იენს სტოლტენბერგი: "ნატო მზად უნდა იყოს ორივე სცენარისთვის" - კვირის პალიტრა

იენს სტოლტენბერგი: "ნატო მზად უნდა იყოს ორივე სცენარისთვის"

"ხშირი სპეკულირება არას გვარგებს. სპეკულაციები მხოლოდ მეტ გაურკვევლობას წარმოშობს, რამაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს კიდეც"

"მოსკოვს არც ჩემი ქვეყნის ნატოში გაწევრება სურდა, მაგრამ ეს მაინც მოვახერხეთ... რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი", - განაცხადა საქართველოში ჩამოსულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა "ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ხშირი სპეკულირება არას გვარგებს. სპეკულაციები მხოლოდ მეტ გაურკვევლობას წარმოშობს", - ასე უპასუხა მან კითხვას, როდესაც სთხოვეს, თავისი აზრი გამოეთქვა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ავტორობით ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ რუსეთის აგრესიის მორიგი სამიზნე ნატოს არაწევრი სკანდინავიის ქვეყნები - შვედეთი ან ფინეთი გახდებოდნენ.

"კვირის პალიტრა" ინტერვიუს სრულ, ქართულ ვერსიას გთავაზობთ.

- მოდი, დასაწყისში ე.წ. ოთახში დამალულ სპილოზე ვისაუბროთ - რუსეთის ფაქტორს ვგულისხმობ. ვიცით, რომ ნატოს ოფიციალური პოლიტიკის მიხედვით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ხელი შეუშალოს მეორე ქვეყნის არჩევანს, გახდეს ალიანსის წევრი, თუმცა, თუ კრემლის ბოლოდროინდელ განცხადებებს დავაკვირდებით, აქ გაწევრებაზე აღარ არის საუბარი - ნატოსთან მხოლოდ თანამშრომლობისთვისაც უსიამოვნო სიურპრიზებით გვემუქრებიან. როგორ შეაფასებდით მოსკოვის ამ ტაქტიკას?

- ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს ძველი, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს, სადაც დიდი მოთამაშეები თვითონ წყვეტენ, რისი უფლება აქვთ მათ მეზობლებს და რისი - არა. ეს არასდროს ყოფილა სწორი მიდგომა, რადგან თითოეულ ერს აქვს უფლება, თვითონ ააშენოს თავისი მომავალი. ეს გაწერილია ბევრ საერთაშორისო დოკუმენტში, რომლებსაც რუსეთიც აწერს ხელს, მაგალითად, ჰელსინკის დეკლარაციაში, რომელშიც ნათქვამია, რომ თითოეული ქვეყანა თვითონ გადაწყვეტს, გახდეს თავდაცვითი ალიანსის წევრი თუ - არა. რუსეთს, როგორც ჩანს, ეს აღარ მოსწონს. რა ვუყოთ, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ კი ჩვენი პრინციპების ერთგულნი დავრჩებით, მათ შორის - საქართველოსთან დაკავშირებითაც.

- დიახ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, უკვე წევრობას კი არა, თანამშრომლობასაც გვიშლიან და თქვენც დღეს სწორედ თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებით აქ. როდესაც ვიღაც გეუბნება, ეს არ გააკეთო, თორემ უსიამოვნო სიურპრიზებს მოგიწყობო, რა არის ეს, თუ არა დაშინება? - რუსეთის ასეთ მიდგომას ვერაფრით დავეთანხმები. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ქართველი ერი თვითონ გადაწყვეტს, როგორი თანამშრომლობა სურს სხვა ქვეყნებთან, მეზობლებსა თუ ნატოსთან. ნორვეგია 1949 წელს გახდა ნატოს წევრი. საბჭოთა კავშირი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს მაინც მოვახერხეთ. რუსეთის პროტესტი გვესმის ყოველთვის, როდესაც ახალი ქვეყანა ხდება ნატოს წევრი - იქნება ეს ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუმინეთი თუ ბალკანეთის ქვეყნები. ამის მოწმე ვიყავით მონტენეგროს გაწევრებისასაც. რუსეთი აპროტესტებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი ხდება, მაგრამ ეს ქვეყანა ამის გამო გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამიტომაც სწორედ საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი თანამშრომლობა. ეს რუსეთის გადასაწყვეტი არ არის.

- ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებას სურს, იცოდეს - თუ რუსეთისგან უსიამოვნო სიურპრიზები რეალობად იქცა, ნატოსგან რის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს? - საქართველო ნატოსგან მრავალმხრივ მხარდაჭერას იღებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აშკარაა პრაქტიკული მხარდაჭერაც, რომლის ნათელი მაგალითიც არის თუნდაც დღეს კრწანისის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წვრთნები; თქვენ მონაწილეობთ ნატოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამაში, გვაქვს ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, საქართველოში გვყავს ნატოს მრჩევლები და მომზადების მწვრთნელები. აშკარაა, რომ ნატო უკვე საქართველოშია, მეტიც - დღეს უფრო მეტი ნატოა საქართველოში, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

- კეთილი. ახლახან "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონეთში მნიშვნელოვანი სამხედრო კომპლექსი აშენდება ერთადერთი მოტივაციით - შეაკავოს რუსეთი, თუ მას უსიამოვნო სიურპრიზების მოწყობა ევროპაშიც მოუნდება. მინდა გკითხოთ, არსებობს თუ არა რუსეთისთვის წითელი ხაზი ნატოსთან მიმართებით? - ჩვენ მათ წითელ ხაზებს არ ვეთანხმებით. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავდაცვითი ალიანსი და ასეც იქნება. არავის ვაიძულებთ, გახდეს ნატოს წევრი. არაჩვეულებრივი მეზობლები გვყავს, პარტნიორები - შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, სერბეთი, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ არ სურთ იყვნენ ნატოს წევრები. ძალიანაც კარგი. მათი გადასაწყვეტია, იქნებიან თუ არა ნეიტრალურები, დარჩებიან თუ არა ნატოს მიღმა. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ნატო სხვებს არასოდეს აიძულებს, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც არ სურთ. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ისინი კვლავაც ჩვენი პარტნიორები არიან.

