დატოვებს თუ არა "ოცნებას" რომან კაკულიაც - კვირის პალიტრა

დატოვებს თუ არა "ოცნებას" რომან კაკულიაც

"2016 წელს, როცა გუნდი კომპლექტდებოდა, ცოტა მეტი ფიქრი იყო საჭირო"

სასამართლოს თემა თუ ბრძოლა გავლენისთვის - მმართველ პარტიაში ვნებათაღელვა არ ცხრება, ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს საჯაროდ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას "იუთუბზე" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირი კიდევ ერთხელ აიტვირთა. ამის პარალელურად, პარტიიდან წასულმა გედევან ფოფხაძემ 6-კაციანი სია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე ივანიშვილს ამ პირთა გარიცხვას სთხოვდა. კობახიძის "შავ სიაში" რომან კაკულიაც ყოფილა. მას პარტია ჯერ არ დაუტოვებია, თუმცა ამას არ გამორიცხავს.

- "ოცნებაში" დაპირისპირება იმ შეცდომების შედეგია, რომლებიც პარტიამ დაუშვა. 2016 წელს, როცა გუნდი კომპლექტდებოდა, ცოტა მეტი ფიქრი იყო საჭირო. პარტიაში ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვის ადამიანები არიან, მაგრამ საქმე ასეთ დაპირისპირებამდე მაინც არ უნდა მისულიყო. მეორე საკითხია, რამ ითამაშა სტიმულატორის როლი.

- სტიმულატორის როლს ირაკლი კობახიძე ასრულებს? - კობახიძის მიმართ ბევრი შენიშვნა მაქვს, მაგრამ ზოგიერთ ბრალდებას არ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კობახიძე პარტიიდან ჩემს გარიცხვასაც ითხოვდა, მას პატივს ვცემ. ლაპარაკია შარშანდელ ამბებზე. არ ვიცი, მართალია თუ ტყუილი, მაგრამ ასეც რომ იყოს, პიროვნულ დაპირისპირებაში არ გადავიყვან. კობახიძემ შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემი მოსაზრებები მის ხედვას არ ემთხვევა და ეს გუნდის შენებას უშლიდა ხელს. არ იყო ადვილი რადიკალურად განსხვავებული ადამიანების შეკავშირება, მაგრამ დაპირისპირება აქამდე რომ არ მისულიყო, კობახიძეს მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაედგა.

- მან პარტიიდან 6 კაცის გარიცხვა ნამდვილად მოითხოვა? - ვინც ეს თქვა, იმას უნდა ჰკითხოთ. ასეც რომ ყოფილიყო, ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუმცა, ვფიქრობ, ირაკლი ამას პირადად მეტყოდა.

- არის თუ არა კობახიძე მმართველ პარტიაში ერთ-ერთი პირველი პირი? - მმართველ პარტიაში პირველი პირი ივანიშვილია. პარადოქსია, რომ პოლიტიკური ძალები მას წასვლისკენ მოუწოდებენ. წასვლა უნდა, მაგრამ სურს დატოვოს ის ხალხი, ვინც ქვეყანას მართავს და უკან არ მოიყვანს იმ ძალას, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სახიფათოა.

- ივანიშვილი გუნდის გადასარჩენად დაბრუნდა... - მას გულწრფელად უნდოდა დისტანცირება, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და დადგა ასეთი შედეგი... ივანიშვილი დაბრუნდა იმ ვითარებაში, რომელიც მისი შექმნილი არ არის, ამიტომ სრულ გაუგებრობაშია.

- თუმცა გარედან ჩანს, რომ ივანიშვილი კობახიძეს უჭერს მხარს. - გარედანაც და შიგნიდანაც ასე ჩანს, მაგრამ, როდესაც მმართველ პარტიაში ხარ, არ არის ადვილი კონფიგურაციის შეცვლა.

პარტიაში დავრჩი იმიტომ, რომ ვნახო, რას აპირებს "ოცნება" 2020 წლის არჩევნებისთვის. ღარიბაშვილი მოიყვანეს, მაგრამ რას ფიქრობენ, ჯერ არ ვიცი. ცოტა დრო კიდევ აქვთ, რომ რაღაც შეცვალონ.

