"ხელისუფლება ისევ სირაქლემას პოზიციაშია, ამასობაში უბედურდება ქვეყნის მოსახლეობა და ამის ხარჯზე ასტრონომიულად იზრდება სათამაშო ბიზნესის მოგება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ისევ სირაქლემას პოზიციაშია, ამასობაში უბედურდება ქვეყნის მოსახლეობა და ამის ხარჯზე ასტრონომიულად იზრდება სათამაშო ბიზნესის მოგება"

5 აპრილს პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის შეზღუდვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. უკვე 2 თვეზე მეტია, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მდინარაძემ განმარტა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

აღნიშნული არგუმენტი მიუღებელი აღმოჩდა თავად ლევან გოგიჩაიშვილისთვის. მან დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ინიციატორები მის გარდა, უმრავლესობის წევრებიც არიან.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტთან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკური პროცესი იყო: "საკითხის ისტორია არის ძალიან მარტივი. პროექტი ჯერ კიდევ 6-თვის წინ განიხილებოდა. შესატანი იყო კენჭსაყრელ საკითხთა სიაში. მაშინ ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ იყო შეთავაზება, რომ შეცვლილიყო რადიუსი და განსაზღვრულიყო 100-მეტრიანი რადიუსი. ამაზე ბატონმა ლევანმა კატეგორიული უარი თქვა და კენჭისყრა ამის გამო შეჩერდა. მაშინ იყო კატეგორიული წინააღმდეგი - ახლა აღმოჩნდა, რომ აღარ არის კატეგორიული წინააღმდეგი. ეს არის პოლიტიკური პროცესი".

თავად კანონპროექტის ავტორის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩავარდა.

"ეს არის ლობირების და ამ შემთხვევაში ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინება, რომელსაც აქვს მონოპოლია მოპოვებული ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან და ამ კომპანიას ჰქვია "აუთდორი". ამის გამო ჩავარდა ეს კანონპროექტი, რომ მათ სერიოზულად ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. ეს სივრცე, აზარტული სივრცე პირდაპირი მნიშვნელობით ამ ქვეყანას აუბედურებს. პირადად მამუკა ბახტაძეს მივმართავ, მათ არ ეყოთ გამბედაობა წასულიყვნენ ხალხის მხარეს და დაიჭირეს მონოპოლისტური კომპანიის მხარე, რომელსაც თბილისის მერიამ ხელახლა გაუგრძელა ინტერესი გარერეკლამასთან დაკავშირებით.

ეს არის, კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის. არ არსებობს ლოგიკა, რომ პოლიტიკოსმა მხარი არ დაუჭიროს ამ იდეას იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია სოციალური თვალსაზრისით. მაინტერესებს ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონაპოლიურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს არ დავტოვებთ და მივიყვანთ ბოლომდე. ძალიან სამარცხვინო, შეურაცმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს".

სხოდმას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს.

"მე როგორც ვიცი, პრინციპის დონეზე მისაღებია ბატონი ლევანის შემოთავაზება, თუმცა არის გარკვეული დეტალები, რაც კიდევ დასაზუსტებელი და შესაჯერებელია, გარკვეული სახეცვლილებით თავად შევთავაზებთ პარლამენტს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ლევანის მიმართ იყო წინადადება, რომ გადადებულიყო კენჭისყრა, გადამუშავებულიყო პროექტი და ამის შემდგომ გვექნებოდა ერთიანი მხარდაჭერის პოზიცია, თემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არის, უბრალოდ დამუშავება უნდა დეტალებს.

მე არ ვიცი ბატონი ლევანი რას გულისხმობს და ვისზე საუბრობს, მაგრამ გავა დრო, ჩვენ ამ პროექტს დავუბრუნდებით და გარკვეული სახეცვლილებით მხარსაც დავუჭერთ, მემგონი ლევანის მხრიდან ნაჩქარევი შეფასებები სწორი არ არის, რადგან პროექტის მიმართ განწყობა პოზიტიურია".

დავით ჭიჭინაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: "აქ ხალხზე და კანონის შინაარსზე არავინ ფიქრობს, აქ ფიქრობენ იმაზე, თუ ვის გამოაქვს და გააქვს კანონპროექტები, ამიტომ ვფიქრობ, რომ უკვე პარლამენტი თავის თავის ლუსტრაციას ბოლომდე აჩვენებს, აქ შინაარსობრივად კანონებს აღარ უყურებენ. ისეთი გაბრაზებულები იყვნენ გოგიჩაიშვილის კანონზე, რომ მერე ინერციით  თავისივე განათლებოის კანონიც ჩააგდეს, აშკარად წითელი ღილაკების დაჭერას მიეჩვივნენ.

როცა უმრავლესობაში იყო ლევანი და ამ კანონმა ყველა კომიტეტი გაიარა, მაშინ ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი, არცერთი კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ არსებობს. კანონის ავტორი ოპოზიციაში რომ აღმოჩნდა, ამიტომ გახდა ცუდი კანონი? ეს ყველაფერი ხომ ორიენტირებულია არა ხალხზე, არამედ ატარებს პოლიტიკური ინტრიგის ხასიათს.

თუ დააკვირდებით ბევრი კანონი ჩვენთან იწყება კარგი სულისკვეთებით, მაგრამ მერე ერევიან ლობისტები და ვღებულობთ ისეთ კანონებს, რომელიც არ ადგება მოსახლეობას და ადგება კონკრეტულ ჯგუფებს, ასე ყველა საკითხში. ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ უკვე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ასეთი ისტორიის მქონე პარლამენტარიზმი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნება" იქნება, "ნაციონალური მოძრაობა" თუ "მოქალაქეთა კავშირი", ლობი, რომელი მომართულია კონკრეტული ჯგუფების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ეს მიდგომები უნდა დამთავრდეს ქართულ პარლამენტარიზმში".

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: "როგორც ვაკვირდები ამ "ოცნებას" ქართული აღარაფერი გააჩნია, არის ნიშნები იმისა, რომ "ქართული ოცნების" საფუძველზე თანდათან უფრო ფეხს იმაგრებს "რუსული ოცნება", ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ საქართველოს განვითარებისთვის რაიმე სახის სიკეთე მხოლოდ შესაბამისი დავიდარაბის საფუძველზე თუ შეირჩევა, რადგან თვითონ პარლამენტი გადაიქცა ძველბიჭურ სივრცედ.

ხელსიუფლება ისევ სირაქლემას პოზიციაშია, ამასობაში უბედურდება ქვეყნის მოსახლეობა და ამის ხარჯზე ასტრონომიულად იზრდება სათამაშო ბიზნესის მოგება. უკეთესი იქნება, რომ პარლამენტარები არა მხოლოდ ერთმანეთზე თავდასხმით, არამედ აკადემიურობითაც გამოირჩეოდნენ.

ამ საკითხის განხილვისას, აუცილებელია პარტიული ან პიროვნული მიდგომებით კი არ იხელმძღვანელონ, არამედ ყოველი გამონათქვამი უნდა იყოს ქვეყნისა და ხალხისათვის სასარგებლო".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ ჩაგდებული პროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი ხდება. პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში.

ამავე პროექტით აკრძალვას ექვემდებარება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინგადახდების განხორციელება.

(სპეციალურად საიტისთვის)