პრეზიდენტი მზად არის, ინტერვიუ მისცეს ნებისმიერ გამოცემას, მთავარია, ქართული არ იყოს... - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი მზად არის, ინტერვიუ მისცეს ნებისმიერ გამოცემას, მთავარია, ქართული არ იყოს...

ქართულმა ბეჭდვითმა მედიამ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად "ჯვაროსნული ლაშქრობა" უნდა მოაწყოს. ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი დავკარგეთ და უნდა მოვთხოვოთ რუსულ თუ ინგლისურენოვან ბულვარულ პრესას, ბოლოს და ბოლოს, დაგვიბრუნონ ჩვენი მიშა.

თუმცა, ხელისუფლების აზრით, ალბათ, შინაურ მღვდელს, ანუ მედიას, შენდობა არა აქვს. ეტყობა, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ შენდობა არც შინაურ პრეზიდენტს აქვს და ძალიან გაგვიგარეულდა. მარტო იმას არ ვგულისხმობთ, რომ ფრაზა - "სააკაშვილი ხანმოკლე ვიზიტით თბილისს ეწვია" - კარგად ასახავს რეალობას. ისიც ფაქტია, რომ პრეზიდენტი მზად არის, ინტერვიუ მისცეს ნებისმიერ გამოცემას, მთავარია, ქართული არ იყოს.

არადა, იყო დრო, როდესაც სააკაშვილი "კვირის პალიტრას" სიამოვნებით თანხმდებოდა ინტერვიუზე და ეამაყებოდა კიდეც, მისი აზრით, ყველაზე სახალხო და მაღალრეიტინგული გაზეთის ფურცლებიდან ხალხის დამოძღვრა.

KvirisPalitra.Ge"ვარდების რევოლუციამდე" რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 19 ნოემბერს მომავალი პრეზიდენტი "კვირის პალიტრას" ესტუმრა, სარედაქციო კოლეგიას გაეცნო, თანამშრომლებს სათითაოდ ჩამოუარა და გამარჯვებასაც დაჰპირდა. რევოლუციის შემდეგ კი ხუთჯერ მოგვცა ინტერვიუ (იხ. ფოტო)... მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს კი, როგორც თავად ამბობს, ქართულ პრესას არ ეცნობა (ალბათ შემოსწყრა), მაგრამ ჩვენ გვჯერა (ვიცით!), ბატონო პრეზიდენტო, რომ ახლაც კითხულობთ "კვირის პალიტრას"...

დღეს ქართულ პრესაზე განაწყენებული პრეზიდენტი ამერიკულ მედიას ესაუბრება. თუმცა, მარტო "ვაშინგტონ პოსტზე", "უოლ სთრით ჯორნალზე" ან მსგავს გამოცემებზე რომ იყოს ლაპარაკი, რაღა გვიჭირს. საგანგაშო ის არის, რომ ჩვენი მიშა უკვე რუსულ-უკრაინულმა ბულვარულმა მედიამ "დაითრია" და მისი ინტერვიუების ხარისხი თანდათან ისე "ყვითლდება", რომ აღარ იქნება საკვირველი, სააკაშვილი, მაგალითად, უკრაინული "ფლეიბოის" ან რუსული "სპიდ-ინფოს" გარეკანებზეც ვიხილოთ.

გასაგებია, რომ სააკაშვილის აზრით (ვახდენთ მისივე ციტირებას), "ქართული პრესა (პრესაც მრავალნაირი არსებობს) უაზრობებს ჯღაბნის და თავისივე ბოღმაში იხრჩობა". პრეზიდენტს ყველაფერი კარგად რომ აეწონ-დაეწონა, მიხვდებოდა, რომ ქართულ პრესას, "უაზრობების ჯღაბნის"”გარდა, სხვა პლუსებიც აქვს.

მაგალითად, ქართველი ჟურნალისტი როგორ კრიტიკულადაც უნდა იყოს განწყობილი სააკაშვილისადმი, პრეზიდენტს კაბინეტში მკერდზე გამოსახული პუტინის სურათით არ შეუვარდება და არც იმას დაწერს, სააკაშვილმა ჩემს ბიუსტს თვალი ვერ მოსწყვიტაო, როგორც ეს რუსული ბულვარული ჟურნალის GQ კორესპონდენტმა ქსენია სობჩაკმა გააკეთა.

იმაშიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქართული გამოცემის ჟურნალისტი, ისევ სობჩაკის არ იყოს, ქვეყნის პირველ პირს არ დაუსვამდა კითხვას, მართლა იმიტომ მოიძულეთ თინა კანდელაკი, რომ დიიიდი უარი გითხრათო? რას იზამ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პუტინის ფავორიტებს სობჩაკ-სოკოლოვას თვითმფრინავით ასეირნებს და მათი გიდის ფუნქციას ასრულებს, ქართული პრესა, შესაძლოა, მართლაც "ბოღმით დაიხრჩოს".

საქართველოს პრეზიდენტის კარი ღიაა "კომერსანტებისთვის", GQ-ებისთვის, "ნოვაია გაზეტებისთვის", "ეხო მოსკვებისთვის", "ბულვარ გორდონებისთვის" და სხვა რუსულენოვანი ყვითელი თუ არაყვითელი მედიისთვის. ამ ჩვენს რუს თუ უკრაინელ კოლეგებს არ შეუძლიათ, მეორე-მესამე კითხვით სააკაშვილს იმ ავადსახსენებელი ჰალსტუხის ეპიზოდი არ შეახსენონ. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ურჩევნიათ, სააკაშვილმა ჰალსტუხის ინციდენტზე მილიონჯერ ილაპარაკოს, ვიდრე ქვეყნის პრობლემების შესახებ კითხვებს უპასუხოს, რომელიც ქართულ მედიას მრავლად დაუგროვდა.

ქართულ მედიას ის პლუსიც აქვს, რომ, ალბათ, სააკაშვილი ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას ორლულიან ტყუილებს ვერ იტყოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ პრეზიდენტმა უკრაინულ ყვითელ“"ბულვარ გორდონას" მისცა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 400-600 დოლარია.

ქართულ გაზეთთან მიშა ამას არ იტყოდა, რადგან შესანიშნავად მოეხსენება, რომ ეს ფული მასწავლებლებს არც დაესიზმრებათ. შესაბამისად, ქართული გამოცემაც "ბოღმაში აღარ დაიხრჩობოდა" და პრეზიდენტს სიცრუეში არ დაადანაშაულებდა. ასევე, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, შესაძლოა, სააკაშვილს ქართულ ენასთან ცოტა კორექტულობა გამოეჩინა.

რუსულ-უკრაინულ ბულვარულ გამოცემებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის თავდასხმის ობიექტი რატომღაც ქართული ენა გახდა. იმავე "ბულვარ გორდონას" სააკაშვილი ეუბნება, რომ ქართულ ენაზე ქართველების გარდა არავინ ლაპარაკობს და ამიტომაც ყველამ "ინტეგრაციისთვის" ინგლისური უნდა ისწავლოს. გაგიკვირდებათ და, იქვე საქართველოს მოსახლეობას ჩინური ენის შესწავლისკენ მოუწოდა.

ჩინურ ენაში 40 ათასამდე იეროგლიფია და იქ ვინმეს რომ ეთქვა, ჩინურად მარტო ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს შიდა მოხმარების ენაა და ყველამ ინგლისური უნდა ვისწავლოთო, ჩინელებს აღშფოთების გამოსახატავად ეს იეროგლიფები არ ეყოფოდათ.

კიდევ ბევრი "მარგალიტის" ჩამოთვლა შეგვიძლია, თუმცა, ეს შორს წაგვიყვანს. ვთქვათ ის, რომ ქართულ პრესას მინუსებიც აქვს. მაგალითად, სერიოზული ჟურნალისტი, თუ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი მას ინტერვიუს მისცემს, რუსი ან უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით არ ჩაურთავს რეპლიკებს: "ფანტასტიკაა", “"რა მაგარია", “"რა კარგი ხართ", "ნეტავ ორი იყოთ"... თუმცა, რას ვერჩით ამ სლავ ჟურნალისტებს, მათ მიხეილ სააკაშვილი ისეთ საქართველოს უხატავს, ნახევარი მაინც სიმართლე რომ იყოს, დღეს თბილისს "მიშქალაქი" ერქმეოდა.

იმედია, პრეზიდენტი  დავით ბაქრაძესა და ნიკა გილაურს მაინც შეიცოდებს. მათაც უნდათ უცხოური მედიისთვის ინტერვიუს მიცემა და შესაძლოა, არც სლავი ჟურნალისტების ბიუსტების დათვალიერებაზე თქვან უარი. თუმცა, ვის აინტერესებს ქვეყნის მეორე ან მესამე პირი, როდესაც პირდაპირ პრეზიდენტისკენ გზა ხსნილი გაქვს, მთავარია, ქართული გაზეთი არ იყოს, დანარჩენი ტექნიკის საქმეა.

გიორგი კვიტაშვილი