"აღარ ვიცი, სად ვართ, სად ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"აღარ ვიცი, სად ვართ, სად ვცხოვრობთ"

"დღევანდელ ხელისუფლებას "ქასთინგის" ჩატარებაც დაეზარა და მიშას რჩეულებით უნდა ფონს გასვლა"

ვინ და რატომ წაართვა პერსპექტივა ქვეყანას, ხალხს კი - იმედი? რას მიიჩნევს მწერალი კოტე ჯანდიერი საქართველოს მთავარ განაჩენად? ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე "კვირის პალიტრას" კოტე ჯანდიერი ესაუბრა.

- რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით ხდება, სააკაშვილის დროს მიღებული სამართალწარმოების მახინჯი პრაქტიკის იურიდიული და სტრუქტურული ინსტიტუციონალიზაციაა, თანაც უვადოდ.

თავის დროზე, სააკაშვილმა "ქასთინგი" ჩაატარა, აღმოაჩინა მურუსიძე-ჩინჩალაძის მსგავსი "ოქროს" კადრები და "ნაცმოძრაობის" ანტიეროვნული, ანტიადამიანური პოლიტიკის სამსახურში ჩააყენა.

დღევანდელ ხელისუფლებას "ქასთინგის" ჩატარებაც დაეზარა და მიშას რჩეულებით უნდა ფონს გასვლა. რა გასაკვირია, რომ ხელისუფლებისადმი ნდობა ნულისკენ მიისწრაფვის, პოლიტიკურ პარტიებად წოდებულ 5-6-კაციან დაჯგუფებებს კი ვერა და ვერ მოუხერხებიათ გასცდნენ საარჩევნო ბარიერს. ასე რომ, მძიმე პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას.

- როგორ შეაფასებთ საპარლამენტო უმრავლესობის რღვევას, რომელიც უკვე მკაფიოდ შეინიშნება?

- ის, რაც ხელს უშლის სამართლიანობის დამკვიდრებას, ჯობს დაიშალოს და ეს რაც მალე მოხდება, მით მეტი დრო იქნება მომავალ არჩევნებამდე, რათა შეიქმნას ნორმალური, არა "ნაცური" და "ქოცური", საზოგადოებრივი ძალა, რომელიც არა ვიწროპარტიულ ან პიროვნულ ინტერესებს გამოხატავს, არამედ გამოკვეთს ქვეყნის განვითარების გზას. თუმცა, გამოგიტყდებით, დიდი იმედი არა მაქვს.

- რას გვეტყვით იმ პირებზე, რომლებმაც დატოვეს ფრაქცია "ქართული ოცნება", რა პერსპექტივები აქვთ მათ? - ალბათ, ამოწურეს ვითარების გუნდში შეცვლის ყველა საშუალება. წამოვიდნენ და, ჩანს, სწორიც ქნეს. გულისამრევია, როცა უყურებ, როგორი კაგებეშნიკური მეთოდებით ცდილობენ მათ დისკრედიტაციას ყოფილი თანაგუნდელები.

ლევან გოგიჩაიშვილს რომ "ნაცმოძრაობასთან" უნისონში მყოფს უწოდებ, სინდისთან ერთად ინტელექტის დეფიციტსაც უნდა განიცდიდე, ვინაიდან ამ სისულელეს არავინ დაიჯერებს და საკუთარი ბოღმის, უნიჭობისა და სიმდაბლის საქვეყნოდ დემონსტრირებასაც ახდენ.

რაც უნდა უყიჟინონ გუნდიდან წასულებს, თითქოს მხოლოდ პოლიტიკურად მომგებიან საბაბს ეძებდნენ და სინამდვილეში კი ვიწრო ეგოისტური ზრახვები ამოძრავებთ, ფაქტს ვერსად გავექცევით: დღეს ნამდვილად სირცხვილია მურუსიძე-ჩინჩალაძის საპარლამენტო ლობისტებთან აფილირება.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომ მან 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს? - ცხადია, ჩვენ გვინდა ნორმალური, კვალიფიციური მმართველობის წესი, სასამართლო, რომელიც მინიმალურ ნდობას მაინც დაიმსახურებს, ეკონომიკური განვითარების დეტალურად გაწერილი გეგმა, სამართლიანი საკადრო პოლიტიკა, სახელმწიფოებრივი აზროვნება, პატრიოტიზმი და ა.შ. მე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი პარტიული ორგანიზაცია, სამწუხაროდ, არ მეგულება.

