ძირს ოდიოზური ოპოზიციონერები! - კვირის პალიტრა

ძირს ოდიოზური ოპოზიციონერები!

დღეს ქართულ ოპოზიციაში პოპულარულია შეხედულება, რომ ერთმანეთს არ უნდა ებრძოლონ და მხოლოდ ხელისუფლება აკრიტიკონ. ეს ყველაზე აბსურდული მოსაზრება მგონია, რაც კი მათგან მომისმენია (ცოტა ნამდვილად არ მომისმენია).

ჯერ ერთი, ამ პირობას ისინი ვერაფრით ასრულებენ და ერთმანეთს პრესის ფურცლებიდან მაინც ლანძღავენ (წინა კვირას ბურჯანაძის პარტია და "ეროვნული ფორუმი" მისდგა ერთმანეთს), მეორეც, ვიდრე ოპოზიციაში ოდიოზური ფიგურა მრავლად იქნება, ხელისუფლებას კონკურენციას ვერასდროს გაუწევენ. სააკაშვილს ყოველთვის ექნება საშუალება, კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობას უთხრას:

მე არ მოგწონვართ, გასაგებია, მაგრამ აბა, შეხედეთ ოპოზიციას და ნახეთ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ვინ ემზადებაო?! ოპოზიციას რომ შეხედავ, გული კი გაგისკდება კაცს. ჰოდა, წახვალ და ხმას ისევ სააკაშვილს მისცემ. ოპოზიციაში დისკრედიტირებული და ოდიოზური ფიგურების სიმრავლე ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი კოზირია.

სწორედ ამიტომ ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა (ასეთი თუ დარჩა) უნდა მოახერხოს ასეთი პარტიებისა თუ ძალებისგან დისტანცირება. უფრო მეტიც, უნდა დასძლიონ სიმორცხვე და საჯაროდ დაუპირისპირდნენ ასეთ ფიგურებს. უნდა დაუპირისპირდნენ იმისთვის, რომ ყველა ერთ ქვაბში არ მოიხარშოს, იმისთვის, რომ ისინი პენსიაზე გაუშვან, იმისთვის, რომ მათ სააკაშვილის საფრთხობელების როლი აღარ შეასრულონ. ოპოზიციის ერთი ნაწილი ხალხს საყვედურობს, ერთი ტომარა ფქვილის ან რამდენიმე ათეული ლარის სანაცვლოდ ხმას ხელისუფლებას რატომ აძლევთო. პასუხი მარტივია:

ეს ადამიანები ვერ ხედავენ, ვის გამო უნდა თქვან უარი თუნდაც მცირე დახმარებაზე. უფრო მეტიც, ხედავენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას არ იმსახურებს, თან მათ შორის განსხვავებაც არ ჩანს, თითქოს ყველა ერთად არის და არც არის ერთად. ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ანდა ურთიერთდანდობის ილუზიის შექმნას წერტილი უნდა დაესვას. ოპოზიციის ჯანსაღმა ძალებმა უნდა იბრძოლონ, რომ წამყვანი პოზიცია დაიკავონ, ხოლო ოდიოზური ფიგურები საბოლოოდ იქცნენ მარგინალებად. მათ ჯერ ოპოზიციის შიგნით უნდა გაიმარჯვონ და შემდეგ დაუპირისპირდნენ სააკაშვილს. და თუ ოპოზიციაში ასეთი ჯანსაღი და ძლიერი ძალები არ გამოჩნდებიან, მაშინ სააკაშვილი კიდევ დიდხანს იმეფებს.