"არ არის აუცილებელი, ყველას ერთმენთი მოგვწონდეს, თუმცა..." - პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

"არ არის აუცილებელი, ყველას ერთმენთი მოგვწონდეს, თუმცა..." - პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

პრემიერის ყოფილი თანაშემწე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ იმ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობას გადაიბარებს, სახელმწიფო მეტი რესურსით უზრუნველყოფს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას. (მალე გაცნობებთ საით გამიწევია.)

მანამდე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამინი, ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.

ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევბს უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდებოდი, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე, ყველაფერს გაუმკლავდები. (ბუნებრივია, იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდულური პიარისთვის. არ არის აუცილებელი, ყველას ერთმენთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულისხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა ( რასაც ბუნებრივია დამსახურება ჭირდება). იმედი მაქვს, რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე,” - წერს სოფო ჯაფარიძე.