"ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკა ვირეშმაკობაში ერევათ" - ვინ და როგორ სპეკულირებდა ზვიად გამსახურდიას სახელით? - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკა ვირეშმაკობაში ერევათ" - ვინ და როგორ სპეკულირებდა ზვიად გამსახურდიას სახელით?

"ფარსი, სპეკულაცია" ასე შეაფასა ცოტნე გამსახურდიამ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხიბულაში გაცემული დაპირება, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. "კატეგორიულად ვუკრძალავ ზვიად გამსახურდიას მკვლელობით სპეკულირებას ქოცების წინასაარჩევნო სპექტაკლში ყველა ქოცს, გაქოცებულს და სალომე ზურაბიშვილის! ქოცების, რომელნიც უკვე ხუთ წელწადზე მეტია შეგნებულად არ იძიებენ მამაჩემის მკვლელობას! ასევე გიკრძალავთ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ ფარსთან პარალელების გავლებას!!!" – განაცხადა ცოტნე  გამსახურდიამ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. 2009-2011 წლებში პარლამენტში მისი გარდაცვალების საქმეზე დროებითმა სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, რომელსაც მისი ვაჟი და იმაჟამად დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურას სათანადო რეაგირება მოეხდინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოვლენილ ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე. 2015 წელს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია შეეცვალა და განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა,  თუმცა პროკურატურამ საქმე თაროზე დიდი ხნით შემოდო, ისეთი დიდი ხნით, რომ 2018 წელს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქმის დახურვის საკითხი დადგა. მაშინ საქმე მხოლოდ იმიტომ არ დაიხურა, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილებმა ცოტნე და კონსტატინე გამსახურდიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. საქმე არ დაიხურა, თუმცა პრიკურატურამ არც რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგა ამ გამოძიების დასასრულებლად. რამდენიმე დღის წინ თემა ბიძინა ივანიშვილმა "გააცოცხლა" და საზოგადოებას ხიბულადან შეჰპირდა გამოძიების დასრულებას. ვინ როგორ სპეკულირებდა ზვიად გამსახურდიას სახელით და როგორი იყო საბოლოო შედეგი, ამის შესახებ პოლიტოლოგები რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი და პრეზიდენტის შვილი კონსტატინე გამსახურდია გვესაუბრებიან.

"პროკურატურამ საქმე თაროზე შემოდო იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ იყო"

- ბატონო კონსტატინე, ქართველ ხალხს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მველობის გამოძიების პირობა ჯერ კიდევ სააკაშვილმა მისცა, თუმცა შედეგი ყველამ ვნახეთ. საზოგადოების ერთ ნაწილს იმედი მიეცა, რომ ამ საქმეს "ქართული ოცნება" დაასრულებდა, მაგრამ "ოცნების" ლიდერს ეს თემა მხოლოდ 8 წლის შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში გაახსენდა. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს დაპირებები ზვიადის სახელით სპეკულირებაა თუ რაიმე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე? - თუ რამე მიღწეულია საქმის დაკვალიფიცირების, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ცნობის, მის გაგრძელები თვალსაზრისით, ეს არის მხოლოდ ჩვენი, ანუ მისი შვილების ძალისხმევისა და მუჯლუგუნების კვრის შედეგი და არაფერ შუაში ხელისუფლების ნება.

- როგორ გგონიათ, რატომ არ გაიხსნა საქმე სააკაშვილის ხელისუფლების დროს?

- სააკაშვილის ხელისუფლების დროს პირველი იმედგაცრუება გვქონდა მაშინ, როდესაც დანაპირები არ შესრულდა და სპეციალურ კომისიას საგამოძიებო სტატუსი არ მიენიჭა. კონსტანტინე გამსახურდია თუმცა, ჩვენ მომკვლევი კომისიის სტატუსის ფარგლებშიც საკმაოდ სერიოზული დასკვნა დავდევით. ეს იყო 370-გვერდიანი დასკვნა, რომლის ძირითად დოკუმენტში ეწერა, რომ თვითმკვლელობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ პრაქტიკულად დავამტკიცეთ, რომ მკვლელობა მოხდა, მაგრამ პროკურატურამ საქმე თაროზე შემოდო. რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ იყო.

- პოლიტიკური ნება არ იყო თუ კონკრეტული დამნაშავეების დაფარვის მცდელობა იყო?

- როგორც ჩანს, სააკაშვილს ედუარდ შევარდნაძესთან პაქტი ჰქონდა დადებული, რომ ხელს არ ახლებდა და პროკურატურაში არ არბენინებდა. მაშინ შევარდნაძე ცოცხალი იყო.

