ღარიბაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ, ივანიშვილი - პრემიერად?! - რას შესთავაზებს ამომრჩეველს "ოცნება" წინასაარჩევნოდ? - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ, ივანიშვილი - პრემიერად?! - რას შესთავაზებს ამომრჩეველს "ოცნება" წინასაარჩევნოდ?

"თუკი ივანიშვილი მნიშვნელოვნად აპირებს რაიმეს შეცვლას, აუცილებლად მოუწევს ადამიანების შეცვლაც. იგივე ხალხი, რომელმაც კრიზისი გამოიწვია პარტიაში და ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მეეჭვება, გამოადგეს. ისინი მოქმედების ხაზს, ალბათ, ვერც შეცვლიან, ჩემი აზრით, არც მოინდომებენ.

საკითხი, ვისთან ერთად გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობას, რაც ხიბულაში დაიწყო, ჯერჯერობით გაურკვეველია", - განცხადა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

- ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნებისთვის" ახალი სახე ნამდვილად არ არის, თუმცა აშკარაა, რომ ის ეიმედება ბიძინა ივანიშვილს და ამიტომაც დააბრუნა პოლიტიკაში. შესაძლოა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა უკვე გამოითქმის ვარაუდები, რომ სწორედ ღარიბაშვილი იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი.

- ნამდვილად ნაადრევია საარჩევნო სიაზე ლაპარაკი. რაც შეეხება ღარიბაშვილის ფუნქციას, ივანიშვილმა მისი დაბრუნებით უპირველესად სცადა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლის ღირებულებების ერთგულია, ღარიბაშვილი ხომ იმჟამინდელი ბრძოლის გარკვეული სიმბოლოც არის, იყო აქტიური და ქმედითი პრემიერ-მინისტრიც, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" განსაკუთრებული შეურიგებლობით გამოირჩეოდა.

დღესაც "ნაციონალები" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა "ქართული ოცნებისთვის", მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნოდ ლაპარაკია ხოლმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, საგარეო და საშინაო საფრთხეებზე და ა.შ. 2012 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნების საფრთხე იყო "ქართული ოცნების" წარმატების ერთ-ერთი საშუალება. ამ საფრთხის გამო დაუჭირა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა.

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ამ თემის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებისთვისაც აპირებს და ეს კარგად გამოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების შემდგომ მის პირველივე ინტერვიუში, რომელშიც ის მუდმივად უბრუნდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას. პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზანი, გარდა შიდაპარტიული ერთიანობის უზრუნველყოფის მცდელობისა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მუდმივი კონფრონტაციაც იქნება.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველს ამგვარი სქემა შესთავაზოს: ირაკლი ღარიბაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ, ბიძინა ივანიშვილი - პრემიერად?

- არ ვიცი, ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ივანიშვილის პრემიერობა.

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ივანიშვილის პრემიერობაზე ხშირად ლაპარაკობს, თუმცა, ჩემი აზრით, მეეჭვება მას ამ თანამდებობაზე დაბრუნება სურდეს. საქმე ის არის, რომ საზოგადოებას მაინც აქვს იმედი, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს და რაღაც სასწაული მოახდინოს. ივანიშვილისთვის საზოგადოების ეს განწყობა, ვფიქრობ, მომგებიანია. პრემიერობა რომც გადაწყვიტოს, მეეჭვება სასწაულის მოხდენა შეძლოს, შესაბამისად, მასზე ხელს საბოლოოდ ჩაიქნევს ქართველი საზოგადოება.

ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ამგვარი კონფიგურაციის შეთავაზება: პარლამენტის თავმჯდომარედ ღარიბაშვილი, ივანიშვილი კი პრემიერად, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ სხვა გზა აღარ ექნება ივანიშვილს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია