"ჩვენ რომ თავმოყვარე ხელისუფლება გვყავდეს, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ რომ თავმოყვარე ხელისუფლება გვყავდეს, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა"

"დადგება დრო, როცა ივანიშვილი კობახიძეს აღარ დაუჭერს მხარს"

რატომ მოუხადა ირაკლი კობახიძემ ბიძინა გეგიძეს ბოდიში და ვინ მიმართავს მორალურ ტერორს ეკა ბესელიას წინააღმდეგ, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" "ქართული ოცნებიდან" გარიცხულ დავით ჭიჭინაძეს ესაუბრა:

დავით ჭიჭინაძე: - ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე აჯობებს ხელისუფლებამ იფიქროს, თორემ ამან უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა.

- ექსპერტები გამოთქვამენ ეჭვს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს... - ეს კითხვა გახარიას უნდა დაუსვათ, დიდი გამომძიებელი რომ გვყავს. აგერ, თურმე მალავდნენ სტატისტიკას და ახლა მას ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს. თურმე ყველაზე წარმატებული მინისტრია და მადლიერი უნდა ვიყოთ, წერილს გამოგვიგზავნის თუ სიხარულს. სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში გაუარესდა კრიმინოგენული ვითარება, კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ რომ თავმოყვარე ხელისუფლება გვყავდეს, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა.

- ბესელიას აზრით, მის წინააღმდეგ დაწყებული მორალური ტერორის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან... - ეს ეკას მოსაზრებაა, მან, ალბათ, ჩემზე კარგად იცის ყველაფერი. საზოგადოება ამაზე რეაგირებას ითხოვს, ყოველდღე ბავშვების დაჭერა სრული აბსურდია. მათ ხომ არ დაუმონტაჟებიათ ის ფირი?

- ფირების გავრცელების პირველწყარო შეიძლება ხელისუფლებაში იყოს? - ალბათ, ან ხელისუფლების რიგებში უნდა ვეძებოთ, ან ოპონენტებში... ვისაც აწყობს დაპირისპირების გაღრმავება, ის აკეთებს.

- რატომ განაგებს პარტიაში პროცესებს კობახიძე? - სხვებს, როგორც ჩანს, პარტიისთვის არ სცალიათ.

ამ ბავშვს კომკავშირული სულისკვეთება აქვს და უნდა თავი გამოიჩინოს.

- რატომ დუმს ივანიშვილი, რომელიც, ისე ჩანს, თითქოს კობახიძის მხარეს არის? - დაველოდოთ და გამოჩნდება, რატომ უჭერს მხარს. დადგება დრო, როცა აღარ დაუჭერს და იმასაც იტყვის, რატომ უჭერდა მხარს. ეს კობახიძემ იდარდოს.

როცა ვიღაცის მხარდაჭერით ხდები კაცი, ეს მისთვისაა დასაფიქრებელი, თორემ საზოგადოებას კობახიძე კი არა, მისნაირი ათი ჰყავს მონელებული. ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი მოინელეს, ერთი ახირებული კაცის მოთმენასა და შემდეგ მის მონელებას რაღა უნდა?

- რატომ ითხოვდა ირაკლი კობახიძე თქვენი და კიდევ 5 დეპუტატის გარიცხვას? - ეტყობა, ბავშვობაში აქვს გაგონილ-ნანახი, რომ პარტიაში არ შეიძლება განსხვავებული აზრი არსებობდეს. მამამისი კომკავშირელი იყო, ეტყობა, ოჯახში კომკავშირული სული სუფევდა და მერე, ალბათ, გაუჭირდა გადაწყობა. ეს მაშინ მოხდა, როცა გედევან ფოფხაძის გარიცხვას ითხოვდა კობახიძე და ჩვენ, პრემიერის ჩათვლით, ვეწინააღმდეგებოდით. კოლექტიურ ზარდიაშვილებს არ ჰქონდათ უფლება, რომ გედი ფოფხაძე გაერიცხათ.

- ბიძინა გეგიძეს რატომ მოუხადა კობახიძემ ბოდიში? - სწორედ იმ დაპირისპირების დროს, როდესაც უმრავლესობა შეიკრიბა და საკითხის განხილვა გადაწყვიტეს, მაშინ თავი ვერ შეიკავა და გეგიძეს ძალიან უხეშად მოექცა. მერე, როცა ბესელიასთანაც შეეშალა, წამოაძახეს, გაახსენეს და ყველაფრისთვის მოახდევინეს ბოდიში. მისთვის ეს მაგალითი უნდა იყოს. მდინარაძე და კობახიძე ჯგუფელები იყვნენ, ერთად სწავლობდნენ, თქვა კიდეც ერთხელ მდინარაძემ, კობახიძე ცუდი სამეგობრო იყო, სტუდენტობისას არ ემეგობრებოდნენო.

- როდის დაუახლოვდნენ ერთმანეთს?

- ეტყობა, ქვეყანაში უზნეობის დათესვის სურვილმა დააახლოვა.

- ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, ასევე გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობაზე ისაუბრა. რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, დაიწყო თუ არა "ოცნებამ" სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანია? - ზვიად გამსახურდია გაიგივებულია თავისუფლების სიმბოლოსთან, ამიტომ ეს საკითხი ბევრად დიდია, ვიდრე სასამართლოს თემა. ის ბრძოლა, რომელიც გამსახურდიამ დაიწყო, დღესაც დამთავრებული არ არის.

- "ქართული ოცნებიდან" ელოდებით სხვა წევრების წამოსვლას? - ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, "ოცნებაში" რომ პერსპექტივა აღარ არის და ჭაობად იქცა, ფაქტია.

- თქვენ რა გეგმა გაქვთ, პარტიას ჩამოაყალიბებთ? - მოძრაობის ჩამოყალიბებას ვაპირებ თანამოაზრეებთან ერთად და, ალბათ, შუალედური არჩევნები რომ დამთავრდება, დავაფუძნებ და შევუდგებით საქმიანობას.

- ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები? - მაგას დაველოდოთ, ცოტა ინტრიგა ყველაფერს უხდება.

- "დაიცავი საქართველოსთან" ხომ არ აპირებთ თანამშრომლობას?

- ყველა მოძრაობას, რომლებიც ხელისუფლების ნაკლს მიუთითებს, მხარს დავუჭერთ, მაგრამ გაწევრებას არ ვაპირებ.

- არსებულ ოპოზიციურ ძალებთან თუ აპირებთ გაერთიანებას? - პოლიტიკაში მუდმივი მტრები და თანამოაზრეები არ არსებობენ, ეს ბრძენმა კაცმა თქვა. ქვეყანას მემარცხენე იდეოლოგია სჭირდება და როდესაც ის ამოწურავს თავის თავს, მერე მემარჯვენეების რიგი დგება. პოლიტიკა ცვალებადია. ამის დასტურია ყველა დიდი პოლიტიკოსის ცხოვრება.