"დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის" - კვირის პალიტრა

"დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის"

"ჩვენთან, იმედი მაქვს, იქამდე არ მივა საქმე, რომ ვანო ჯავახიშვილი გახდეს ქვეყნის ლიდერი, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება" 5 აპრილს პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის შეზღუდვას ითვალისწინებდა, ჩააგდო, არადა, ლაპარაკი, რომ ამ მიმართულების ისეთი რეგულირებაა საჭირო, რაც მისი მავნე გავლენისგან საზოგადოებას დაიცავს, 2015 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით დაიწყო. ვხედავთ, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება. "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ გაიზარდა. 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო ერთ წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიებისა ერთად. მეტიც - საქართველოში აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში, ეს კი ნიშნავს უფრო გაღატაკებულ მოსახლეობას და არაერთ გაუბედურებულ ოჯახს. ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩაგდების შეფასებისას განაცხადა: "ხელისუფლება ისევ სირაქლემას პოზიციაშია, ამასობაში უბედურდება ქვეყნის მოსახლეობა და ამის ხარჯზე ასტრონომიულად იზრდება სათამაშო ბიზნესის მოგება". უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ კანონპროექტს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზები და ამ მიმართულებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მალე თვითონ საპარლამენტო უმრავლესობა გამოვა. განვლილი კვირის პოლიტიკური პროცესების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

გია ხუხაშვილი

- ორი აზრი არ არის, რომ სათამაშო ბიზნესში ჩართული კომპანიები, რომლებიც ამხელა მოგებას ნახულობენ, ყველანაირად ეცდებიან, ზეგავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე და მაქსიმალურად შეუშალონ ხელი რეგულაციების შემოტანას, ან ეს პროცესი მუდმივად გადაავადონ. რაც პარლამენტში ვნახეთ, იყო სწორედ ის, რომ ხელისუფლება ამგვარ ზეწოლას ვერ უძლებს, რასაც სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამას დაერთო პოლიტიკური დაპირისპირებაც პროექტის ავტორ ლევან გოგიჩაიშვილთან, რომელიც ცოტა ხნის წინ წავიდა უმრავლესობიდან. საბოლოოდ კი მივიღეთ ამგვარი შედეგი.

როცა დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ახალ კანონპროექტს თვითონ მოამზადებენ, ყველა ვხვდებით, ეს კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაჭიანურდეს. ამ საკითხის მორალური მხარე ნამდვილად ძალიან მძიმეა, რადგან ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეს პრობლემა უშუალოდ შეეხება.

ის ჭარბვალიანობაც, რის გამოც ასე შეშფოთებულია ჩვენი ხელისუფლება, პირდაპირ არის დაკავშირებული სათამაშო ბიზნესთან - ადამიანები ვალებს, უმეტესწილად, სწორედ ამიტომ იღებდნენ.

ამიტომაც ვფიქრობ, ეს თემა უნდა განიხილებოდეს საბანკო რეგულაციებთან ერთადაც. როგორც ერთი, ისე მეორე დაკავშირებულია ძალიან დიდ სოციალურ რისკებთან, მაგრამ ამას აქვს თავისი ეკონომიკური ჭრილიც. ამიტომ ამ ყველაფერს სერიოზული აწონ-დაწონა სჭირდება.

- თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში აშკარად რომ ვერ არის დალაგებულად საქმე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაშინაც, როცა პარლამენტარებმა ის კანონპროექტიც ჩააგდეს, რისთვისაც მხარი უნდა დაეჭირათ - ვგულისხმობ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა. ისევე როგორც მაშინ, როცა ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, ახლაც დაიწყო ქილიკი, რომ დეპუტატებს ღილაკები აერიათ... - შეიძლება ითქვას, რომ მომსწრენი ვართ მმართველობითი კრიზისის ბოლო ფაზის, როდესაც "ბაბილონის გოდოლის" ნგრევის ტრაგიკომედია კომედიურ ხასიათს იღებს.

როდესაც ხელისუფლება მუდმივად დაცინვის ობიექტი ხდება, ეს არის სიმპტომი, რომ მისი დასასრული მოახლოებულია.

ვიცით, რომ "ქართული ოცნება" თავიდანვე იყო სრულად ეკლექტური გაერთიანება. ამ ადამიანებს არაფერი აერთიანებდათ, გარდა ერთი ადამიანის რესურსისა და ავტორიტეტისა. მას მერე, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი დაანგრია და მისი ავტორიტეტი საგრძნობლად შეირყა, ეს ეკლექტიკა გადავიდა დაპირისპირების ფაზაში, რის მერეც ვაკვირდებით რღვევის პროცესს. ჯერჯერობით რღვევა შეფერხებულია და ესეც ივანიშვილის ფაქტორით არის გამოწვეული, რომლის მიმართ გაჩნდა ეჭვი - არის თუ არა ის რეალურად ლიდერი; თუმცა ძალის ცენტრად კვლავ რჩება.

ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან მერკანტილური მიზნებით და პირადი ამოცანების გადასაწყვეტად, ისევ რჩებიან ამ გაერთიანებაში, რადგან მიიჩნევენ, რომ კეთილდღეობის მიღება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელიდან შეიძლება. მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალია... ამის ერთ-ერთი კომპონენტია ეს კომედიური ჟანრის პროცესები, როდესაც ხან ღილაკები ერევათ პარლამენტში, ხან აკუსტიკა არ უვარგათ და არ ესმით, რომელ კანონპროექტს როდის უყრიან კენჭს და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას? და რა შანსი აქვს მას, რომ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალოს? - დავიწყოთ სამეგრელოში მისი ვოიაჟით, რაც აშკარად საარჩევნო კამპანიის დასაწყისი იყო. რა ფორმითაც ეს მოხდა, არ არის მისი პოლიტიკისთვის დამახასიათებელი. როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით, ამ ტიპის, თეთრი ძაფით ნაკერი საარჩევნო მოქმედებები მისთვის მიუღებელი იყო და ამგვარ აქციებში მონაწილეობას მუდმივად ეწინააღმდეგებოდა. როგორც ჩანს, ის არის პოლიტიკურ დეპრესიაში და უკვე თავისთვის მიუღებელი წითელი ხაზებიც გადაკვეთა, ამასთან, ძალიან უხარისხო დადგმებში მონაწილეობს, რაც სამწუხაროა. ეს არის მისი პირადი და, საზოგადოდ, ქართული პოლიტიკის დრამა.

ეს ერთხელაც აჩვენებს, რომ მთავრდება ეს ისტორიული ეტაპი. ახლა ვართ გარდამავალ პერიოდში.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად მშვიდად გაიაროს ქვეყანამ და სახელმწიფოს გრძელვადიანი სტაბილურობის ფუნდამენტური პრინციპები არ დაზიანდეს.

როგორც ვთქვი, "ქართული ოცნების" დეგრადაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ის, ალბათ, შეფერხდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ისევ ხელისუფლების ხელშია თავმოყრილი ყველა რესურსი, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური ნაკადებიც, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ,… ეს კი "ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე გარკვეულ შანსებს უტოვებს.

- ალბათ, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი იმედი ისიც არის, რომ ხელისუფლების რეალური და ძლიერი ალტერნატივა ჯერ არ ჩანს... - გეთანხმებით, "ქართულ ოცნებას" ნამდვილად აძლევს ხელს ის, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას", პრაქტიკულად, აღარ ჰყავს ნატურალური ამომრჩეველი, ანუ ამომრჩეველი, რომელიც მათზე ამყარებს იმედს და აქვს რაციონალური არგუმენტები თუნდაც თავისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა მოახერხებს და უკეთეს საქართველოში გვაცხოვრებს. ისინიც კი, ვინც ჯიუტად ისევ "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს, ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლის დამსახურებაზე და არა იმაზე, რომ ხვალ რაღაც უკეთესად იქნება.

ხელისუფლებას აქვს ძალიან სუსტი მცდელობები, რომ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას. "ანტიმიშას" ფაქტორი, რის ექსპლუატირებასაც აქამდე ეწეოდა "ქართული ოცნება", აღარ მუშაობს. ჯერ ერთი, ძალიან გაცვდა ცხრა წელზე ლაპარაკი, მეორეც - "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მორალური უპირატესობა მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლამის ყველა მანკიერი სისტემა გადმოიბარა და, ფაქტობრივად, გამოაცხადა, მე ვარ "კოლექტიური მურუსიძის" სამართალმემკვიდრეო...

დღეს ამომრჩეველს უჩნდება მარტივი კითხვა: რაზე თქვა ამ ხელისუფლებამ უარი "ნაციონალთა" მემკვიდრეობიდან?

საბედნიეროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ არის ისეთი რეპრესიული, როგორიც იყო "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ფუნდამენტურ მანკიერებებზე უარი არ უთქვამს. შეინარჩუნა მოსმენების, მაჟორიტარების და აბსოლუტურად გაკოტრებული და რეპუტაციადაკარგული მართლმსაჯულების სისტემები. უარს არ ამბობს ფინანსების კონტროლზე და ისევ მმართველი პარტიის დამფინანსებელთა რიგში დგება ყველა პოტენციური დამფინანსებელი.