შესაძლოა "ოცნებამ" დაუმსახურებლად დაგაზიანოს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში უნდა გაითვალისწინო - შენ გარშემო რა სურათიც დალაგდება, ანგარიში უნდა გაუწიო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უსამართლოა. იმ პირებმა, რომლებიც პარტიაში წინა პლანზე არიან, გვერდზე უნდა გაიწიონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ბევრი ბრალდება უსაფუძვლოა. ახალი მოცემულობა უნდა წამოაყენო და საზოგადოებას შეუცვალო ის განწყობა, რაც ჩამოუყალიბდა, და მერე გავარკვიოთ, ეს "რუსთავი 2"-ის ბრალია თუ ოპოზიციის. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ეს კარგად იცის და რაღაც ნაბიჯებს გადადგამს.

სექტემბერში "ოცნებაში" გამოკვეთილი უნდა იყოს, ვინ იქნება გუნდში 2020 წლისთვის წამყვანი და ვინ გადავა უკანა პლანზე.

- შეიძლება ეს ღარიბაშვილი იყოს? - ირაკლის რა როლი ექნება, არ ვიცი. მას ჯერჯერობით ყველა დეპუტატთან არ ჰქონია კომუნიკაცია. მას, ალბათ, მისცეს მანდატი, რომ პარტიას დიაგნოზი დაუსვას. თუ ამას შეძლებს, სწორ მკურნალობასაც მოახერხებს. თუმცა დრო ცოტაა, ამიტომ ღარიბაშვილმა პარტიას სასწრაფოდ უნდა უმკურნალოს. მზად ვარ ამაში დავეხმარო.

- ვინ დატოვებს "ოცნებას" საშემოდგომოდ? - ამ პროგნოზებით არ ვარ დაკავებული. ჯერჯერობით გუნდში ვარ. გარეთ გამოსვლასა და "ოცნების" კრიტიკას არ ვაპირებ. ამაზე ადვილი არაფერია, გადასარევი და კომფორტული პოზიციაა - გამოდი და საიდანაც გინდა, ურტყი. "ოცნებას" დასარტყმელის მეტი რა აქვს?!

- ამბობთ, რომ სექტემბრამდე პროცესებს დააკვირდებით, შემდეგ პარტიას დატოვებთ? - თუ ცვლილებები სწრაფად არ განხორციელდება, ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ექნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიდე და ვიყვირო. იმ 3 წელიწადზე, რომლებიც მათთან ერთად გავატარე, პასუხისმგებელი ვარ.

- პარლამენტის საერთო ჩატში თქვენც ხართ, რა დირექტივებს იღებთ და ვისგან? - 6 თვეა აღარ ვარ ამ მესიჯბოქსის წევრი.

- მანამდე ვისგან მოგდიოდათ დირექტივები? - რაღაც შეტყობინებები და ინფორმაცია მოდიოდა. მეც მისარგებლია კომუნიკაციის ამ საშუალებით, მაგრამ შემდეგ ერთმანეთთან დაიწყეს მიმოწერა, რაც დამღლელი იყო და ამიტომ გამოვეთიშე.

- ვინ გზავნიდა მესიჯებს - ბიძინა ივანიშვილი თუ ირაკლი კობახიძე? - ეს შიდა საქმეა და გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებ. არის მესიჯების სხვა ფორმატიც, სადაც მომდის ინფორმაცია შეკრების დროზე. ორგანიზაციულ საკითხებს რომ არ ავცდე, ამ ჩატში ვარ.

- დეპუტატების "მესიჯებით მართვა" რამდენად მისაღებია? "ოცნება" "ნაცმოძრაობას" ამის გამოც აკრიტიკებდა. - ინფორმაციის მისაწოდებლად ეს ფორმა ძალიან კომფორტულია, მაგრამ ამით თუ ვინემ საკუთარი თავი "ცენზურაში ჩააყენა", მისი პირადი პრობლემაა.

- ვინ შეიძლება იდგეს ეკა ბესელიასკენ მიმართული მორალური ტერორის უკან? - ის, ვისაც ხელი მიუწვდება ჩანაწერებზე და იცის, თუ ატვირთავს, ხელისუფლებას დაჰბრალდება. ვერსიის, რომ ამას ხელისუფლება აკეთებს, არ მჯერა. ვფიქრობ, ამით "ოცნებას" საჭირო დროს ურტყამენ, ანუ მაშინ, როცა ვითარება გამწვავებულია.