"პარტიიდან წასვლაც და მოსვლაც პოლიტიკის ნაწილია" - კვირის პალიტრა

"პარტიიდან წასვლაც და მოსვლაც პოლიტიკის ნაწილია"

"ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებულმა მედიამ რამდენიმეჯერ სცადა სენსაციად მოენათლა ის, რომ უმრავლესობას ინტერნეტჩათი აქვს"

მმართველ პარტიაში დაძაბულობა გრძელდება. დატოვებენ თუ არა "ოცნებას" სხვა ლიდერებიც, მალე გამოჩნდება. რატომ არის უმრავლესობისთვის პრინციპული საკითხი სასამართლოში იმ ჯგუფის მხარდაჭერა, რომელსაც კლანი შეარქვეს.და რატომ ითხოვდა კობახიძე პარტიიდან 6 დეპუტატის გარიცხვას, ამ საკითხებზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს ვესაუბრეთ:

- პროცესი, რომელიც "ქართულ ოცნებაში" მიდის, კიდევ უფრო გაუხსნის კარს მომავლის ხედვის მქონე წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, პოლიტიკასა და შემდგომ პარლამენტში. ეს ეხება ყველა თაობის წარმომადგენელს. გამოცდილი და საზოგადოებისთვის ცნობილი წევრები გუნდის ძლიერი მხარეა - ჩვენ განახლებული შემადგენლობითა და პოლიტიკური პროგრამით შევხვდებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

თითოეული თანაგუნდელის წასვლა დიდი დანაკარგია, თუმცა რთულ საკითხებს სჭირდება გადაჭრა და ასეთ დროს საზოგადოებას ვერ ვეტყვით, რომ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ იმიტომ, რომ რამდენიმე წევრმა შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს.

- მაინც, რას უკავშირებთ პარტიიდან თანაგუნდელების წასვლას?

- საჯარო განცხადებებში გადაწყვეტილება ზოგიერთმა სასამართლოს დაუკავშირა, ზოგიერთმა კი საპენსიო სისტემის საკუთარი მოდელის წარდგენას. საპენსიო სისტემა უკვე მიღებული იყო და ფონდი მუშაობს, სასამართლოზე კი ისეთ კანონს მივიღებთ, საზოგადოების მოთხოვნებს ადეკვატურად რომ უპასუხებს.

- რატომ არის "ოცნებისთვის" პრინციპული საკითხი სასამართლოში არსებული კლანის მხარდაჭერა? - 2012 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით სასამართლოს გათავისუფლება "ნაცმოძრაობის" წნეხისგან. ამ პარტიისა და მასთან დაკავშირებული სატელიტების გააქტიურება სასამართლოს წინააღმდეგ სწორედ ამ დროს დაიწყო - პროპაგანდის მანქანა ჩართეს მაშინ, როცა სასამართლოზე კონტროლი დაკარგეს. აშკარაა, რომ დღეს მოქალაქეები სამართალს ბევრად თავისუფლად და ბევრად მეტ შემთხვევაში პოულობენ. ამაზე მიუთითებს სტრასბურგში წასული საჩივრების მკვეთრი კლება.

- მოსამართლეთა შერჩევის წესზე უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონი ხომ არ ნიშნავს, რომ "ოცნება" საზოგადოების აზრს უგულებელყოფს? - კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის წარვადგინეთ, პრაქტიკულად, სრულად ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნებს:

1. შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა: კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ როგორც მოსამართლე პირებს, ასევე იურისტებს, რომლებიც არ მუშაობენ ამ სისტემაში.

2. სიის ფორმირება საბჭოში გამჭვირვალეა, კრიტერიუმები საჯაროა, თითოეული კანდიდატის შეფასებაც ხელმისაწვდომია. საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრებს რეალური გავლენა აქვთ პროცესზე.

3. პარლამენტში წარდგენილი კანდიდატურების განხილვა და მათთან ინტერვიუებიც საჯაროა და მიმდინარეობს იმავე სტანდარტით, როგორითაც ამერიკის კონგრესში. კანდიდატები სათითაოდ წარუდგებიან კომიტეტს და საჯაროდ უპასუხებენ კითხვებს.

4. კანდიდატურების კენჭისყრა ხდება სათითაოდ. პარლამენტს აქვს უფლება დაამტკიცოს მხოლოდ ის კანდიდატურები, რომლებიც, მისი აზრით, პასუხობენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის საჭირო მოთხოვნებს. ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა ეს ინიციატივა. ჩამოსულია წარმომადგენლობითი დელეგაცია... რა თქმა უნდა, პარლამენტი არ არის ვალდებული, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცოს, ამტკიცებს მათ, ვისაც ენდობა.

- რატომ ითხოვდა ირაკლი კობახიძე პარტიიდან 6 პირის გარიცხვას?

- მე როგორც ვიცი, არ ითხოვდა. ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებულმა მედიამ რამდენიმეჯერ სცადა სენსაციად მოენათლა ის, რომ უმრავლესობას ინტერნეტჩათი აქვს, ან ის, რომ ზოგჯერ საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და თანაგუნდელების ინფორმირება ხდება. დღეს ნებისმიერ კომპანიაში თუ სამუშაო ჯგუფში, სკოლებშიც კი აქვთ ინტერნეტჯგუფები ინფორმაციის სწრაფად გასაზიარებლად.

- მოსალოდნელია თუ არა, რომ გუნდი კიდევ სხვებმაც დატოვონ? - თუ ასე წარმოგიდგენიათ, რომ ვსხედვართ და ველოდებით წევრების წასვლას, გიპასუხებთ, რომ არა. ეს პოლიტიკაა, წასვლაც და მოსვლაც პოლიტიკის ნაწილია და ორივეს აქვს წინა პირობები.

- ფარული ჩანაწერების თემაზეც მინდა გკითხოთ. რატომ არ გამოიძიეს აქამდე ეს საქმე? - ფარული ჩანაწერების მასობრივი დამზადება და ფაბრიკაცია წინა ხელისუფლების საქმე იყო. ციფრული ფორმატის უკანონო ჩანაწერები, რომლებიც უკანონო არხებით ვრცელდებოდა, უკანონოდ ინახებოდა და ვინ იცის, ვის სად მიჰქონდა. ამ დანაშაულთან ხანგრძლივი ბრძოლაა საჭირო. ჩვენი ხელისუფლება კი ყველა შემთხვევაზე ახდენს რეაგირებას - პასუხისგებაში არაერთი მაშინდელი თანამდებობის პირია მიცემული, ატვირთვა-გავრცელებაზეც არაერთი მოქალაქე დააკავეს.

- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში ბესელიასა და კვაჭანტირაძის ადგილები უმრავლესობის დეპუტატებმა დაიკავეს. ბესელია ამას შურისძიებად აფასებს. - ამაში სენსაცია არაფერია. რამდენადაც ეს კვოტები საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, შესაბამისად, განახლება მოხდა.