კი ბატონო, ეს ხელისუფლება ისეთი სასტიკი არ არის, როგორიც წინა, მაგრამ აქ უკვე სხვა კითხვა ჩნდება: რატომ არ არის სასტიკი? იმიტომ, რომ ჰუმანურია, თუ იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, ამის თავი არა აქვს?

მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ მარტო ხელისუფლება კი არ არის დისკრედიტირებული, სამწუხაროდ, მთელი პარტიული ელიტაა ღრმა კრიზისში, რასაც ბოლო კვლევებიც აჩვენებს. როდესაც ამომრჩევლის 55% გეუბნება, რომ არ არსებობს საქართველოში პარტია, რომელიც მის გემოვნებას მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს, დაახლოებით 20% კი ამ კითხვას პასუხს საერთოდ არ სცემს, ეს ნიშნავს, რომ ქართველ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია დაკარგა მთლიანად პოლიტიკურმა ელიტამ და არა - მხოლოდ ხელისუფლებამ. მაგრამ ხელისუფლების დაკარგული ლეგიტიმაცია საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან ამას შეიძლება არაპროგნოზირებადი პროცესები მოჰყვეს.

- თქვენი თქმით, კი ამოწურა თავი "ანტიმიშას" თემით სპეკულირებამ, მაგრამ სააკაშვილის ყოველი გააქტიურება მაინც მნიშვნელოვანწილად მმართველი ძალის წისქვილზე ასხამს წყალს. გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც საზოგადოების ნაწილის კონსოლიდაცია სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ მოხდა... - ჩემი აზრით, ამ მიმართულებით "ქართულმა ოცნებამ" ბოლო რესურსები სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოიკრიბა. საზოგადოდ, მასობრივი ფსიქოზის ინიცირება, განსაკუთრებით - ხელისუფლების მხრიდან, დამახასიათებელია ქართული არჩევნებისთვის, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურამდე მართლაც სასწაული მოახდინა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ეს მასობრივი ფსიქოზი გადავიდა მასობრივ ისტერიკაში. ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, არმაგედონის სურათი დახატა და მთელი საზოგადოება სტრესში ჩააგდო. სწორედ ამ სტრესზე რეაგირება იყო ის, რაც მეორე ტურში მოხდა... მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, საიდანაც გამოსვლა, ფაქტობრივად, ძალიან მძიმე, ხანგრძლივი დეპრესიის გავლით ხდება. დღეს სწორედ ამ დეპრესიულ მდგომარეობაში ვართ.

მომავალ არჩევნებზე ეს ფაქტორი, ვფიქრობ, ძალიან სუსტად, ან საერთოდ აღარ იმუშავებს; ან შეიძლება უკუშედეგიც მოუტანოს ხელისუფლებას.

ხელისუფლება ამ კუთხით აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს. საქმე ის არის, რომ სხვა არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო. კობახიძე და სხვები ახლა ამბობენ, რომ შავგულიძე მკვლელებს შეეკრა და ა.შ. ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, განსაკუთრებით - ისეთი პერსონაჟების მხრიდან, როგორიც კობახიძეა, რომელსაც მთელი ცხოვრება არც გირგვლიანი აინტერესებდა და რომლისთვისაც 2013 წლამდე თვალი არსად მოგვიკრავს.

ის, ფაქტობრივად, ბუჩქებიდან გამოაძვრინეს და დასვეს თანამდებობაზე. რომელი მებრძოლი და გირგვლიანის მედროშე ის იყო?!

ფაქტობრივად, ამ ნარატივით დაიწყო ზუგდიდიდან შუალედური არჩევნების საარჩევნო კამპანია მმართველმა პარტიამ, მაგრამ ხომ ნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე იმის ახსნა უწევს საზოგადოებისთვის, თუ რატომ არ ანებებენ თავს ცხრა წელზე ლაპარაკს და მათი არგუმენტები უკვე ძალიან სასაცილოდ ჟღერს.

ასე რომ, "ანტიმიშას" ისტერიკა დასრულდა, მით უფრო, რომ მომავალი არჩევნები მაინც მულტიპარტიული იქნება.

თუ აკვირდებით, ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი აქცენტს ამომრჩეველზე აღარც აკეთებს. ისინი საკმაოდ უხეში მეთოდებით მოქმედებენ, მაგალითად, მუშაობენ პრინციპებით - მე მეტს გადავიხდი, ვიყიდი და ა.შ. აქცენტს აკეთებენ რესურსების კონტროლზე და მიიჩნევენ, რომ მათი ამოცანა პოლიტიკური სივრციდან "ნაციონალური მოძრაობის" გაყვანა კი არ არის, არამედ ალტერნატიული ცენტრების ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ამღები არავინ არის. ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა, როგორმე ალტერნატიული არჩევანი შექმნას, რომ 2020 წლისთვის მივიღოთ მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემა და პოსტსაარჩევნო კოალიციები. შეიძლება ეს არ არის იდეალური მოდელი, მაგრამ ჩვენმა პოსტსაბჭოურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა საბოლოოდ მიდის ძალაუფლების უზურპაციამდე და ქვეყანა ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე ტრიალებს. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ძალაუფლების ხიბლს...

