსულვარ აქ. საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ანსამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ვარ. მე არამიშავს, მაგრამ მაინტერესებს რას უპირებს საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს?

რამდენიმე საათში ერთხელ, როცა საკუთარ ფოსტას ვამოწმებ, ასეულობით წერილი მხვდება იმ ადამიანებისგან, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანს, სიცოცხლის გადარჩენას მთხოვს, რა ჭკუაზე უნდა დავდგე კაცი? როგორ უნდა გამექცეს ხელი პირში ლუკმის ჩასადებად, ან როგორ გინდა დავდო ბალიშზე თავი დასაძინებლად, რომ ამ ხალხს არ დავეხმარო? წლებია მათხოვარივით დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, სამინისტროდან სამინისტროში, სასამართლოდან სასამართლოში, სადეპორტოდან სადეპორტოში, საავადმყოფოდან საავადმყოფოში და ეს გარეწრები პატიმრობით მემუქრებიან, შენს თანამემამულეს უცხო ქვეყანაში რად ეხმარებიო? ვიღაცეებმა ისიც კი დამაბრალეს, სულაშვილს ბიზნესი აქვს და მილიონები იშოვაო.

კარგი, ბატონო, თუ ერთ კაცს მაინც მომიძებნით, ვინც იტყვის რომ ანგარებით რამე გავუკეთე, ჭირსაც წავუღივარ, მაგრამ ვერ ნახავთ! ჰოდა, დამაცადეთ სანამ ცოცხალი ვარ სხვასაც რომ გავუნაწილო სიცოცხლე. რას მერჩით, რა გინდათ?!

ჩემი ფრანგი კოლეგების მადლიერი ვარ, რომ მრავალი წლის განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდნენ და იმედი მაქვს, მომავალშიც დაეხმარებიან ჩემს ქართველებს. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიხსენით მრავალი ქართველი სავალალო მდგომარეობიდან.

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ვიზალიბერალიზაციის გადასარჩენად, უმჯობესია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჯანსაღი სოციალური დაცვის მექანიზმის შექმნაზე და სასამართლო სისტემის სანდოობაზე იზრუნოს.

გახსოვდეთ, რომ ეს ხალხი ბედნიერ ცხოვრებას კი არ გამოურბის, არა ბატონებო, ხალხი გამოურბის სიდუხჭირეს, ავადმყოფობას, უსამართლობის განცდას, კორუფციას, კლანურ მმართველობას და საერთო ჯამში, თქვენგან წართმეულ ყველა ადამიანურ ღირსებას. ნუ მაიძულებთ, ინვალიდის ეტლების ესკორტი გამოვიყვანო შუაგულ ევროპაში და მსოფლიოს ვაჩვენო თქვენგან განწირული თანამოქალაქეების ყოფა. ზუსტად ვიცი, ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო რა სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გამომიცხადებთ, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოების ნდობა დავკარგო. ყოველთვის გამონახავთ გარეწარ და ავაზაკ ადამიანს რაიმეში დამადანაშაულოს, ამიტომ თქვენს სინდისზე იყოს ყველა ლეიკემიანი ბავშვის სიცოცხლე, ყველა ონკოლოგიური ავადმყოფის ბედი და ყველა იმ გაჭირვებული, ულუკმაპუროდ დარჩენილი ოჯახის მწუხარება, რისი თავი და თავიც ხელისუფლებაა მხოლოდ!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)