რუსეთმა ტერიტორიის სტრატეგიული ნაწილი აზერბაიჯანს აჩუქა! - კვირის პალიტრა

რუსეთმა ტერიტორიის სტრატეგიული ნაწილი აზერბაიჯანს აჩუქა!

-ჩვენი უნიათობით ვანიავებთ ქვეყანას"

კავკასიის ხელში ჩაგდების სურვილი მსოფლიო გიგანტებს არ განელებიათ. ჩვენი ქვეყნის მომავალზე მსჯელობა საზოგადოდ კავკასიის პრობლემების გარეშე, შეუძლებელია, რადგან ის, ვინც კავკასიის პოლიტიკას გეგმავს, სულაც არ განიხილავს კავკასიელი ხალხების ინტერესებს ცალ-ცალკე და არც მხოლოდ მათ სარგებელზე ფიქრობს.

ბუნებრივია, ეს კარგად იცის რუსეთმა და ყველასთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებსაც იღებს. კერძოდ, მედვედევმა აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა უცნაურ შეთანხმებას, რომლის ძალითაც რუსეთის ტერიტორიის სტრატეგიული ნაწილი აზერბაიჯანს აჩუქა! ბუნებრივია, ისეთი ქვეყანა, რომელსაც ოდითგანვე სხვისი მიწისკენ უჭირავს თვალი, თავისი ტერიტორიის ნაწილს უანგაროდ არავის დაუთმობს.

მამუკა არეშიძე: - რუსებმა ერთგულ პარტნიორ სომხებს ცოტა ხნის წინ კარგა მაგარი სილა აჭამეს. მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა სომხეთთან რუსული ბაზების 49 წლით ყოფნას, დმიტრი მედვედევმა აზერბაიჯანშიც შეიარა და მას რაკეტები და რუსეთის ტერიტორიის ნაწილი აჩუქა. სომხეთთან დადებული ხელშეკრულება იმით არის საინტერესო, რომ მასში რუსეთი იცავს არა მარტო სომხეთის ინტერესებს დსთ-ში, არამედ თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებსაც ამ სივრცეში. თუ რომელ სივრცეს გულისხმობს კრემლი, დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული. მას შეუძლია, ვთქვათ, მოაწყოს რუსეთ-სომხეთის (რომლის ნაწილი საქართველოზე გადის) გაზსადენზე ტერაქტი  და როგორც სჩვევია, -დაიცვას" მისი უსაფრთხოება.

რუსეთმა აზერბაიჯანს მისცა C-300 ტიპის რაკეტები, რომლებიც ირანისთვის ჰქონდა გადანახული. აზერბაიჯანს ასევე მისცა დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვრის სამხრეთის მონაკვეთის მოზრდილი ნაწილი. ეს არის მდინარე სამური, რომელიც სამხრეთ დაღესტანში მიედინება და საბჭოთა პერიოდიდან ამარაგებდა ბაქოს სასმელი წყლით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს მდინარე უკვე რუსეთის, ანუ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინებოდა და აზერბაიჯანს მუდმივი პრობლემა ჰქონდა. ახლა საზღვარი მდინარის შუაში გადის. რაც მთავარია, აზერბაიჯანს გადაეცა ჰიდროკვანძი, რომელიც მდინარის წყლის განაწილებას უზრუნველყოფს.

ამან დაღესტნელები ძალიან გააღიზიანა. გამორიცხული არ არის, როცა დასჭირდება, რუსეთმა ესეც გამოიყენოს კავკასიელი ხალხების დასაპირისპირებლად. ამ გარიგებით კარგად ჩანს, რომ სომხეთი რუსეთისთვის უმცროსი ძმაა, აზერბაიჯანი კი პარტნიორი. ერევანში ამას კარგად მიხვდნენ და... ხელშეკრულება ბაზების 49 წლით დატოვებაზე სომხეთის პარლამენტს ჯერ რატიფიცირებული არა აქვს, უამისოდ კი ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია.

- სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება კარგა ხანია დაძაბულია. აზერბაიჯანი ყარაბაღისა და მის ირგვლივ მდებარე შვიდი რაიონის სამხედრო ძალით დაბრუნებაზე ფიქრობს.

