"ივანიშვილი კარგავს ხელისუფლებას და ისტერიკაშია. მურუსიძის, ჩინჩალაძის შპარგალკებით ლაპარაკობს ტყუილებს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი კარგავს ხელისუფლებას და ისტერიკაშია. მურუსიძის, ჩინჩალაძის შპარგალკებით ლაპარაკობს ტყუილებს"

"ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ ხელისუფლებას კარგავს და ამიტომ ყველაფერს კადრულობს"

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მოსამართლე ლევან მურუსიძეზე საუბრისას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. მან ხელი გაიშვირა ადვოკატ შალვა შავგულიძისკენ და თქვა, რომ მან შეცდომა დაუშვა. ცნობილ ადვოკატს, რომელმაც ხელისუფლებას საქმე ევროსასამართლოში მოუგო, მას სამართლებრივი სვლა დაუწუნა. "მურუსიძის შემთხვევა აბსოლუტურად პარადოქსული იყო ჩემთვის. დღეს ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სინონიმია. თუ ახსენებ მურუსიძეს, იმ წუთში გახსენდება გირგვლიანი და ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ. ამ დროს საქმის ძირითადი ადვოკატი შალვა შავგულიძე, დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში, დაავიწყდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციაში შეტანა. აპელაციას წერს პროკურატურა. მე მინდა, საზოგადოებამ ამას ყურადღება მიაქციოს. ადრე მე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს შეცდომა გამოუცდელობის გამო მოუვიდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შალვა შავგულიძე კი აბსურდულს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს: - ძალიან უჭირს ბიძინა ივანიშვილს და ძალიან სჭირდება ამ კლანის გაყვანა. ივანიშვილს სჭირდება მურუსიძე. არჩევნების დროს, როცა სჭირდებოდა გირგვლიანი და შავგულიძე, მაშინ იძახდა, რომ მურუსიძემ დააშავაო, ახლა სხვას ამბობს, ასეთი კაცია იგი, ხედავს კარგავს ძალას მისი ხელისუფლება, კარგავს ავტორიტეტს და აბსოლუტურად ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ამიტომ არც შავ პიარზე დაიხევს უკან, არც არაფერზე. ხელისუფლების დაკარგვა მისთვის ძალიან ბევრი რამის დაკარგვას ნიშნავს. მას უნდა რომ საზოგადოების წინაშე წარმოაჩინოს კარგად ისინი, რომელთა დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. მურუსიძეც ამ კლანის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ლიდერია. ივანიშვილს თავის სამსახურში სჭირდება ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების მსახურებაში იყვნენ და რახან ასე სჭირდება, ის მიდის იმაზეც, რომ ამბობს ეს მოსამართლეები იყვნენ ძალიან კარგები, ძალიან სწორი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და დამნაშავეები ადვოკატები არიანო...  არადა, ევროპულმა სასამართლომ გაამტყუნა ის მოსამართლეები. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გასულ კვირას ზუსტად ეს კითხვა დასვა ელისო კილაძემ. მე მას ვუპასუხე. მას ადრე არასოდეს ინტერესი არ გამოუხატავს ამ საქმეზე და არასოდეს კითხვით არ მოუმართავს, არადა, ეს გადაწყვეტილება 2011 წლიდან არსებობს, ის მხოლოდ ახლა დაინტერესდა. სოციალურ ქსელში დასვა ეს კითხვა და იქვე მიუთითა, რომ მომავალ სამშაბათამდე ის დიალოგს აღარ გააგრძელებდა ამაზე, მეორე დღესვე ვუპასუხე მას და ავუხსენი რატომ იყო სწორი გადაწყვეტილება არ გასაჩივრება და ზუსტად სამშაბათს იგივე თემას წევს ივანიშვილი. რა კავშირი შეიძლება იყოს, ამაზე ვარაუდები შეიძლება.

- ბატონო შალვა, იქნებ განმარტოთ, რატომ არ გასაჩივრდა გადაწყვეტილება? - იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე, 450-ე, 501-ე მუხლებისა და 540-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციისათვის მოეთხოვა მსჯავრდებულთა ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება, ვიდრე ეს წინასწარი გამოძიების ეტაპზე საბრალდებო დასკვნით მოახდინა პროკურატურამ, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები უფლებამოსილი არ იყვნენ ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით გასცდენოდნენ საბრალდებო დასკვნის ფარგლებს.

დაზარალებულს ასევე არ შეეძლო პირველი ან სააპელაციო ინსტანციისათვის მოეთხოვა საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნება. ასეთი მოთხოვნის დაყენების უფლება მხოლოდ პროკურორს გააჩნდა. ამგვარად, ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ სასჯელის ზომის ნაწილში გაგვესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და მოგვეთხოვა მსჯავრდებულებისათვის, ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, შედარებით მძიმე სასჯელის დაკისრება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებოდით იმ საშიშროების წინაშე, რომ თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნას, აღარ შეგვეძლებოდა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება საკასაციო ინსტანციაში და ასევე აღარ გვექნებოდა შესაძლებლობა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსათვის მიგვემართა, ვინაიდან დაკმაყოფილებული იქნებოდა სასამართლოს წინაშე ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნა, ანუ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება დასრულდებოდა იმ შედეგით, რომ მსჯავრდებულ 4 პირს, მათი ქმედების იმავე კვალიფიკაციის ფარგლებში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი), ცოტა უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრებოდა, რაც არ წარმოადგენდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების: ირინა ენუქიძისა და გურამ გირგვლიანის ინტერესს. მათ ინტერესს მსჯავრდებულთა ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) მინიჭება, ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მხილება და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენდა, რისი განხორციელების შესაძლებლობა მოგვესპობოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გავასაჩივრებდით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, შესაძლებელი იყო მოვლენათა ორნაირი განვითარება:

ა) თუ ბრალდების ან დაცვის მხარე (პროკურატურა ან ერთ-ერთი მსჯავრდებული მაინც) პირველი ინსტანციის განაჩენს გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი (სუბსიდიური ბრალმდებელი) სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში, რის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაგვესაჩივრებინა საკასაციო ინსტანციაში. (მოვლენები სწორედ ასე განვითარდა).

ბ) თუ არც პროკურორი და არც ერთი მსჯავრდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, მაშინ მოცემულ საქმეზე ადგილობრივი სამართალწარმოება დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ კონვენციის მე-13, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით (უფლება ეფექტურ ზომაზე; სამართლიანი სასამართლოს უფლება; სიცოცხლის უფლება) მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსათვის, რამდენადაც ჩვენ დავასაბუთებდით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო ინსტანცია არ წარმოადგენდა ეფექტურ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებას დაზარალებულის დარღვეული უფლების დაცვისათვის. შექმნილ ვითარებაში, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებმა გაიზიარეს ჩემი, როგორც მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სამართლიანი შედეგის მიღწევის პერსპექტივას ადგილობრივი სამართალწარმოების პროცესში ნამდვილად ვეღარ ვხედავდით.

ის, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის პირობებში, დაზარალებულის ინტერესების დაცვისათვის სააპელაციო ინსტანცია არ წარმოადგენდა ეფექტურ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებას, დასტურდება ევროპის სასამართლოს მიერ ჩვენი საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი არსებითად განხილვის ფაქტით. ევროპის სასამართლოსადმი ი. ენუქიძის საჩივრის 14.29 პუნქტში ჩვენ ავხსენით თუ რატომ არ გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში; დავასაბუთეთ, რომ საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანცია არაეფექტური იყო მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვისათვის. მომჩივნის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგასაჩივრება სააპელაციო ინსტანციაში, ევროპის სასამართლომ არ მიიჩნია ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი ზომის არგამოყენებად, დასაშვებად სცნო საჩივარი და არსებითად განიხილა იგი(იხ. საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ", ევროპის სასამართლოს 26.04.2011 წლის გადაწყვეტილება - პუნქტი 173). წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის სასამართლო, კონვენციის 35.1 მუხლის თანახმად, დაუშვებლად ცნობდა ირინა ენუქიძის საჩივარს. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არ გასაჩივრება სააპელაციო ინსტანციაში იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რათა ჩიხში არ შესულიყო საქმეზე სამართალწარმოების პროცესი და არ მოგვსპობოდა ევროპის სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. ჩვენი ამგვარი ტაქტიკის სისწორე დამდგარი შედეგით - მოცემულ საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასტურდება. ჩემი, როგორც ადვოკატის ვალდებულება მოცემულ საქმეზე ჩემი მარწმუნებლების, დაზარალებულის უფლებამონაცვლეების: ირინა ენუქიძის და გურამ გირგვლიანის ინტერესების დაცვა და მხოლოდ მათი ნების შესაბამისად მოქმედება იყო.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი მარწმუნებლების ინტერესებში არ შედიოდა დანაშაულში მხილებული 4 მსჯავრდებულის ცოტა უფრო მძიმედ დასჯა და ამით მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულება. დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ინტერესს მათი შვილის მკვლელობასთან დანაშაულებრივი კავშირის მქონე ყველა პირის მხილება და თითოეულისათვის შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენდა. სწორედ ამ ლეგიტიმური და კანონიერი ინტერესის რეალიზების შესაძლებლობა რომ არ მოგვსპობოდა, ჩვენ ვიმსჯელეთ და ავირჩიეთ ტაქტიკა, რომ აქცენტი არ გაგვეკეთებინა დანაშაულში მხილებული 4 პირის უფრო მკაცრად დასჯაზე და ჩვენივე მოქმედებით არ შეგვექმნა ამ შედეგით საქმის დასრულების საშიშროება; არამედ, გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა მოცემული საქმის წარმოების გაგრძელების შესაძლებლობა, უკეთეს შემთხვევაში - ადგილობრივ სამართალწარმოებაშიც, უკიდურეს შემთხვევაში - ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში მაინც. ვიმეორებ, ჩვენს მიერ არჩეული ტაქტიკის სისწორე საბოლოოდ გირგვლიანის საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა. ჩემი ამოცანა ამ საქმეზე მუშაობის დროს, "პოლიტიკური სპეკულაცია" არ ყოფილა, მარწმუნებელთა ინტერესების დაცვა და სამართლის მიღწევა იყო, რისთვისაც თავი არ დამიზოგავს, ხოლო რამდენად შევძელი ეს, ალბათ საქმის შედეგიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ. მე რომ ეს გამესაჩივრებინა, ამ საქმეს მოვკლავდი. ევროსასამართლოს ცალკე პუნქტად მივწერე რატომ არ გავასაჩივრე. ამაზე ევროსასამართლოს იმსჯელა, თქვა რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ევროსასამართლოს რომ ჩაეთვალა მე გამოვტოვე ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი ეტაპი, საშუალება, რათქმაუნდა წარმოებაშიც არ მიიღებდა საქმეს. მე რომ დამეყენებინა არასწორი მოთხოვნა ევროპის სასამართლო გაამტყუნებდა ქართულ სასამართლოს? თუ მე მიპასუხებდა თქვენ დაცვის მხარემ დააყენეთ არასწორი მოთხოვნა, რომლის შესრულება არ შეეძლო უზენაეს სასამართლოს და შესაბამისად იქ არ არის სახელმწიფოს მიერ დარღვეული უფლებაო. არ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია, ევროპის სასამართლოს 7 წევრიანმა პალატამ უფრო კარგად შეისწავლა ეს საქმე რამდენიმე წლის მანძილზე და გამოიტანა ეს დასკვნა, თუ ბიძინა ივანიშვილს დავუჯეროთ, რომელიც მურუსიძის, ჩინჩალაძის და ასეთი მოსამართლეების დაწერილი შპარგალკებით ლაპარაკობს ტყუილებს და ცილისწამებას ეწევა. ივანიშვილი კარგავს ხელისუფლებას და ისტერიკაშია.

ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს ჭეშმარიტებას, ქვეყანას, ჰგონია მისი ნათქვამი ნებისმიერი პოზიცია აღიქმება ჭეშმარიტებად, ეს ტყუილად გონია, ეტყობა მიჩვეულია ასეთ გარემოცვაში ყოფნას, მაგრამ ქართული საზოგადოება მისი მოსატყუებელი ნამდვილად არ არის. ივანიშვილს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ უცხოვრია არც საქართველოში ფიზიკურად და არც საქართველოს ტკივილით. ის წავიდა და გახდა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტკივილს აყენებდა საქართველოს და ასე გრძელდება დღესაც. ივანიშვილი იმ ქვეყანაში ქმნიდა თავის ბიოგრაფიას, თავის ქონებას. ჩვენი შეცდომაა ის, რომ ასეთი ადამიანის ქვეყნის სათავეში მოქცევა დავუშვით და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი.

იხილეთ ასევე: "ადრე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს შეცდომა გამოუცდელობის გამო მოუვიდა, მაგრამ..." - რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი ადვოკატზე

(სპეციალურად საიტისთვის)