"ივანიშვილს ბანკი უნდაო... არადა, ჩემი ბანკის მოშორებას ვცდილობ რამდენი ხანია" - რას ამბობს ივანიშვილი ხაზარაძეზე? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ბანკი უნდაო... არადა, ჩემი ბანკის მოშორებას ვცდილობ რამდენი ხანია" - რას ამბობს ივანიშვილი ხაზარაძეზე?

"ასეთი უხეში ტრანზაქციები რუსეთის ველურ გარემოშიც არ კეთდებოდა", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმის გარშემო კითხვები აღარ არსებობს, თუმცა ოპონენტები არ ცხრებიან. მან პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ისაუბრონ და აპელირება გამოძიების 11 წლის შემდეგ დაწყებაზე არ გააკეთონ.

"კითხვები აღარაა, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები. მეც ორი სიტყვით ოპონენტებს მივანიშნებდი. მათ ძირითადად ეს აქვთ საფუძვლად, რომ რატომ 11 და 10 წლის შემდეგ და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია. თუ საბანკო სისტემაში შეიძლება უხეში ქმედებები, ამაზე უხეში მე ვერ წარმომიდგენია, რაც მაშინ მოხდა. 11 და 10 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია, მეორე - ხანგრძლივობას თუ შევხედავთ, არ არის მაინც და მაინც 11 წელი გასული. 11 რომც იყოს, მოიშველიონ კანონი და თქვან, რომ კანონი ირღვევა. დღეს რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა? დღეს რას იტყოდნენ? ამას გასცენ პასუხი. ტრანზაქციაზე გასცენ პასუხი, როგორი უხეშია. ამას არ უნდა პროფესიონალური ფინანსისტობა ან ბანკირობა, რომ გაიგო როგორი უხეშია ეს ტრანზაქცია," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაიწყო ამ საქმის შესწავლა გამოძიებამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მე-7 წელს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ გამოძიების დაწყება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან გიორგი ქადაგიძის წასვლას უკავშირდება. მისი თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტრანზაქციის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახდა და უწყებამ გამართულად დაიწყო მუშაობა.

"ქადაგიძის წასვლიდან დაახლოებით 1 წელიწადში დაიწყო გამოძიება. გიორგი ქადაგიძე იყო "ნაციონალური მოძრაობის წევრი" და იქიდან იმართებოდა. როცა კობა გვენეტაძე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც სტრუქტურებმა დაიწყეს ჯანსაღი ფუნქციონირება და როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს ტრანზაქცია აღმოაჩინა, მაშინ დაიწყო გამოძიება. ეს ტრანზაქცია იოლი აღმოსაჩენი იყო და არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება. რა შუაშია ჩვენი მე-7 წელი ან 11 წელი. კერძო ტრანზაქციაზე აგონ პასუხი. ამაზე ისაუბრონ," - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ივანიშვილს ბანკი უნდაო... არადა, ჩემი ბანკის მოშორებას ვცდილობ რამდენი ხანია", - განაცხადა ექსპრემიერმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ბიზნესისთვის ხიბლიანი პროექტი არ არის.

"ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა. კერძო ბიზნესი ცდილობს, რომ ხუთ-ექვს წელიწადში ფული ამოიღოს, მაქსიმუმ ათი წელიწადი-ეს ევროპული სტანდარტია და უფრო ხანგრძლივი დრო არის საჭირო, ფული დაიბრუნო. შესაბამისად, ეს არ არის ხიბლიანი პროექტი. საერთოდ მე არ ვთვლი რომ აქ ბიზნესს ვაკეთებ. პირიქით მე ვეხმარები მხოლოდ და საკუთარს ვხარჯავ. მოგებაზე გათვლილი არც ერთი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი ბანკია და ისიც პასიური იყო და მის მოშორებასაც ვაპირებ საბოლოოდ და მოხდება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში "პირისპირ"

მისივე თქმით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის პოზიცია, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლას, ან რუსეთისთვის გადაცემას ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ. ივანიშვილის განცხადებები ამის შესახებ თავად მამუკა ხაზარაძემაც იცის, რადგან მან ხაზარაძეს ბოლო შეხვედრის დროს მადლობაც კი გადაუხადა, თუკი ის ამ პროექტის განხორციელებას შეძლებდა.