ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა“ და "ნაცმოძრაობის“ წევრებს შორის - კვირის პალიტრა

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა“ და "ნაცმოძრაობის“ წევრებს შორის

ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნებისა“ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცავების ჩარევა გახდა საჭირო.

"ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მორიგი სპექტაკლი მოაწყვეს. მმართველ გუნდში კორუფციაც უარყვეს და აღნიშნეს, რომ საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას მიაწოდეს და ისინი სპეციალურად მანიპულირებენ ამ საკითხით.