"უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების მიმართ" - რა წერია სუს-ის 2018 წლის ანგარიშში - კვირის პალიტრა

"უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების მიმართ" - რა წერია სუს-ის 2018 წლის ანგარიშში

ცნობილი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიში, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა. დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაა განხილული და შეფასებული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების, ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად.

"2018 წელს 77 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება, ხოლო ოთხს უარი ეთქვა გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით.

სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3200-მდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 600-მდე პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი. 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით.

ამასთან, როგორც სუს-ი განმარტავს, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კვლავ მაღალია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი. ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით უცხოელები ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვის გაცემას.

რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე.

2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით.

"უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მიერ საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიმართულებით. ქვეყნის თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული მიმართულებით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები.

"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით, მისი ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და კონტროლის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ობიექტებზე აგენტურის ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სარეჟიმო ობიექტებზე აქტიურად ხორციელდებოდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, პერმანენტულად ხდებოდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება", - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიერ, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მიეცა. ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 21, ქრთამის მიცემის - 3, თაღლითობის - 12, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 4, სამსახურებრივი გულგრილობის - 13, სამსახურებრივი სიყალბის - 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე.

ამას გარდა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,212 სამსახურებრივი შემოწმებისა და მომზადებული დასკვნების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისთვის 134 დისციპლინური სახდელი დაეკისრათ.

ანგარიშის თანახმად, სამსახურიდან დაითხოვეს 8 თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა 1, სასტიკი საყვედური გამოეცხადა 19 პირს, საყვედური - 12-ს, შენიშვნა - 4. ამასთან, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სუს-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ "ისლამური სახელმწიფოს" იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ.

"საანგარიშო პერიოდში "დაეში" მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით. აღნიშნულის ფარგლებში "დაეშისთვის" პრიორიტეტული აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. "დაეში" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ რადიკალიზებულ პირებს ნებისმიერი საშუალებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ აქტიურად ავრცელებდა საკუთარ იდეოლოგიას, ახდენდა პირების რადიკალიზაციასა და გადაბირებას.

2018 წელს "ალ-ქაიდა" და "თალიბანი" კვლავ წარმოადგენდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტერორისტულ გამოწვევას. "ალ-ქაიდა" აქტივობებს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მოქმედი რეგიონული დაჯგუფებების მეშვეობით ახორციელებდა. "თალიბანი" განაგრძობდა ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და ქვეყანაში საერთაშორისო მისიით მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა. ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი. წარსულში "დაეშის" იდეების მიმართ მოწყვლადი ახალგაზრდები ამჟამად აღარ ინტერესდებიან ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრების თავისუფალი გადაადგილებისა და ფულადი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვის შედეგად "დაეშის" იდეოლოგიის ადგილობრივი მხარდამჭერები მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან.

აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ "ისლამური სახელმწიფოს" იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. აღნიშნული პირების გამოვლენის, მათი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც სუს-ი აღნიშნავს, საყურადღებოა, რომ დღეისათვის საქართველოში არსებობს ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფები, რომელთა მიზანს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ წარმოადგენს.

"გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ საკუთარი კავშირები და ფინანსური შესაძლებლობები სხვადასხვა ექსტრემისტული ან/და ტერორისტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოიყენონ. აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.

საანგარიშო პერიოდში დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები", - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, სუს-ი განმარტავს, რომ 2018 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სირიასა და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

"გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სამსახური განაგრძობს მუშაობას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. აღნიშნულის მიუხედავად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, ასევე ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მუდმივი მონიტორინგი. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იქნეს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობას. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს გამოვლენილია რამდენიმე პირი. მათ მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება.

"რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება.

გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება.

საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა", - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ "ჰიბრიდული ომის" მეთოდებს.

"საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.

"ჰიბრიდული ომის" ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

საანგარიშო პერიოდში "ჰიბრიდული ომის" მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა "ჰიბრიდული ომის" ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება", - ნათქვამია დოკუმენტში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით