"არ მჯერა იმ ჯგუფების, რომლებიც "ოცნებას" ვითომ გაემიჯნენ" - კვირის პალიტრა

"არ მჯერა იმ ჯგუფების, რომლებიც "ოცნებას" ვითომ გაემიჯნენ"

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებიდან ერთი წელი გავიდა. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს პერიოდი, ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გვესაუბრება:

- ყოველთვის გამოითქმოდა მოსაზრება, რომ არაფორმალურ მმართველობას ფორმალური აჯობებდა. ამიტომ ივანიშვილის დაბრუნებას საზოგადოება ოპტიმისტურად შეხვდა, იმედით, რომ როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებდა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ სრული ფიასკო განიცადა როგორც თავად ივანიშვილისთვის, ისე "ქართული ოცნებისთვის".

- ივანიშვილს არ ჰქონდა გაცნობიერებული მმართველ პარტიაში ვითარების სიმძიმე თუ პოლიტიკური ნება არ გამოავლინა? - სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები აბსოლუტურად მოგვეშალა. პრემიერ-მინისტრს ლიდერად მისივე კოლეგებიც არ მიიჩნევენ, პარლამენტი კი რაღაც საოცრებებს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ თავისი რესურსით დასძლევს ამ პრობლემებს, ძალიან ცდება. ეს მცდარი წარმოდგენა ძალიან ძვირად უჯდება საქართველოს.

- მაისში რამდენიმე რეგიონში გაიმართება შუალედური არჩევნები, თქვენი აზრით, რა სტრატეგიას აირჩევს "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის? - ერთადერთი რესურსი, რომელიც ივანიშვილს დარჩა, არის ძალიან დიდი ფული, იმდენი, რომ მთელ სახელმწიფოშიც არ არის, ყველამ ერთად რომ ჩადოს. სამწუხაროდ, ეს რესურსი ქმედითია გაჭირვებულ მოსახლეობაშიც. ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და სოციალურად ასე შეჭირვებული ხალხი არ მახსოვს. 20 წლის წინ, ბნელ 90-იანებს რომ ვეძახდით, ასეთი ტოტალური უიმედობა არ იყო. ხელისუფლება ამას არ იმჩნევს, ხალხის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება. არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს ილუზია, რომ ივანიშვილში ზვიად გამსახურდიას იდეალმა გაიღვიძა. ცხადია, რომ ამომრჩეველთან ფულით მანიპულირება უკვე დაიწყო. ასე იყო წინა არჩევნების დროს და ეს ჩაიწერა კიდეც ეუთოს დასკვნაშიც, რომელიც ერთ-ერთ მძიმე არჩევნებად შეფასდა.

- რამის შეცვლის დრო თუ დარჩა "ოცნებას"? - დრო ყოველთვის გამოინახება, თუ პოლიტიკური ნება იქნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი - არასოდეს მჯეროდა, რომ ერთი კაცის გავლენის წყალობით სულ მცირე პროგრესს მაინც მივაღწევდით, გარდა 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისა. ამასაც ფასი დაეკარგება, თუ ხელისუფლება ძალაუფლებას ჩაებღაუჭა და არაფრის დიდებით არ დათმო.

- "ქართულ ოცნებას" 2020 წლის არჩევნებზე წარმატების იმედი რომ ჰქონდეს, თქვენი აზრით, ვინ უნდა გასწიონ განზე, ვინ წამოსწიონ წინა პლანზე? - მე არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" პარტიაა. ეს არის სიკეთეების მიღების იმედით ივანიშვილის გარშემო თავმოყრილი საზოგადოება. ისინი ივანიშვილს დაწინაურების, საკუთარი წინსვლის მთავარ წყაროდ განიხილავენ. ეს თქვა კიდეც ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა - ძალაუფლების წყარო ივანიშვილიაო. ამაზე უარესს, ვერაფერს იტყვის პოლიტიკური ლიდერი.

- როგორც ჩანს, კობახიძის ლიდერობამ პარტიას ერთიანობა ვერ შეუნარჩუნა. - იქ ერთ-ერთი პოზიტიური ლიდერი იყო გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ძალიან უცნაურად ჩამოსცილდა. თუ ივანიშვილს ხვალ აღარ მოუნდება, კობახიძე შარშანდელი თოვლივით გაქრება. ამიტომ არ მჯერა იმ ჯგუფებისა, რომლებიც "ოცნებას" გაემიჯნენ და ვითომ კობახიძესა და მდინარაძეს უპირისპირდებიან. ეს ფარსია - კობახიძეს, მდინარაძესა და თალაკვაძეს ძალაუფლების წყაროსთან რაიმე შემხებლობა არც აქვთ.

მოამზადა