საზოგადოების აქტიური ნაწილი დაყოფილია იდეოლოგიურ ბანაკებად. ჩემი დაკვირვებით, ტოლერანტობისა და პლურალიზმის მქადაგებელი ე.წ. ლიბერალები არანაკლებ შეურიგებლები და აგრესიულები არიან ოპონენტებთან, ვიდრე "ქართული მარშის" წარმომადგენლები. ორივე ბანაკში ჭარბობს დოგმატიკა. რა მნიშვნელობა აქვს, როგორია ის: ნაციონალისტური, ფუნდამენტალისტური თუ ლიბერალური. დოგმატიკა გამორიცხავს შემწყნარებლობას, კომპრომისს, საღად აზროვნების უნარს. ერთი ჩემი ნაცნობი ხუმრობდა, თუ ჩვეულებრივი ადამიანი თამბაქოს ანებებს თავს, აქედან არაფერი გამომდინარეობს, მაგრამ, თუ ლიბერალმა დაანება თავი სიგარეტს, მაშინვე მოითხოვს, რომ ამქვეყნად ყველა შეეშვას მოწევასო. ეს, ცხადია, ხუმრობაა, მაგრამ სიმპტომატური. აქედან ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ:

თუ საზოგადოებრივ ცნობიერებაში არ მოხდა გარღვევა, ახალი გამაერთიანებელი იდეის ფორმირება, ვერც ადეკვატური პოლიტიკური ძალის გაჩენა იქნება შესაძლებელი.

- როგორ შეაფასებთ ასპარეზზე "დაიცავი საქართველოს" ხელახლა გამოჩენას? - ჩემი აზრით, დათო მაღრაძის წამოწყება, "დაიცავი საქართველოს" გაცოცხლების იდეა, შედეგს მოიტანს, თუ ის ახალი იდეების გენერაციის, თავისუფალი აზროვნებისა და დისკუსიის სივრცე იქნება. იქ უნდა მოხდეს მკაფიო პოლიტიკური დაკვეთის ჩამოყალიბება. უამისოდ ახალი პოლიტიკური ძალა ვერ დაიბადება.

- საზოგადოებას იმედი გაუცრუვდა: სამთავრობო ცვლილებები არ ჩანს, მოლოდინი, რომ თეა წულუკიანი და რამდენიმე სხვა მინისტრი გადადგებოდნენ, არ გამართლდა. თქვენი ხედვით, რა პროცესები მიმდინარეობდა კულუარებში? - საერთოდ არ მაინტერესებს პარტიისა და მთავრობის კულუარები. მთავარი შედეგია, ის კი იმას მეტყველებს, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული კვალიფიციური, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობით და რადიკალური სისტემური ცვლილებებით.

- და მაინც, ამ გადმოსახედიდან მოსამართლეთა სკანდალური სიის წარდგენა რას ემსახურებოდა? რატომ ვერ ელევა ბიძინა ივანიშვილი დისკრედიტირებულ მოსამართლეებს, რა პოლიტიკური სვლაა ეს? - ეს ჩემთვისაც გაუგებარია. ხელისუფლება ზოგჯერ იძულებულია გადადგას არაპოპულარული ნაბიჯები, თუკი საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რაიმე პოზიტივს მოიტანს, მეტ წესრიგს ან სამართლიანობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში პირიქითაა: სააკაშვილის "სახელმოხვეჭილი" მონა-ჯალათები, რომლებიც ისედაც განუყოფლად ბატონობენ ქვედა ორ სასამართლო ინსტანციაში, ახლა უვადოდ დაეპატრონებიან უზენაეს სასამართლოსაც და საბოლოოდ მოსპობენ საქართველოში სამართლის მიღწევის იმედს.

მე სამოცი წლისა ვარ, არ ვიცი, რამდენი დამრჩა სიკვდილამდე, მაგრამ გამოდის, სიცოცხლის ბოლომდე მურუსიძე-ჩინჩალაძე უნდა მიწყვეტდეს, რა არის სამართლიანი და რა არა, დაწყებული საყოფაცხოვრებო დავით და დამთავრებული სახელმწიფოსთან დაპირისპირებით. ჩემს შვილს საუკეთესო წლების გატარება მოუხდება ქვეყანაში, სადაც არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ სამართალს იპოვი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო არღვევს შენს უფლებებს. ამას უსათუოდ მოჰყვება ნეგატიური საგარეო ეკონომიკური ეფექტი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზიანი ქვეყნისათვის. აქ ლოგიკა არ არის, ზნეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

რას ემსახურებოდა ეს ყველაფერიო, მეკითხებით. ალბათ, პოლიტიკური პრაგმატიზმი გაქვთ მხედველობაში. მაშინ მეც გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური პრაგმატიზმი იყო კალიგულას საქციელში, როდესაც თავისი ცხენი სენატორად გამოაცხადა? ან რა პრაგმატულ გათვლაზეა ლაპარაკი, როდესაც მთელი საზოგადოებისთვის (მათ შორის, თვით საპარლამენტო უმრავლესობისა და "ნაცებისთვისაც" კი) ამ ზომამდე საძულველი ტიპების უზენაეს სასამართლოში გათრევას და უვადოდ დანიშვნას ცდილობ, შენც ხომ იმათსავით საძულველი და საზიზღარი ხდები ხალხისთვის? ნუთუ ამის მიხვედრა რთულია?!

თუ არ არსებობს მორალი, ლოგიკა და პოლიტიკური პრაგმატიზმი, მაშინ, ჩემი აზრით, რჩება მხოლოდ ერთი - შიში! ცხადია, დამოუკიდებელი სასამართლოს შიშს ვგულისხმობ. სხვათა შორის,

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს ინტერვიუში წამოსცდა: სასამართლოს შეუძლია არ აღიაროს არჩევნების შედეგები და, წარმოგიდგენიათ, ამას რა ქაოსი და არეულობა შეიძლება მოჰყვესო. იმედია, ეს მხოლოდ იმ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის აზრია და არა მთელი პარტიისა, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელი ფრაზა კი არის.

- თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში"? - ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ დაბრუნდა "ქართულ ოცნებაში", არამედ რაიმე ახალი იდეა და პრობლემების აღმოფხვრის ხედვა თუ მოიტანა. ასეთი რამ ჯერ არ შემიმჩნევია.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია სკანდალი "თიბისი ბანკისა" და ხაზარაძის ირგვლივ? - ეგ საიდან უნდა ვიცოდე? ერთადერთი, რასაც ვხედავ, ეროვნულ ბანკს თავისუფლად შეეძლო 11 წლის წინ ჩატარებული ოპერაციის დეტალები თავად მოეკვლია და თუ დარღვევას აღმოაჩენდა, დაეჯარიმებინა ბანკი. იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი ოპერაციები სხვა ბანკებსაც ჩაუტარებიათ, ამიტომ ჯოხის გადატეხა მხოლოდ ერთ კაცზე ათას ეჭვს აჩენს. არ ვფიქრობ, რომ აქ ანაკლიის პორტთან ან რუსეთთან რამით დაკავშირებული პრობლემაა. ეს უფრო ჩვენი შიდა ინტრიგების, პირადი ურთიერთობებისა და კონკურენციის ველური პრაქტიკის გამოძახილია!

სულ სხვა იყო, მაგალითად, ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებული სკანდალი და სულ სხვაა მამუკა ხაზარაძის ამბავი. მათ შორის პარალელსაც ვერ გავავლებ. ეს არის ორი, სრულიად განსხვავებული ფასეულობების, მორალისა და დამსახურების ადამიანი. ახლა ჩვენ ბიზნესზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ასეთივე ამორალური, ყოვლად უღირსი მეთოდებით არ ებრძვიან პოლიტიკურ კონკურენტებსა თუ ოპონენტებს?

- როგორ ფიქრობთ, ვის სჭირდება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება? გასულ კვირას უკვე მეორედ გაავრცელეს ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ფირი... - ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ყოვლად უღირსი და უხამსი მეთოდებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს. აღარ ვიცი, სად ვართ, სად ვცხოვრობთ? ან ამ საზიზღრობის გამკეთებლებს რა ჰგონიათ, ვინმეს დისკრედიტაციას მოახდენენ? ცხადია, არა. ვინც ამას სჩადის, ის პირდაპირ ურტყამს ხელისუფლებას. თუ ამას ხელისუფლება აკეთებს, მაშინ მას დიდი დღე არ უწერია. თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები აკეთებენ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი უშიშროებისაგან განსხვავებით ეფექტიანად მოქმედებენ. ასეთი მასშტაბის საზიზღრობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ზნეობრივ უფსკრულს აჩენს.

- სპეცსამსახურებს რატომ უნდა აწყობდეთ ასეთი ფირების გავრცელება? - ზოგჯერ მათ სჭირდებათ თითქოსდა ქვეყანაში არსებული ქაოსისა და უკონტროლობის სურათის წარმოჩენა. ეს სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა იყოს განპირობებული, რაზეც ახლა ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ არ ვიცი, საქმე რასთან გვაქვს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან თუ სხვა რამესთან.