ვინ ლობირებს სათამაშო ბიზნესს პარლამენტში?!
ვინ ლობირებს სათამაშო ბიზნესს პარლამენტში?!
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 500 ათასი მოქალაქე, მათ შორის უმეტესად არასრულწლოვნები და ახალგაზრდები, თამაშდამოკიდებულია; მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ბევრი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეშია ჩავარდნილი; მიუხედავად იმისა, რომ ლუდომანიას ადამიანები სუიციდამდე მიჰყავს და ბევრი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი სწორედ აზარტულ თამაშებში წაგებული თანხაა, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას შეეხებოდა.

ჩავარდნის მიზეზი უმრავლესობამ ასე განმარტა: სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ არ ეთანხმება ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, აზარტული თამაშების გარე
რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს და ავტორს კანონპროექტის ხელახლა, ახალი ფორმულირებით შეტანა შესთავაზეს. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ ამ გზით ხელისუფლება აზარტული თამაშებისთვის რეგულაციების დაწესების გაჭიანურებას ცდილობს. ანუ მივიღეთ ვითარება, როცა მთავრობა ბევრს ლაპარაკობს ამ თემაზე, მაგრამ არაფერს აკეთებს და ყოველი
შესაძლებლობისთანავე შეზღუდვების დაწესებას სახვალიოდ დებს. კანონპროექტის ავტორმა ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ ამ რეგულაციების ჩავარდნა ბიზნესის ლობირების შედეგია, კონკრეტულ შემთხვევაში იმ კომპანიის, რომელიც ქალაქში გარე რეკლამის სივრცეს აკონტროლებს.

რა რეგულაციას აწესებდა ჩაგდებული კანონპროექტი


მართალია, საპარლამენტო უმრავლესობამ ლევან გოგიჩაიშვილის ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო, მაგრამ გვარწმუნებენ, რომ პათოსს იზიარებენ და უახლოეს მომავალში საკუთარ ინიციატივას წარადგენენ, რომლის შემუშავებაშიც საპატრიარქოც ჩართულია. როდის დადგება ეს "უახლოესი მომავალი" ან დადგება თუ არა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ მმართველი პარტიის წევრები ჯერ ვერც იმას აკონკრეტებენ, რით იქნება მათი კანონპროექტი ჩაგდებულისგან განსხვავებული. ამ უკანასკნელში ეწერა: "კანონპროექტის მიზანია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში (გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა), აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში. ასევე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მხოლოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება.

ასევე კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშებისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომლის ფართობი აღემატება 10 კვადრატულ მეტრს".

"ლობისტები მათ შორის უნდა ვეძებოთ, ვინც ხმა არ მისცა კანონპროექტს. როგორც ვიცი, ამის წინააღმდეგი იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის რამდენიმე წევრი"


ეკა ბესელია, პარლამენტის წევრი: "ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი იყო აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამის აკრძალვა. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია ასე - როგორც კი შემოდიხარ აეროპორტიდან, პირველად კაზინოებისა და აზარტული ონლაინთამაშების სარეკლამო ბანერები გხვდება თვალში. გასაგებია, რომ ერთ მხარეს არის ბიზნესი, მაგრამ მეორე მხარეს არის მოსახლეობის ინტერესი. აზარტულ თამაშებში ჩართვის ცდუნებისგან უნდა დავიცვათ ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები და მათ შორის სრულწლოვნებიც.


თავის დროზე, როცა ჩვენი იურიდიული კომიტეტი მუშაობდა აზარტული თამაშების რეგულაციებზე და სამუშაო ჯგუფიც შევქმენით, ჩვენი მიზანი იყო რეგულაციების გზით წასვლა განსაზღვრული აკრძალვებისკენ. აშკარაა, რომ პარლამენტში იმ კომპანიების ინტერესებს გაუწიეს ლობირება, რომლებსაც ეს ბიზნესი აქვთ, ლობისტები კი მათ შორის უნდა ვეძებოთ, ვინც ხმა არ მისცა კანონპროექტს. როგორც ვიცი, ამის წინააღმდეგი იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის რამდენიმე წევრი. ამ კანონპროექტის თაობაზე რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა პარლამენტში და მცდელობაც იყო, ლევან გოგიჩაიშვილს უკან გაეტანა და არ დაეყენებინა ეს საკითხი კენჭისყრაზე. დღესაც პირდაპირ ამბობენ, გადავდოთ და იქნებ კიდევ შევარბილოთო. იმდენი ხანია ამ თემაზე მიდის შიდა დისკუსია, შეთანხმებაც იყო მიღწეული, ის მინიმალური აკრძალვა მაინც შემოგვეტანა, რომელიც დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში აკრძალულიყო აზარტული თამაშების რეკლამა. ლევანმა შესთავაზა, უკანა პლანზე გადაგვედო უთანხმოება ყოფილ თანაგუნდელებს და გვეფიქრა გაუბედურებულ ოჯახებზე, რომლებიც ამ დღეში სწორედ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ჩააგდო, მაგრამ რეგულაციები მაინც არ მიიღეს. ვერ გაბედეს, პირველი მოსმენით მაინც მიეცათ ხმა და მეორე მოსმენისას გვემსჯელა, 200 მეტრი უნდა ყოფილიყო დაშორება თუ ნაკლები. მმართველი პარტია უკან იხევს და მორალურ კომპრომისზე მიდის საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში და ამით ეწინააღმდეგება მოსახლეობის სურვილსა და მოთხოვნებს".

"1000 გამოკითხულიდან 56% თამაშდამოკიდებულია და, ძირითადად, აზარტულ ონლაინთამაშებზე"


თამარ ჯაფარიძე, "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი:
"ამ კანონპროექტზე უარით პარლამენტმა უარი უთხრა მოსახლეობას ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, ფაქტობრივად, ახალგაზრდებს მომავალზე უთხრა უარი. ამ კანონით შეიზღუდებოდა სარეკლამო სივრცე სათამაშო ბიზნესისთვის, რაც არაერთ პრობლემას აღმოფხვრიდა. ჩვენი ხელისუფლების დიდი უმეცრებაა ჭარბი სარეკლამო სივრცის დათმობა აზარტული თამაშების რეკლამისთვის, განსაკუთრებით, დედაქალაქში.

რომელ ქვეყანაში გინახავთ სათამაშო ბიზნესის ასეთი აგრესიული რეკლამა? სად ნახეს ავტობუსის გაჩერებებზე სათამაშო ბიზნესის სარეკლამო ბანერები? ჩვენთან ყველა მხრიდან დაგცქერის, თვალს იპყრობს და გაცდუნებს. ბოლო დროს თამაშის მსურველებს სთავაზობენ, ერთად გავფრინდეთო. ვერ გავფრინდებით და პირიქით, უფსკრულში ჩავიჩეხებით! უახლესი კვლევის მონაცემს მოგახსენებთ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა" ჩაატარა (სხვათა შორის, კვლევა თბილისის მერიამ დააფინანსა). 1000 გამოკითხულიდან 56% თამაშდამოკიდებულია და, ძირითადად, აზარტულ ონლაინთამაშებზე. ესენი არიან 14-16 წლის ბავშვები, აზარტულ თამაშებში ბიჭები თუ გოგონები თანაბრად არიან ჩართული. თუ გვგონია, კვლავ 500 ათასი კაცი გვყავს ლუდომანიით დაავადებული, ძალიან შევმცდარვართ, მათ რიცხვი ყოველ­წლიურად იზრდება, როგორც აზარტული ბიზნესის ბრუნვა. სანამ ჩვენი პარლამენტარები აზარტულ თამაშებს არ ზღუდავენ, კიდევ ბევრი ახალგაზრდა ამბობს უარს ჯანსაღ მომავალზე, კიდევ ბევრი ოჯახი ღატაკდება და უბედურდება, გამოსავალს ეძებს სიკვდილში, სამაგიეროდ, სათამაშო ბიზნესის მილიარდები ერთიორად იზრდება".
იეთიმი
09 აპრილი 2019 11:16
და ეკლესიამაც რომ ცოტა მეტად ამოიღოს ხმა არ შეიძლება? თუ მარიხუანასთან დაკავშირებით ეს შეძლეს ახლა რატომ უფრო არ აქტიურობენ?.
Gorgasali
09 აპრილი 2019 07:41
ყველა თანაბრათ უნდა აილაგმოს,შეუწყდეთ საქმიანობა,ჩემი თანამშრომელი ხელფასს იღებს და მერე მეორე დღეს სიგარეტს გვთხოვს,აბა მომავალი ექნება ამათ ხელში?
###
08 აპრილი 2019 18:08
ეხლა მე შევქმნი "მოთამაშეთა პარტიას"!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?