"ჩემს ჯიბრზე ნუ ჩააგდებთ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს" - კვირის პალიტრა

"ჩემს ჯიბრზე ნუ ჩააგდებთ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს"

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. კანონპროექტის ავტორი ამას შურისძიებად თვლის და პირობას დებს, რომ კანონის მიღებისთვის სხვადასხვა ხერხით იბრძოლებს.

- დღეს "ოცნების" პირველი შემომწირველი შუალედური არჩევნებისთვის კომპანია "აუთდორია". სწორედ მის პირდაპირ ინტერესს მოარგეს ამ კანონპროექტის ჩაგდება. ამ კომპანიას მთაწმინდის არჩევნებზე 60 ათასი ლარი აქვს შეწირული. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინტერესს ორი რამ ამჯობინეს: გაითვალისწინეს "აუთდორის" ინტერესი და კანონი ჩააგდეს იმის გამო, რომ მას ჩემი ხელმოწერა ჰქონდა. არადა, არაერთხელ მითქვამს, კანონპროექტს სხვა ავტორებიც ჰყავს-მეთქი, რომლებიც დღეს "ოცნებაში" არიან, ამიტომ ჩემს ჯიბრზე ნუ ჩააგდებთ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს.

- კომპანია "აუთდორს" ვინ ლობირებს პარლამენტში? - ამ კანონპროექტის ბედი სამი კაცის ხელში იყო, რადგან ჩავარდა, პასუხისმგებლობაც მათზეა. სხვათა შორის, ქალაქ თბილისის მერიამ "აუთდორს" ხელახალი მონოპოლია გაუფორმა.

- ვინ დგას მის უკან? - თუ არ ვცდები, კომპანიის მეწილეები ფხაკაძეები არიან.

- კობახიძესა და ბახტაძეს რა ინტერესი აქვთ? - ვფიქრობ, მათ ხმა მიაწვდინეს და სთხოვეს, კანონპროექტი არ მიეღოთ, რადგან ეს კომპანიას დაარტყამდა.

- აზარტული თამაშების რეგულირება აუცილებლად მიაჩნია "ქართული ოცნების" დიდ ნაწილსაც... - მეორე კანონპროექტი, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებაზეა, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს. თუ არადა, ვეცდები მე დავარეგისტრირო... მაგრამ აღარაფრის მოლოდინი აღარ მაქვს. გული მტკივა, ფასი აღარ აქვს არაფერს.

- "კრისტალბეთის" დამფუძნებელ დეპუტატს თუ შეეძლო კოლეგებზე ზეგავლენა? - დრო გვაჩვენებს, ვის რა გავლენა ჰქონდა ამ პროცესზე.

- როგორც ვიცი, ეთიკის საბჭოში აპირებთ ამ საკითხის განხილვას. - ვეცდები, ეს საკითხი ყურადღების გარეშე არ დავტოვო. ამ კანონპროექტის ჩავარდნით ყველაზე მეტად გული დასწყვიტეს მათ, ვისაც აზარტული თამაშების გამო პრობლემები აქვთ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ მონოპოლიებს დაუჭირა მხარი. დაახლოებით შვიდმა დეპუტატმა კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენაზე დაუჭირა მხარი. მაგალითად, სოფიო კილაძემ, ანრი ოხანაშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და რეზო არველაძემ, მაგრამ შემდეგ მხარდაჭერა გადაიფიქრეს.

- რატომ ჩავარდა გამოცდების გაუქმების კანონპროექტი?

- ის კანონპროექტი, რომელიც მე მქონდა წარდგენილი, მოიცავს რამდენიმე პაკეტს და როგორც ჩანს, დირექტივებით დაშინებულებმა იფიქრეს, ესეც გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო პაკეტის გაგრძელებააო და ჩააგდეს. ღილაკები არ არევიათ, შეგნებულად არ დაუჭირეს მხარი.