"კონფიგურაცია - ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ, ივანიშვილი პრემიერად - უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს" - კვირის პალიტრა

"კონფიგურაცია - ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ, ივანიშვილი პრემიერად - უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს"

"ოპოზიციაში არ ჩანს არც ლიდერი და არც ისეთი ძალა, რომელიც საზოგადოების დაკვეთას იმგვარად უპასუხებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი მიეცეს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ჩავიდა და მოსახლეობას მნიშვნელოვან ცვლილებებს სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელით დაჰპირდა. ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, მუზეუმი გაიხსნება. მისივე დაფინანსებით, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, სოფელს გაზითა და წყლით უზრუნველყოფენ. "ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, რომელმაც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ხიბულაში ჩასვლამდე ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია, გამოძიება დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, სწორედ ხიბულიდან დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია. ეს აზრი კიდევ უფრო განმტკიცდა მისი ზუგდიდში ვიზიტით, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა და მოსახლეობას ტაძრის აშენების დასრულებაში დახმარება აღუთქვა. "ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მაისში ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელშიც "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციურ ერთობას კი არჩევნებზე ექსპირველი ლედი სანდრა რულოვსი წარმოადგენს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო აქტიურობა სწორედ სამეგრელოდან დაიწყო. ამ და ქვეყანაში განვითარებულ სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს.

- ბატონო რამაზ, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ბრძანეთ: "თუ ივანიშვილი გამარჯვებას აპირებს 2020-ის არჩევნებში, უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის დროინდელ შემართებას, გახსნილობას, მაშინ დაპირებულ პოლიტიკას, ოღონდ კოაბიტაციური მანევრების გარეშე"... როგორ ფიქრობთ, ხიბულაში ჩასვლით და იქ გაკეთებული განცხადებებით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ 2012 წლის შემართების დაბრუნებასა და წინასაარჩევნო კამპანიის ხალხთან დიალოგით დაწყებას ცდილობს?

- ალბათ, ასეა, თუმცა მეეჭვება, ივანიშვილს ჩემი ინტერვიუ წაეკითხა (იცინის)... თუ გავითვალისწინებთ, რომ "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს უფლება, დაელოდოს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნას, რადგან მანამდე ძალიან ბევრი რამ აქვს მოსასწრები, ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სწორედ საარჩევნო კამპანიის არაოფიციალური დასაწყისია.

ზოგჯერ ხდება ისეც, რომ პოლიტიკოსებს ვაბრალებთ რაღაც ჩანაფიქრს, არადა, ისინი შესაძლოა ასეთი წინასწარგანზრახვით არც მოქმედებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ივანიშვილის ვიზიტის საარჩევნო ქვეტექსტი არა მგონია, მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება იყოს. მით უფრო, რომ მისი სამეგრელოში მოგზაურობა უკვე ზუგდიდით გაგრძელდა, სადაც "ქართულ ოცნებას" დიდი ბრძოლა ელის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში.

ხიბულასა და ზუგდიდში გაცემული დაპირებების ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ეს საარჩევნო ციკლი, ალბათ, ძვირი დაუჯდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რამდენი აქვს ადამიანს და ძვირად რას მიიჩნევს. ხუმრობა იქით იყოს და, ჩვენ აქამდე ყველა არჩევნებში ყურადღებით ვაკვირდებოდით, თუ რა ეტაპზე ჩაერთვებოდა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში. მაგალითად, კახა კალაძის არჩევნებმა ისე ჩაიარა, ივანიშვილი არც გამოჩენილა. როგორც ჩანს, ამჯერად სულ სხვა ვითარებაა. ჩემი აზრით, მათ ჩატარებული აქვთ სოციოლოგიური კვლევები და, ალბათ, არცთუ სახარბიელო შედეგი მიიღეს. ეს შეეხება განსაკუთრებით ზუგდიდში ჩასატარებელ მერის რიგგარეშე არჩევნებს, სადაც ხელისუფლების კანდიდატს სანდრა რულოვსი დაუპირისპირდება, ამიტომაც ივანიშვილი უკვე საწყის ეტაპზევე გამოჩნდა. ისე, არ გამოვრიცხავ, ნაწილობრივ ხიბულაშიც, განსაკუთრებით კი ზუგდიდში გაკეთებული განცხადებები, ოპონენტებმა ივანიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვაშიც ჩაუთვალონ.

რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დაუბრუნდეს 2012 წლის დროინდელ შემართებას და საზოგადოებასთან გახსნილ ურთიერთობას, არ მიგულისხმია, რომ ამას მოახერხებს "ქართული ოცნების" ამჟამინდელ შემადგენლობასთან ერთად. როცა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ცვლილებებს შეგვპირდა, ვფიქრობ, მაშინვე გამოჩნდა, რომ მანაც მშვენივრად იცის, ამ კადრებით 2020 წელს გამარჯვება ძალიან გაუძნელდება.

თუკი ივანიშვილი მნიშვნელოვნად აპირებს რაიმეს შეცვლას, აუცილებლად მოუწევს ადამიანების შეცვლაც. იგივე ხალხი, რომელმაც კრიზისი გამოიწვია პარტიაში და ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მეეჭვება, გამოადგეს. ისინი მოქმედების ხაზს, ალბათ, ვერც შეცვლიან, ჩემი აზრით, არც მოინდომებენ.

საკითხი, ვისთან ერთად გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობას, რაც ხიბულაში დაიწყო, ჯერჯერობით გაურკვეველია.

- სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" ახალი სახე ნამდვილად არ არის, თუმცა აშკარაა, რომ ის ეიმედება ბიძინა ივანიშვილს და ამიტომაც დააბრუნა პოლიტიკაში. შესაძლოა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა უკვე გამოითქმის ვარაუდები, რომ სწორედ ღარიბაშვილი იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი. - ნამდვილად ნაადრევია საარჩევნო სიაზე ლაპარაკი. რაც შეეხება ღარიბაშვილის ფუნქციას, ივანიშვილმა მისი დაბრუნებით უპირველესად სცადა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლის ღირებულებების ერთგულია, ღარიბაშვილი ხომ იმჟამინდელი ბრძოლის გარკვეული სიმბოლოც არის, იყო აქტიური და ქმედითი პრემიერ-მინისტრიც, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" განსაკუთრებული შეურიგებლობით გამოირჩეოდა.

დღესაც "ნაციონალები" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა "ქართული ოცნებისთვის", მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნოდ ლაპარაკია ხოლმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, საგარეო და საშინაო საფრთხეებზე და ა.შ. 2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნების საფრთხე იყო "ქართული ოცნების" წარმატების ერთ-ერთი საშუალება. ამ საფრთხის გამო დაუჭირა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა.

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ამ თემის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებისთვისაც აპირებს და ეს კარგად გამოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების შემდგომ მის პირველივე ინტერვიუში, რომელშიც ის მუდმივად უბრუნდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას. პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზანი, გარდა შიდაპარტიული ერთიანობის უზრუნველყოფის მცდელობისა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მუდმივი კონფრონტაციაც იქნება.

- თუმცა "ცრუსა და მგლის" იგავივით ერთხელაც ამოუვა ჩვენს საზოგადოებას ყელში ამგვარი დაშინება და სულაც აღარ მიიჩნევს საფრთხედ "ნაციონალურ მოძრაობას". - გეთანხმებით. ეს მოხდა კიდეც ზურაბიშვილის შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველმა მწვანე შუქი აუნთო.

ეს ხერხი "ქართული ოცნებისთვის" შეიძლება მართლაც სახიფათო აღმოჩნდეს, მით უფრო, რომ სულ უფრო ძლიერდება განწყობა, როდესაც აღარც "ქართული ოცნება" ეპიტნავება ამომრჩეველს და არც "ნაციონალური მოძრაობა".

არც ის არის გამორიცხული, ბოლოს და ბოლოს, მესამე ძალა გამოჩნდეს. თავის დროზე, ასეთ ძალად იქცა პაატა ბურჭულაძის პარტია, რომელსაც გამოჩენისთანავე ამომრჩევლის 12%-მდე მხარდაჭერა ჰქონდა. ანალოგიური ფიგურა პოლიტიკაში ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს და თუკი უფრო წინდახედულად მოიქცევა, ვიდრე ბურჭულაძე, არ არის გამორიცხული, "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდეს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველს ამგვარი სქემა შესთავაზოს: ირაკლი ღარიბაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ, ბიძინა ივანიშვილი - პრემიერად? - არ ვიცი, ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ივანიშვილის პრემიერობა.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ივანიშვილის პრემიერობაზე ხშირად ლაპარაკობს, თუმცა, ჩემი აზრით, მეეჭვება მას ამ თანამდებობაზე დაბრუნება სურდეს. საქმე ის არის, რომ საზოგადოებას მაინც აქვს იმედი, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს და რაღაც სასწაული მოახდინოს. ივანიშვილისთვის საზოგადოების ეს განწყობა, ვფიქრობ, მომგებიანია. პრემიერობა რომც გადაწყვიტოს, მეეჭვება სასწაულის მოხდენა შეძლოს, შესაბამისად, მასზე ხელს საბოლოოდ ჩაიქნევს ქართველი საზოგადოება.

ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ამგვარი კონფიგურაციის შეთავაზება: პარლამენტის თავმჯდომარედ ღარიბაშვილი, ივანიშვილი კი პრემიერად, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ სხვა გზა აღარ ექნება ივანიშვილს.

- როდესაც ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობთ, როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებამდე აუცილებელი გახდება მთავრობის გადახალისებაც? - ვისურვებდი უკეთესი მთავრობა გვყავდეს, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდი. არ გამოვრიცხავ, მინისტრთა კაბინეტი მართლაც განახლდეს. ქვეყანაში მუდმივად გარდამავალი პერიოდი გვაქვს, ამიტომაც არც ხშირი სამთავრობო ცვლილებები გვიკვირს, თუმცა როგორც უნდა შეიცვალოს მთავრობა, ეს უფრო დროებითი ეფექტისთვის იქნება გამიზნული.

მეეჭვება, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ქვეყანაში ისეთი სოციალურ-ეკონომიკური ნახტომი გამოუვიდეთ, რომ ეს თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე აისახოს. ამგვარი იმედი თუ ვინმეს აქვს, ილუზიაა და მეტი არაფერი.

გარდა ამისა, ვფიქრობ, "ქართული ოცნების" კრიზისის მიზეზი მთავრობა არ არის. ეს უფრო პოლიტიკური და იდეოლოგიური პრობლემებია და ეს საზოგადოდ ხელისუფლებას შეეხება.

ვნახეთ, რა მძაფრი რეაქცია მოჰყვა მოსამართლეთა არჩევის საკითხს=, ამ ფონზე მთავრობაში მინისტრების შეცვლა "ქართულ ოცნებას" ბევრს არაფერს მოუტანს. მან საზოგადოებას თვალნათლად უნდა აჩვენოს, რომ "ქართული ოცნება" ერთგულია თავდაპირველი ღირებულებების, ამიტომაც უპირველესად, პოლიტიკური გუნდის გადახალისებაზე ფიქრი მოუწევთ, რაც ძალიან რთული საქმეა. მნიშვნელოვანი იქნება, როგორ წარიმართება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა.

- როგორ ფიქრობთ, ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდისთვის მოიძებნება ადგილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

- ჩემი აზრით, ამ ჯგუფს "ქართული ოცნების" წიაღში დიდი პოლიტიკური დღე აღარ აქვს. არის მოლოდინი, რომ ამ ჯგუფის ზოგიერთ წევრს დააწინაურებენ სასამართლო სისტემაში, მაგალითად, კობახიძე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძის გუნდი სწორედ ამიტომ მფარველობს სააკაშვილის მოსამართლეებს ასე თავგამოდებით, რათა მერე მათთან ადვილად ითანამშრომლოს. მოკლედ,

ვფიქრობ, ივანიშვილი პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობას ხედავს და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი კიდეც, მისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რომელთაც ის ძალიან ნელა ამზადებს. შეუძლებელია ვერ ხედავდეს თავისი პოლიტიკური ძალის დღევანდელ პრობლემებს, იმას, რომ საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა იზრდება.

შეიძლება ითქვას, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო მოსამართლეებსა და "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული აუხსნელი პროცესებიც, რაც დღემდე გამოცანად რჩება.

ამიტომაც ველი ივანიშვილისგან ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებს, თუ, რა თქმა უნდა, ისევ არ გაიტაცა რომელიმე საკუთარმა იდეამ, რაც ძალიან დააზარალებს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც ხან მურუსიძის მსხვერპლად წარმოდგენა სცადა, ხანაც პარტიის მართვა ტუჩზე რძეშეუშრობ ყმაწვილებს მიანდო.

- შევეხოთ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებსაც... თითქოს გამოიკვეთა კოალიციური ერთობების კონტურები... - ამ გადასახედიდან ოპოზიციურ ფლანგზეც საიმედო ბევრი არაფერი ჩანს. აშკარაა თანამშრომლობის მცდელობა, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება, არ ვიცი.

სამწუხაროდ, ოპოზიციაში არ ჩანს არც ლიდერი და არც ისეთი ძალა, რომელიც საზოგადოების დაკვეთას იმგვარად უპასუხებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი მიეცეს. მოკლედ, დღეს პოლიტიკური ელიტის კრიზისია.

გვესმის ურთიერთგამომრიცხავი და პარადოქსული განცხადებებიც. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, კოალიციური მთავრობისთვის ვიბრძოლებთო. აქ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია კოალიციური მთავრობა იყოს წინასაარჩევნო პირობა, რადგან თუ დავუშვებთ, რომ მისი პოლიტიკური ძალა საკმარისი უმრავლესობით მოვიდა პარლამენტში და დააკომპლექტა მთავრობა დახმარების გარეშე, კოალიციის ვინმესთან შექმნა რაღაში დასჭირდება? თუმცა მოგვიანებით ვაშაძემ ისიც თქვა, მე ვერ ვხედავ კოალიციაში ჩემს თავსო. ესეც მიუთითებს, რომ ოპოზიციისთვის კოალიცია უფრო ფრაზაა, ვიდრე რეალური ღირებულება.

მეჩვენება, რომ ოპოზიციას არა აქვს გაანალიზებული პროპორციული წესით არჩევნების მოთხოვნის არსი, არადა, ეს მოთხოვნა ლამის მთელ ოპოზიციურ სპექტრს აერთიანებს. არ იციან, რას მოუტანს ეს ან ქვეყანას, ან ამ პარტიებს. ამგვარი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება.

ის შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც ახლა გვაქვს, სიმახინჯეა. მეც მიმაჩნია, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც პარტიული რესურსები მწირია, უმჯობესი იქნებოდა სრულად მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარება, რათა ერთ კაცს ამოფარებული უსახური თითის დამჭერები არ მოვიყვანოთ პარლამენტში, თუმცა ქვეყანას რა გამოადგება, ამაზე ნაკლებად ფიქრობს ვინმე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს სახელისუფლებო ძალის რეალურ ალტერნატივაზე მსჯელობა შეუძლებელია და "ქართულ ოცნებას" სწორედ ეს ეიმედება ყველაზე მეტად.

თუმცა არჩევნებამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, ერთი ახალი ფიგურის გამოჩენასაც კი შესაძლოა სრულიად მოულოდნელი პროცესები მოჰყვეს და მნიშვნელოვნად შეცვალოს ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფა.