ამონაწერი "ფილიპიკების" დაკარგული ფურცლიდან... ანუ მოვუსმინოთ, გულისყურს, ბატონებო! - კვირის პალიტრა

ამონაწერი "ფილიპიკების" დაკარგული ფურცლიდან... ანუ მოვუსმინოთ, გულისყურს, ბატონებო!

საზოგადოებას "კვირის პალიტრამ" უკვე ამცნო, როგორ გადახია ფილარმონიის დიდ სცენაზე ხალხის წინაშე წარმდგარმა რეჟისორმა რეზო ესაძემ წინასწარ დაწერილი სიტყვა და ილია ჭავჭავაძის "ქართვლის დედიდან" ნაწყვეტი წაიკითხა: "მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა"...

არადა, მის სათქმელ სიტყვას, არც მეტი, არც ნაკლები, "ჩანაწერი ეროვნული წარმომადგენლობითი კრების შესახებ, ანუ სულის სვლა კუზიან დროში!" ერქვა.

სცენიდან ჩამოსულ დიდ რეჟისორს მსახიობებმა ხელიდან გამოსტაცეს გადახეული ფურცლები, ვინ იცის, წლების შემდეგ ამას რა ფასი დაედებაო. ბატონ რეზოს ვთხოვე, "კვირის პალიტრისთვის" აღედგინა, რა ჰქონდა დაწერილი.

მან კი ათასგზის "ნაფიქრი და ნადუღარი" აზრები საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემებისგან გამოსავლის ძიებაში ხელახლა ჩამოაყალიბა. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჩვენს ყოფასა და "ფილიპიკების" (მამხილებელი სიტყვა) დაკარგული ფურცლის ციტირებასთან, ამაზე თავად რეზო ესაძე გვესაუბრება:

KvirisPalitra.Ge- პატივცემული პითაგორა ამბობს: "ადამიანი არის საზომი ყველაფრის: იმისი, რაც არსებობს, რამდენად არსებობს და იმისიც, რაც არ არსებობს და რამდენად არ არსებობს". ეს წრე მოიცავს ყოველივეს, გარდა იქიდან გასვლის მერე არსებული სიცარიელისა, რომელიც თვით ამ წრესთან ერთად ქმნის მუსიკალური რიტმის ისეთ განცდას, რისი მოსმენაც მხოლოდ თავისუფალ სულს ძალუძს.

ამ თავისთავად მომხიბვლელ აზრზე მსჯელობამ შორს რომ არ წაგვიყვანოს, უპრიანია, ეროვნული წარმომადგენლობითი კრების  მიზანი განიმარტოს, რათა არ დავშორდეთ მას და როცა წრიდან გასვლისას სიცარიელეში მოვხვდებით, თუნდაც ამავე წრითა და სიცარიელით როგორმე ისეთი მუსიკალური რიტმი შევქმნათ, რომლის მოსმენას დაბეჩავებული სულიც შეძლებს და თავისუფალი გახდება.

ჯერჯერობით საკითხავია, მაინც რა არის  ის, რასაც ამ სერიოზულმა ხალხმა ეროვნული წარმომადგენლობითი კრება დავარქვით? რა სხეულია?.. რა წრე?.. რა თვისებიანი?.. რამდენად ვარსებობთ ჩვენ და რამდენად ვართ საზომი იმისა, რამაც ეროვნული კრების სახელით უნდა იარსებოს? ძველად იტყოდნენ, ჯერ არ დაბადებულა, სახელს კი არქმევდნენო. დიდი ხანია, არარსებულზე სახელის დარქმევა დაგვჩემდა ქართველებს!

დღევანდელი ქართული სახელმწიფოებრივი ფსევდოდემოკრატიული სივრცე თავისი გაუგებარი და საშიში არაერთფეროვნებით, ოლხოკრატიული (დემოკრატიის ყავლგასული ფორმა, რომელიც დემაგოგების გავლენის ქვეშ მოქცეული ბრბოს ახირებებზეა დაფუძნებული) არაორგანიზებული ლუმპერების კასტის დიქტატურასა და მათ არნახულად გამდიდრებას უფრო ჰგავს, ვიდრე იმას, რასაც  ჰქვია ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი დემოკრატია, რომელიც ბერდიაევის თქმით, ღმერთმა ნუ ქნას, ბოლომდე არ შედგეს.

ასეთ შემთხვევაში იგი დღემდე არსებულ ფორმაციათა შორის ყველაზე გახრწნილი და დანაშაულებრივი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც, ჩვენი აზრით, უკვე ქმნის უძველესი ქართველი ერის ყოფნა-არყოფნისა და მისი საერთოდ, გაქრობის საშიშროებას.

"მე ყოველთვის ვიბრძოდი დემოკრატიისთვის და ყოველთვის ვებრძოდი დემოკრატიას", - ამბობს ბერდიაევი. ვიბრძოდი იმიტომ, რომ უკეთესი სახელმწიფოებრივი წყობა ისტორიამ არ იცის, ხოლო ვებრძოდი მას იმიტომ, რომ ეს წყობა ებრძვის პიროვნულობას და ღმერთს!

ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართველი ერი, მისი კულტურა ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც ქვეყნიერებაზე ჩვენი ზოგიერთი დღევანდელი, შორიდან ჭკუისმასწავლებლისა და ასევე, ახლომყოფი, მტრულად განწყობილი მოკეთის სახელის ხსენებაც არ იყო. მაშინ ჩვენ "ჰელიოსის" შთამომავლებს გვეძახდნენ და მსოფლიოს სივრცეებს სწვდებოდა ადამიანთა ურთიერთობის ეს ღვთაებრივი მუხტი, ჩვენი სულიერი სლოგანი: "მე შენთან ვარ იმიტომ, რომ არ შემიძლია უშენოდ", მაგრამ გავიდა დრო და სისხლიანმა პრაგმატიზმმა რუკა და ცხოვრების წესი გადააკეთა: "მე შენთან ვარ იმიტომ, რომ შენგან რაღაც მინდა!"

დიახ, ასეა: "შენგან რაღაც მინდა!.." ამან იმ დროისთვის პრაგმატულ გზაზე შემდგარი მსოფლიო დღეს უკვე ეგზისტენციურ ჩიხამდე მიიყვანა და ახლა ის, აშკარა კატასტროფის წინაშე მდგარი, თავის გადარჩენის საშუალებას ერთობ ჩლუნგ და ყრუ, გაუაზრებელ გლობალიზაციაში ეძებს. ეს პროცესი კი თუ კვლავაც ისეთი მუხანათური შეპარვით წარიმართა, როგორც ახლა მიმდინარეობს, ალბათ, კაცობრიობის არსებობას წერტილი დაესმება. რატომ? გვახსოვდეს, "ცხოვრების ყველაზე სწორი გზა არის გზა, რომელიც ბუნებასთან ახლოა!" (ოუენი).

ბუნებაში არსებული თავისუფლების შეზღუდვა მისი მკვლელობის ტოლფასია. თავისუფლება კი არ არსებობს თვითშეზღუდვის გარეშე, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჭეშმარიტი ღვთისმოსაობის სფეროში, სადაც პიროვნულობა ზეიმობს.

ქართული პიროვნულობა შორეული საუკუნეების სიღრმეში ასცდა მისი სახელმწიფოებრივი განვითარების ბუნებრივ გზას. "კუზიან დროში" ზოგჯერ ქართველი იმისთვის, რომ თავი და სამშობლო გადაერჩინა, იძულებული ხდებოდა, ხმლის მოქნევასთან ერთად უცხო და სხვისი მახინჯი ცხოვრების სტანდარტებითაც ეცხოვრა. Aამან რამდენადმე კიდეც შელახა მისი პიროვნული სახე, მაგრამ იმავდროულად დაიცვა ქართული მეობა და სამშობლო.

ქართველმა ასეთი მოწამებრივი სისხლიანი ცხოვრებით იცხოვრა საუკუნეების განმავლობაში იმ  იმედით, შვილები  და მომავალი მაინც გაიგებდა, მოუვლიდა, დააფასებდა მის თავგანწირვას. ვის ხელში არ იყო, მაგრამ ასე მზაკვრულად დაშლისა და წაშლის, ასეთი უკიდურესად გამოუვალი განსაცდელის წინაშე, როგორც ახლაა, არასდროს ყოფილა. აი, ისტორიის სისხლიანი პარადოქსი, ცხოვრების კაზუსი, თანაც ვისგან? დაუწყობელი, ერთმანეთს წაკიდებული და უმადური შვილებისა და მეგობრისგან, რომელიც თითქმის არ იცნობს მას, ბატონ ქართულ პიროვნულობას!

თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ არ შემიძლია ამგვარად არ ვთქვა: უპირველეს ყოვლისა, ეროვნული კრებისა და მასთან სახალხო სასამართლოს სრულყოფაში დაინტერესებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობა, თუ ის მართლა საქართველოს და არა სხვისი მთავრობაა! საქართველოს ყველა მოქალაქე, თუ ის მართლა საქართველოს მოქალაქეა და არა სხვისი! შინ და გარეთ ყველა პოლიტიკური პარტია თუ წარმონაქმნი, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დაპირისპირებაც უნდა ჰქონდეთ მათ ამჟამად ერთმანეთში... დღეს რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფრის ბალავარი იმ ქვეყნის პატივი და ღირსებაა, რომელსაც ყველანი ერთად ავაშენებთ ან დავანგრევთ!..

დღეს ვერც ქვემეხი, ვერც ტანკი, ვერც თვითმფრინავი და ვერც კარგად გაწვრთნილი, თუნდაც მაღალანაზღაურებადი ჯარი ომს ვერ მოიგებს. ომს იგებს ეკონომიკურად და მაღალი სულიერებით, ქართული გენით შეკრული ზურგი, რომელიც დღეს მტრობამდე მისული ურთიერთდაპირისპირებით ლახვარჩაცემულია! ამით კი ისევ მომხდური სარგებლობს.

ომს ვერ მოიგებს ცალ-ცალკე ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ეს მთავრობამ და ხალხმა ერთად უნდა გააკეთონ. ერთიანობის მისაღწევად  კი ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაიწყოს მოძრაობა ჯანმრთელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ქვეყნის კონსტიტუცია მხოლოდ მოსახლეობის ხმათა უმეტესობით უნდა იქნეს მიღებული. დღეს პარლამენტი თითქმის არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა ხალხის მიერ არჩეული და დაქირავებული უნდა იყოს, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ფურცელზე დაწერილ წესად რჩება. აქამდე არჩევნების გაყალბების ფარისევლური და ბინძური სვლები მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იმდენად არის გაშიფრული და დაგმობილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს  მომავალმა მთავრობებმა ასეთი საბედისწერო თამაშითა და ხალხის ბედით აღარ ითამაშონ.

ადამიანის  აზრი მერყევ სიტუაციაში იბადება. ჩვენ ბევრჯერ ვყოფილვართ მერყევ სიტუაციაში, ე.ი. ბევრჯერ დაბადებულა აზრი... მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, სამშობლოს რომ ნაკაწრი არ გასჩენოდა, არ სტკენოდა, უკან, შინ ვბრუნდებოდით მკერდისკენ მოქნეული მჯიღის ჯიბეში ჩაწყობით, განუხორციელებელი ოცნების გამო გულის ყრუ ატკივებით. გულში ჩუმი ბუბუნით, "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე"...

- ასე მოქმედებდა ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი დღემდე და სწორედ ამის წყალობით უკეთილშობილესმა ქართველმა ხალხმა ოც სისხლიან წელიწადში თავისი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სრულყოფის ის უმძიმესი გზა გაიარა, რომლის გავლასაც ევროპის ყველაზე პროგრესულმა სახელმწიფოებმა საუკუნეები მოანდომეს.

გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შეკრებილობის მომენტში. ეს კი ბედისწერაა. ერთად შეკრებილთაგან ყოველი ცალკეული ადამიანი გმირია, ვინაიდან დღეს  ჩვენი შეკრებილობა ქმნის იმ მომენტს, რიტმს, სადაც თითოეული ჩვენგანი უკვე საზომია არა მარტო იმისა, რაც არსებობს (რამდენად არსებობს), არამედ საზომია იმისიც, რაც არ არსებობს (თუ რამდენად არ არსებობს) და რა არის საჭირო იმისთვის, რომ იარსებოს მან, რაც უნდა არსებობდეს და არ არის.

საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის გარანტი. გაცვეთილი ფრაზაა? დიდად სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქცევა კი არ აერთიანებს ქვეყანას, პირიქით, მოქალაქეებს აპირისპირებს ერთმანეთთან, რითაც შლის და შეურაცხყოფს ქართულ გენს.

ის შეურაცხმყოფელი ტონი, რომლითაც ის არცთუ იშვიათად მიმართავს არა მხოლოდ განსხვავებულად მოაზროვნეებს, მთავრობის წევრებსაც კი: "გაქსუებული ხორცის ნაჭრები", "ჩარეცხილები" და ასე შემდეგ,  შეურაცხყოფს არა მარტო ადრესატს, არამედ მრავალათასიან ელექტორატს, რომელიც  ტელეეკრანს უზის იმედით, იქნებ ისეთი ღირსეული რამ გაიგოს, რაც მას სიცოცხლეს შემატებს. მაგრამ ვაი რომ, საპირისპირო  ხდება და ამ შემთხვევაში ავადსახსენებელი, მაგრამ ფართოდ მოარული ნულოვანი ტოლერანტობით გამართული უხამსობა ისეთ აღვირახსნილობას ამკვიდრებს მოქალაქეებში, ქცევის ისეთ არაადამიანურ ნორმებს გვთავაზობს, რომ უბრალო ფიქრსაც კი რამე სიკეთეზე კოლაფსში აქცევს.

შრომა იცავს ადამიანს გახრწნისაგან,  მაგრამ ართმევენ შრომის უფლებას. შემაძრწუნებელია ფიქრი იმაზე, რომ როცა ქვეყანაში უმუშევართა ურიცხვი ჯარი დგას, ასიათასობით ლტოლვილი გვყავს, ამ დროს, ასეთ უმძიმეს გარემოში, უამრავი უცხოელი ჩამოგვყავს სამუშაოდ. ვინ არიან ისინი? რა პრინციპით შეარჩიეს? მე, არა როგორც ხელოვანს, არამედ რიგით მოქალაქეს არ მესმის, ბატონებო, რა ხელით ან გულით ვაკეთებთ ამას? რა არის ეს?

გსურთ, მოკლათ საზოგადოება? ამას ვერ იზამთ! როგორც ბრძენი ამბობს, ინდივიდუუმი საზოგადოებაზე უფრო მყარია. მისი ახლო სამოქმედო სივრცე ცოცხლობს ჭეშმარიტი, ძლიერი სიცოცხლით, მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი მკვდარი გგონიათ, ის კი კვლავაც შობს თავის თავს! ეს არის ადამიანთა მოდგმის მისტიკური არსი და სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოება... იმედი!

მეტისმეტად არასასურველი და საგანგაშო ხმები ისმის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. როგორც ამბობენ, აგრერიგად ნაქები მანდატურები ზოგიერთ სკოლაში სამლოცველო კუთხეებს ხელყოფენ. რაშია საქმე? ბატონებო, მართლმადიდებლური ქრისტიანობის მრწამსი და  ქართული ცნობიერება, ქართველი კაცის ღირსება, უფრო მეტიც, მთლიანად მთელი მისი ბუნება და ამქვეყნიური ყოფნა, შრომა, ბრძოლა, უმკაცრეს სისხლიან საუკუნეებში გამოტარებული  ისტორია ქართულ დედაეკლესიასთანაა დაკავშირებული. ეს არის სწორედ ის, რისთვისაც ქართველი არათუ თავს, ყველაფერს გაწირავს, ყველაფერს, რაც გააჩნია. ამიტომ  ფრთხილად, აქ ნაკრძალია!

მითქვამს და კვლავაც ვამბობ: მეტისმეტად არასასურველ მდგომარეობაშია განათლების სისტემა, ქართული ხელოვნება, კულტურა და სპორტი, ცალკეული დარგის გამოკლებით, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ბიზნესი და სხვ. საქართველოში ჩვილი ბავშვი ხილულ სამყაროს ჯერ მშობელი დედის მკერდითა და შემდგომ გოგებაშვილის "დედაენით"  ეზიარებოდა. ეს იყო მისი ბუნებრივი განვითარებისა და სრულყოფისთვის ძალდაუტანებელი, ამქვეყნიური გზა და დასაწყისი ზეციური საქართველოსკენ მიმავალი ადამიანის ცხოვრებისა. ამიტომ დაუბრუნეთ ერის მამები ბავშვებს!

როგორც ვთქვით, საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა, იმისთვის, რომ თავი გადაერჩინა ან გადაირჩინოს, უცხო სტანდარტებითაც იცხოვრა და ახლაც ნაწილობრივ ცხოვრობს, მაგრამ ის უღირსი და სამარცხვინო არასოდეს ყოფილა!

თვით მძვინვარე მტერშიც კი აღტაცებას იწვევდა მისი პიროვნულობა და მაღალი ზნეობა. საქართველო და ქართველი ხალხი დროთა უკუღმართობით იძულებით მივიწყებულ წესს უნდა დაუბრუნდნენ.

მას კი ქართული წარსულის, აწმყოსა და გნებავთ, მომავლის რუდუნებით შესწავლა უნდა და არა ზიზილ-პიპილები და იხვებიანი  ტბის პანორამა! დასასრულ, ამონაწერი "ფილიპიკების" დაკარგული ფურცლიდან: "კუზიან დროში ჩირქი ჟონავს ფეხისგულიდან, რა თქმა უნდა, თუ ყური თავხედურად ყრუა სხეულში". მოვუსმინოთ, გულისყურს, ბატონებო!

P.S. რატომღაც მგონია,  "ფილიპიკების" დაკარგული ფურცლის "პოვნით" ბატონმა რეზომ კიდევ ერთხელ "გადახია" სათქმელი, რომელიც ბევრს ამბობს!..

"ბოლო სიტყვა მუდამ საზოგადოებრივ აზრს ეკუთვნის"

ნაპოლეონი