- შვედეთი და ფინეთი ახსენეთ და საგულისხმოა, რომ ახლახან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც ის ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის მორიგ სამიზნედ სწორედ ეს ორი ნეიტრალური, ნატოს არაწევრი სკანდინავიური ქვეყანა შეიძლება იქცეს. რას ფიქრობთ ამაზე? რეალურად მიგაჩნიათ ასეთი სცენარი? - თავდაპირველად ვიტყვი, რომ ხშირი სპეკულირება არას გვარგებს. სპეკულაციები მხოლოდ მეტ გაურკვევლობას წარმოშობს, რამაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს კიდეც. ჩვენი მიზანია, შევამციროთ დაძაბულობა, განვმუხტოთ სიტუაცია და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად ვიმუშაოთ. ჩემი წინა პოსტის - ნორვეგიის პრემიერმინისტრობის - დროინდელმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ რუსეთთან მუშაობა შეიძლება. ამას ვახერხებდით ათწლეულების განმავლობაში - ცივი ომის ყველაზე "ცივ" პერიოდებშიც კი ნორვეგია რუსეთთან მუშაობდა ბევრ თემაზე - სასაზღვრო საკითხებზე ჩრდილოეთში, ენერგოპოლიტიკაზე, თევზჭერაზე, სამხედრო თანამშრომლობაზეც კი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა არა ნატოს წინააღმდეგ, არამედ სწორედ ნატოს დამსახურებით. ნატომ მოგვცა ძალა და ერთსულოვნება, რამაც ჩვენ, რუსეთის პატარა სამეზობლოს, შეგვაძლებინა, რუსეთთან ერთად (თანაბარ პირობებში) გვემუშავა, ასე რომ, არ უნდა ვცადოთ დაძაბულობის გაღვივება, პირიქით, უნდა ვცადოთ მისი შესუსტება და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად მუშაობა. სწორედ ამიტომ აქვს ნატოს ამ საკითხისადმი სამწახნაგოვანი მიდგომა - შეკავება, თავდაცვა და დიალოგი. დავამატებ, რომ ამ ეტაპზე ნატო ვერ ხედავს გარდაუვალი სამხედრო აგრესიის საფრთხეს მისი რომელიმე პარტნიორის წინააღმდეგ.

- საქართველოს ჩათვლით? - ჩვენ საქართველოს ნაცვლად ვერაფერს შევაფასებთ, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნები ამ ეტაპზე გარდაუვალი სამხედრო აგრესიის საფრთხეს ვერ ვხედავთ.

- რუსეთთან ერთად მუშაობის საკითხს მივუბრუნდეთ... იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა რუსეთის ამჟამინდელი მთავრობა, რამდენად ახლო მომავლის პერსპექტივად გესახებათ რუსეთთან თანამშრომლობა? - თუ რუსეთს თანამშრომლობა სურს, მაშინ სხვანაირად უნდა იქცეოდეს. მე არ მიყვარს წინასწარმეტყველება, თუ როდის და რატომ მოხდება რამე. ვფიქრობ, ნატო მზად უნდა იყოს ორივე სცენარისთვის, თუ რუსეთი ჩვენთან კონფრონტაციას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მასშტაბური გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთით საერთო თავდაცვის კუთხით. პირველად ნატოს ისტორიაში ხდება მართვის სტრუქტურის მოდერნიზება, იზრდება თავდაცვითი ხარჯი. ბევრი რამ გავაკეთეთ, რათა ჩვენი პოზიციები გაგვემყარებინა რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ უკრაინაში. მეორე მხრივ, კვლავ მზად ვართ დიალოგისთვის, იმისთვის, რომ რუსეთთან ვითანამშრომლოთ და მე ძალიან ვფრთხილობ, რომ არ ვიწინასწარმეტყველო, როდის მოხდება ეს - შორეულ მომავალში თუ მალე. დღეს ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. ჩვენი ვალია, ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, მათ შორის - სიურპრიზებისთვისაც. ჩვენი სტრატეგიაა, ნატო იყოს ძლიერი და საქართველო ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობს - ის უახლოვდება ნატოს წევრობას.

- სწორედ წევრობაზე მინდოდა მეკითხა. თქვენმა წინამორბედმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დეკემბერში ინტერვიუსას განაცხადა, რომ ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოსთვის დაბრკოლებებად მიიჩნევს ნატოში გაწევრების გზაზე. თქვენც ასე ფიქრობთ? ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია? - ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ეს ბევრჯერ გავიმეორეთ, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ვიპოვით გზებს ამ [დაბრკოლების] გადასალახავად. საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზაზე სვლა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მობილიზება, ჩვენ კი ვიმუშავებთ, რომ სანამ თქვენი ქვეყანა წევრობისკენ მიმავალ გზაზე მიაბიჯებს, საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერა ურყევი იყოს. ეს ერთადერთი გზაა ნატოს წევრობისაკენ.

ვაჟა თავბერიძე