ჰამარბერგის დიაგნოზი - ავტორიტარიზმი?!
11-10-2010
ერთი კვირის წინ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა თომას ჰამარბერგმა გამოაქვეყნა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების გამოძიების საქმეების მონიტორინგის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ აგვისტოს კონფლიქტიდან  ორი წლის შემდეგაც გაურკვეველია იმ რამდენიმე პირის ბედი, რომლებიც კონფლიქტის ან მის შემდგომ დაიკარგნენ. 


უგზო-უკვლოდ დაკარგული არიან როგორც ქართულ,
ისე ოსურ მხარეს. საქართველოს შს სამინისტრომ უცხოელ ექსპერტებს სთხოვა, დაედგინათ, რა ზომები მიიღეს ცხინვალში გიორგი რომელაშვილის ბედის გასარკვევად. ის საქართველოს ჯარში მსახურობდა და სატანკო ეკიპაჟ #406-ის წევრი იყო. გიორგი რომელაშვილთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს ამ სატანკო ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი: ზაზა ბირთველაშვილი და ოთარ სუხიტაშვილი გაუჩინარდნენ.

შს სამინისტრომ ექსპერტებს მიაწოდა მასალა, სადაც ასახულია  ჯარისკაც გიორგი ანცუხელიძის დაკითხვისას სასტიკი მოპყრობის კადრები. ექსპერტებს გადაეცათ
ვიდეომასალაც, სადაც სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად ჩანს დატყვევებული კახა ხუბულური, რომელსაც  სახეზე სისხლჩაქცევები და დაზიანებები აქვს. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ქართულ მხარეს გიორგი ანცუხელიძისა და და კახა ხუბულურის ცხედრები გადასცა.

აგვისტოს კონფლიქტიდან ორი თვის მერე, 2008 წლის 13 ოქტომბერს, სამი ოსი ახალგაზრდა: ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი და სოლტან პლიევი ქართველმა სამხედროებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დააკავეს. დაკავების შემდეგ ახალგაზრდები გაუჩინარდნენ. ასევე გაუჩინარდა 2008 წლის 8 აგვისტოს ზნაურის რაიონში დაკავებული რადიკ იკაევიც.

თომას ჰამარბერგის დასკვნაში ასახულ ფაქტებსა და იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსოფლიოში მათ გახმაურებას, ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: 

- სავარაუდოდ, თომას ჰამარბერგის დასკვნაში ნახსენები სამი ოსი დაღუპულია,  მაგრამ სანამ მათ ნეშტებს არ ვიპოვით, ამას ვერავინ დაადასტურებს. მათ საქმეში ფიგურირებს ქურთელი პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი არ არის დასახელებული. ეს სოფელი ოსებმა პირისაგან მიწისა აღგავეს და გამორიცხავთ, პოლიციელს შურისძიების სურვილი რომ გასჩენოდა?  

უფრო რთულად არის რადიკ იკაევის საქმე, რადგან არსებობენ მოწმეები, რომელთან ერთადაც იკაევი საპყრობილეში იყო. გორიდან ის ვაზიანში გადაიყვანეს. ის იქ სხვა ტყვეებმაც ნახეს, რომლებიც მერე გაათავისუფლეს,  იკაევი კი დაიკარგა. სავარაუდოდ, ის  წამებისას შემოაკვდათ. ეს ამბავი ქართულ სახელმწიფოს სახელს შეულახავს. 

ქართულმა მხარემ ექსპერტებს გააცნო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ოსების ტყვე, რომელსაც ტანკისტის ქუდი ახურავს. შეიძლება, ეს რომელაშვილია, მაგრამ სატანკო ეკიპაჟ 406-ის წევრები რომელაშვილის გარდა, სუხიტაშვილი და ბირთველაშვილიც იყვნენ. თუ დადასტურდა, რომ დატყვევებული რომელაშვილია, ეჭვქვეშ დადგება ეკიპაჟის სხვა წევრების ბედიც. ოფიციალურად ცნობილია, რომ სამივე 8 აგვისტოს ბრძოლის დროს, ტანკში დაიღუპა, გვამები კი ისე დასახიჩრდა, მათი ამოცნობა ვერ მოხერხდა.

სხვათა შორის, რომელაშვილი ვიდეოკადრებში ვერ ამოიცნეს ვერც ცოლმა და ვერც დედამ. თანამებრძოლები კი ამბობენ, რომ რომელაშვილია. თუ ასე არ არის, მაშ, ვინ არის ის ქართველი ტყვე ტანკისტი, რომელიც ამ ფირზე ჩანს?

გიორგი ანცუხელიძე და კახა ხუბულური ტყვედ ჩაცვივდნენ. არსებობს ფირი, სადაც ჩანს, რომ ორივე საშინლად არის  ნაწამები. ოსურმა მხარემ უტიფრად განაცხადა უარი ანცუხელიძისა და ხუბულურის საქმეების განხილვაზე, - ისინი უგზო-უკვლოდ არ დაკარგულან, ჰამარბერგის კომისია კი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეებს იძიებსო და არაფერს ამბობენ, როგორ დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები ტყვეობაში. 

- რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ საშინელი ფაქტების გამომზეურებას?
- კომისიის დასკვნაში წერია, რომ ქართულმა მხარემ გამოძიება არაკომპეტენტურად და არაკვალიფიციურად ჩაატარა.
დასკვნის თანახმად, ქართულმა მხარემ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც აკისრია როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. იყო დანაშაულის კვალის წაშლის ცდაც. ეგონათ, კომისია ვერ იპოვიდა დანაშაულებს, მაგრამ ჰამარბერგის თანამშრომელი ექსპერტები პროფესიონალები არიან - ჩემი აზრით, ეს უაღრესად ობიექტური დასკვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროპელების შეხედულებას, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი და პოლიციური მმართველობის სისტემაა.

ვანო მერაბიშვილი ამაყობს პოლიციური რეჟიმით, რომელიც  მცხუნვარე მზესავით კარგსაც წვავს და ცუდსაც. რა არის საამაყო? - სააკაშვილის რეჟიმი ბევრად უფრო მძიმედ დასრულდება, ვიდრე შევარდნაძისა.

ხელისუფლებას ძალზე მძიმე ხვედრი ელის. ატრაქციონები, შადრევნები და შეღებილი ფასადები იმის საჩვენებლად უნდა, რომ ყველაფერი კარგად არის, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი  გრიმია კიბოთი დაავადებული ადამიანის სახეზე. ეს დადასტურდა თომას ჰამარბერგის დასკვნითაც, რომელიც დასავლეთს სჭირდებოდა, რომ დარწმუნებულიყო იმ დიაგნოზში, რაც საქართველოს დაუსვა: საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი.  ეს დასკვნა კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ევროპას, რომ თუ დაეხმარებიან, საქართველოს დემოკრატიას კი არა, ავტორიტარიზმს შეუწყობენ ხელს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები