"ივანიშვილი ნელა, მაგრამ მაინც ამზადებს სიურპრიზებს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ნელა, მაგრამ მაინც ამზადებს სიურპრიზებს"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, გასულ კვირას ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებში განსაზღვრული მოძრაობები შეინიშნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას მმართველ გუნდზეც. ვიდრე ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ პროცესებს შევეხებოდეთ, ალბათ უპრიანი იქნება, თუ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერვიუს მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრით დავიწყებთ.

"ქართულ ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ბევრს საუბრობენ, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის გენმდივანი კახა კალაძე და სპიკერი ირაკლი კობახიძე "ჩააჩოჩა". რა ხდება, ან რა მოხდება "ოცნებაში" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია.

პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა - "ივანიშვილს ცვლილებების გასატარებლად კიდევ დარჩა მაქსიმუმ თვენახევარი-ორი თვე, მერე უკვე ყველაფერი გვიან იქნება და მომავალი არჩევნების ბედი ისევ ქუჩაში, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადაწყდება".

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას გააკეთებს ივანიშვილი მმართველ გუნდში ცვლილებების გასატარებლად, რათა პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს?

- მე თქვენს კითხვაზე მხოლოდ ანალიზით შემიძლია პასუხი, წინათგრძნობები ჩემი ინსტრუმენტი არ არის. ანალიზი კი ყველას შეუძლია, მას ხომ სულ რამდენიმე რამ სჭირდება - ინფორმაცია, მეხსიერება და ლოგიკა.

ერთიც, მეორეც და მესამეც ივანიშვილს ჩვენზე გაცილებით მეტი აქვს. ამდენად, მას არ გაუჭირდება იმის დანახვა, რომ საზოგადოებაში კრიტიკის მუხტი იზრდება მოსამართლეებთან თუ "თიბისისთან" დაკავშირებული გაუგებარი პროცესების გამო. ვერავინ ხვდება, რატომ დასჭირდა მმართველ გუნდს სააკაშვილის გამოყვანილი მოსამართლეები, ან 11 წლის წინანდელი საბანკო ოპერაცია.

ივანიშვილს, ალბათ, კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილის კადრებთან დაკავშირებული გაუგებრობების გამო "ოცნების" მომხრეების ნახევარი არ მივიდა პრეზიდენტის არჩევნების პირველს ტურზე, თავად ივანიშვილს მოუწია საჯაროდ პირობების დადებამ და მხოლოდ 2012 წლის "ძველი გვარდიის" მობილიზაციამ გადაარჩინა ივანიშვილი.

ამ ამბიდან ლოგიკურად ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობს - თუ ივანიშვილი გამარჯვებას აპირებს 2020-ის არჩევნებში, იგი უნდა დაუბრუნდეს 2012 წლისდროინდელ შემართებას, გახსნილობას, მაშინ დაპირებულ პოლიტიკას, ოღონდ კოჰაბიტაციური მანევრების გარეშე. ძნელი წარმოსადგენია, ეს ლოგიკა ვინმეს ესმოდეს ივანიშვილზე უკეთესად და ამ ლოგიკას იგი უდავოდ გაჰყვება.

თუ ივანიშვილი გამარჯვებას აპირებს 2020-ის არჩევნებში, იგი უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის დროინდელ შემართებას, გახსნილობას, მაშინ დაპირებულ პოლიტიკას, ოღონდ კოჰაბიტაციური მანევრების გარეშე

თუ - და აქ იწყება ანალიზის ყველაზე ძნელი ნაწილი, ჯერ ერთი - თუ მიმდინარე პროცესები უფრო რთული არ არის, ვიდრე ჩვენ ვიცით. სავარაუდოა, რომ კობახიძის გუნდი მფარველობს სააკაშვილის მოსამართლეებს, რათა მერე მათთან ითანამშრომლოს, თუ კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა,

მეორეც - თუ ვერ შეიცვალა ის გუნდი, რომელმაც "ოცნებისგან" კოშმარი შექმნა, თუ ამ გუნდს ფესვები აქვს გადგმული ყველა სტრუქტურაში.

მესამე - თუ ივანიშვილი გაიტაცა რამე იდეამ და ასჯერ გაზომვამდე გაკვეთა კვანძი, მას ხანდახან საკუთარი თვალსაზრისი გაიტაცებს ხოლმე და ხან მურუსიძის მსხვერპლად დანახვა სურს, ხან პარტიის მართვაში რძეშეუმშრალი ახალგაზრდების დახვავება.

ეს სათუო მომენტები როგორ განვითარდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერჯერობით მგონია, რომ ივანიშვილი ნელა, მაგრამ მაინც ამზადებს სიურპრიზებს. ბატონ ვაჟა ბერიძის ვადებში მოხდება თუ არა ცვლილებები, ვერ ვიტყვი, მაგრამ, მე მგონი, პროცესები ამისკენ მიდის.

- თქვენი აზრით, "ოცნებაში" ცვლილებების გატარების თვალსაზრისით, რას შეიძლება ნიშნავდეს "ოცნების" მიერ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ლადო კახაძის წარდგენა?

ეს კითხვა იმ ფონზეა განსაკუთრებულად აქტუალური, რომ "ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა ლადო კახაძემ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი მხარს არ დაუჭერს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს "მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ".

- ძალიან საინტერესო კანდიდატურაა და ძალიან საინტერესო განაცხადი. ლადო კახაძე ის კაცი არ არის, მესიჯ-ბოქსებით რომ შეიძლებოდეს მისი მართვა და ეს ყველამ იცის.

ლადო კახაძის დასახელება შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს იმ გზაზე, რაც "ოცნების" მომავალი ცვლილებებისკენ მიდის

კახაძე პარტიას უფრო ადვილად გასწირავს, ვიდრე თბილისელების მისდამი სიყვარულს. ლადო კახაძის დასახელება შეიძლება კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს იმ გზაზე, რაც "ოცნების" მომავალი ცვლილებებისკენ მიდის.

- გასულ კვირას "ნაცმოძრაობის" ყრილობა გაიმართა, რომელზეც პარტიის ახალ თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილი კი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ დარჩა.

რამდენიც უნდა ამტკიცონ "ნაცმოძრაობაში", რომ სააკაშვილი ამ პარტიის მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეა, ფაქტია, რომ იგი ქართული პოლიტიკის ფაქტორია იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არ იმყოფება. მეტიც, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები სწორედ სააკაშვილისაა და არა ამ გაერთიანებაში შემავალი რომელიმე პარტიის, ან პოლიტიკური ფიგურის. თქვენი დაკვირვებით, "ნაცმოძრაობაში" მომხდარი ცვლილებების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ყოფილ მმართველ პარტიაში?

- თქვენს კითხვაში იგულისხმება, რომ არსებითი ცვლილებები არ მოხდება ამ პარტიაში და მეც, ძირითადად, გეთანხმებით. რა თქმა უნდა, სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" არაფორმალურ ლიდერად რჩება, მაგრამ მისი ეს გადაადგილება, მგონია, რომ მაინც მოაკლებს "ნაციონალებს" მხარდამჭერებს. იხილეთ სრულად