- დღეს არსებული მოცემულობა, თუ გაძლევთ იმედს, რომ საქმეს ახლა მაინც გამოძიებენ?

- თუ საქარტველოს პირველი პრეზიდენტის მკველობის საქმეს 2020 წლამდე გახსნიან ეს ამბავი "ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნოდ დიდი დივიდენტდი გახდება. ამიტომ თუ ხელისუფლებას ჭკუა და გონება საბოლოოდ არ დაუკარგავს, უნდა გამოიძიონ.

"გამსახურდიას მკვლელობის თემა იყო, არის და იქნება სპეკულირების საგანი"

რამაზ საყვარელიძე: - გამსახურდიას მკვლელობის თემა იყო, არის და იქნება სპეკულირების საგანი. ეს ასე რომ არ მომხდარიყო, მე ეგ უფრო გამიკვირდებოდა. რატომ იყენებნ პოლიტიკოსები გვერდით მსახიობებს და მომღერლებს? იმიტომ რომ ამით საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიიპყრონ. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, საქართველოში არ გამოუგონებიათ. სხვათა შორის, სააკაშვილმა ზვიადის სახელის სპეკულირებით კარგად იხეირა. რამაზ საყვარელიძე ზვიადის მომხრეების დიდი ნაწილი დღემდე სააკაშვილის მხარდამჭერია. "ნაციონალებს" კი დღესაც ზუგდიდში საკმაოდ მყარი პოზიციები აქვთ.

- რატომ გაახსენდა ეს თემა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ?

- ვერ დავიფიცებ, რომ პრაგმატულად არ იყო გათვლილი. თუმცა ეს დემოკრატიულ პრინციპებს არ არღვევს. ჩვენ პოლიტიკოსისგან რა უფრო გვჭირდება, გულახდილობა თუ პრაგმატულობა?

- პრაგმატულობა, რომელიც ხალხს სარგებელს მოუტანს. რას ელით, ხიბულაში გაცემული დაპირებისგან?

- მიჭირს ამაზე ცალსახად საუბარი. რადგან, მგონია, რომ გამსახურდიას მკვლელობა რუსეთიდან იყო დაკვეთილი. ესენი რამდენად შეძლებენ გამოძიების წარმოებას იქ არ ვიცი.

- რა საფუძველს ემყარება თქვენი ეს ვერსია? - ზვიად გამსახურდია და დუდაევი თითქმის ერთ და იმავე პერიოდში მოკლეს. ვიცით, რომ დუდაევი რუსებმა მოკლეს. დუდაევსა და გამსახურდიას საერთო პოლიტიკური ხედვა ჰქონდათ, რომელიც კავკასიური სახლის იდეას ეფუძნებოდა. კავკასიური სახლის იდეა კი რუსეთისთვის ძალიან სახიფათო და არასასურველი თემა იყო. მე ასე მგონია, თუმცა ვერ დავიჩემებ.

"ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკა ვირეშმაკობაში ერევათ"

- ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობის პერიოდში ზვიად გამსახურდიას თაობაზე თუ გისაუბრიათ?

გია ხუხაშვილი: - კი, მაგრამ ეს პირადი საუბარი იყო ამის გასაჯაროების უფლებას თავს ვერ მივცემ.

- ის მაინც გვითხარით, რამდენად გულწრფელად შეიძლება უნდოდეს ამ საქმის გამოძიება? - მაშინ არ შემინიშნავს, რომ მას ზვიადის სიყვარულის ბუშტი გასკდომოდეს. ალბათ ახლა გაუსკდა.

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობაზე რას იტყვით, როდესაც ის ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიაზე შეხედულება შეეცვალა და ძველებურად დიქტატორად აღარ მიიჩნევს? - ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყო ეს რომ მჯეროდეს. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკა ვირეშმაკობაში ერევათ. გია ხუხაშვილი მათი ქმედება არის ვირეშმაკობის გამოვლინება. გარწმუნებთ, ზურაბიშვილს როცა დასჭირდება, მაშინვე პირველ ჩვენებას დაუბრუნდება და გამსახურდიას ისევ დიქტატორდ გამოაცხადებს. მე მითქვამს და თქვენც დაიმახსოვრეთ, როგორც კი არჩევნები დასრულდება გამსახურდიას მკვლელობის საქმე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ერთანირად დაავიწყდება.

იხილეთ ასევე: "მკვლელი აუცილებლად "ზვიადისტი" უნდა ყოფილიყო... მე მაძლევდნენ 1 მილიონ დოლარს"

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)