დღეს "ქართული ოცნებაც" საკუთარი უსაფრთხოების გარანტიად მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლებას ხედავს. ისინი იმის უფლებასაც ვერ აძლევენ თავს, რომ თუნდაც ერთი უმნიშვნელო არჩევნები წააგონ.

ახლა მოდის შუალედური არჩევნები და მათ ისევ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოაცხადეს, განსაკუთრებით - ზუგდიდში, სადაც არჩევნები მათთვის აშკარად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აღიქმება.

- პარლამენტმა "მინისტრის საათის" ფორმატით მოუსმინა თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, რომელმაც ძალიან საინტერესო რამ განაცხადა - იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი გეგმაო... თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მისმა გამოსვლამ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება? - სიმართლე გითხრათ, თავდაცვის მინისტრის გამოსვლისთვის სრულად არ მომისმენია. იმ ფრაგმენტული ინფორმაციებით, რაც მივიღე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო ისევ ლოზუნგები და არა - სიღრმისეული ხედვა. მან საკმაოდ არადამაჯერებლად უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც თავდაცვის სისტემაში ბოლო ხანს გამოვლენილ პრობლემებს შეეხებოდა. კარგია, თუ აქვთ გეგმები და გვყავს ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ჯარი, მაგრამ ამგვარ განცხადებებს ვისმენდით 2007 წელსაც, რასაც 2008 წელი მოჰყვა...

სამწუხაროდ, არ მაქვს საფუძველი, რომ ეს განცხადებები დავიჯერო. არადა, ქვეყანა დღეს ძალიან საინტერესო ფაზაში შედის, როდესაც ნატო აქტიურობას იწყებს შავ ზღვაში, იქ, სადაც რუსეთი დომინირებს და ეს აუცილებლად უნდა დაბალანსდეს. ამ პროცესში თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოსაც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნატოს ამგვარ აქტიურობას შესაბამისი საფრთხეც მოჰყვება.

მირჩევნია, ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ამ საფრთხეზეც ფიქრობდეს და საზოგადოდ, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა აანალიზებდეს და ითვალისწინებდეს ამგვარ გამოწვევებს. გააქირაოს იზორიამ სარფიანად ბინები, მაგრამ ამაზეც იფიქროს...

- მოგეხსენებათ, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც კომიკოსმა მსახიობმა და შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი - 15.92%. ამ მაჩვენებლით კარგად ჩანს, რომ უკრაინაში, ისევე როგორც ჩვენთან, პოლიტიკური ელიტისადმი ამომრჩეველი გაუცხოებულია... - უკრაინაში უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე საქართველოში. სამწუხაროდ, იქ უფრო შორს წავიდა სისტემური პრობლემის ბოლო კომედიური ფაზა და ვხედავთ, რომ კომედიანტს ირჩევენ პრეზიდენტად.

წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა უკრაინაში... იქ თითქმის ყველა მიმართულებით არის ურთულესი პრობლემები - ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი, კორუფციის ჭაობაშია ჩაძირული პოლიტიკური ელიტა, ხალხი ვერ გრძნობს ვერანაირ პოზიტივს, უკრაინელი საზოგადოება ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაშია.

სტრესისა და უიმედობისას ადამიანი ეძებს მცირე პოზიტიურ სიახლეს მაინც, აღარ უნდათ დრამა, ომი, უბედურება... სწორედ ამან განაპირობა ზელენსკის წარმატება... არა მგონია, უკრაინელებს იმედი ჰქონდეთ, რომ ზელენსკი სასწაულს მოახდენს, მაგრამ ხალხი ფიქრობს, თუ ვერაფერს გააკეთებს, გამაცინებს და ხანმოკლე, მაგრამ დადებით ემოციას მაინც მივიღებო... აღარ შეუძლიათ ამ სერიოზულსახიანი პოლიტიკოსებისგან ცუდი ამბების მოსმენა. ზელენსკი არის პროტესტი პოლიტიკური ელიტის მიმართ!

ჩვენთან, იმედი მაქვს, იქამდე არ მივა საქმე, რომ ვანო ჯავახიშვილი გახდეს ქვეყნის ლიდერი, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ჩვენთანაც მოხდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.