- აზერბაიჯანი მზად არის რადიკალური ნაბიჯისთვის. სომხეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ჩააგდო -დაშნაკციუტუნისა" და -მემკვიდრეობის" საპარლამენტო ინიციატივა ყარაბაღის აღიარების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დასაწყებად ხელ-ფეხი ეხსნებოდა.

- ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოუწოდა აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს, მაქსიმალურად შეისყიდონ საქართველოში გასაყიდად გამოტანილი ობიექტები. ეს რას უნდა ნიშნავდეს?

- დიახ, ასეა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ პარტნიორობა კარგია, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი. აზერბაიჯანი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლები და მათი სატრანზიტო ქსელები. როგორც კი გამოცხადდა, რომ საქართველომ შეიძლება გაყიდოს რუსეთ-სომხეთის გაზსადენი, აზერბაიჯანმა იმავე წუთს გამოხატა ინტერესი. როცა გახმაურდა, რომ ბპ-ს შეიძლებოდა გაეყიდა თავისი აქტივები ბაქო-ჯეიჰანის პროექტში, ამას პირველი რუსეთი გამოეხმაურა, მეორე - აზერბაიჯანი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანის ხელშია ყულევის ტერმინალი, აზერბაიჯანელები იწყებენ ახალი ტერმინალის მშენებლობასაც, რომელიც ევროპაში თხევადი გაზის გასვლას უზრუნველყოფს, ცხადია, რომ აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრეები და ბერკეტები ექნება ხელში საქართველოს ტერიტორიაზე და ენერგობერკეტების საშუალებით შეეცდება დიდი გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკაზეც. ამის ნიშნები უკვე არის. ცოტა ხნის წინ მარნეულის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და რუსეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, 25 ათასი აზერბაიჯანელი  საცხოვრებლად რუსეთის ტერიტორიაზე მიგვიღეთო. საქმეც ის არის, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების მიღებაზე.

მიმართვაში ისიც წერია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ბოლო დროს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს არ აძლევს თავის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას, იქ მომუშავეთ საქართველოში იმიტომ აბრუნებს, რომ არ უნდა დაირღვეს დემოგრაფიული ბალანსი საქართველოში. რამდენიმე წლის წინ ნავარაუდევი იყო, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის ნახევარი აზერბაიჯანელი იქნებოდა(!). რა შედეგიც შეიძლება მოიტანოს ასეთმა გაუაზრებელმა პოლიტიკამ, იოლად მიხვდებით.

- ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანსა და თურქეთთან კონფედერაციის შექმნასაც კი განიხილავს.

- ეს არის იმ ძალების პროექტი, რომელსაც ჩაუვარდათ თურქეთ-სომხეთის ბლოკის შექმნა. ცხადია, ამ ძალას სჭირდებოდა ბლოკი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესებთან დასაპირისპირებლად. თუ ბლოკი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს მოიცავს, ბუნებრივია, ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ მძლავრი ძალა. გასაგებია, საიდან და რისთვის მოდის ეს პოლიტიკა, მაგრამ გაუგებარია, არის თუ არა გათვალისწინებული მასში საქართველოს ინტერესები. აჭარის თურქიზაციის საფრთხე კი უკვე ხელშესახებია. ჩვენი უნიათობით ვანიავებთ ქვეყანას. იმდენად ვართ დახარბებული ინვესტიციებს, ამას ქვეყნის ინტერესებს ვანაცვალებთ.

- ამასობაში სომხები რუსეთთან ერთO საზღვარზე ოცნებობენ.

-  მათი ოცნება ძალზე ძნელი ასასრულებელია. თუმცა არ ღირს იმის დავიწყება, რომ რუსეთს სჭირდება სომხეთთან პირდაპირი კავშირი. კავკასიისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლა კავკასიისთვის ფარული, მაგრამ ინტენსიური ბრძოლაა გაჩაღებული. ეგრეთ წოდებული გადატვირთვისა და მეგობრობის მიუხედავად, დასავლეთი და რუსეთი არასოდეს ენდობიან ერთმანეთს და არც არაფერს დაუთმობენ.