"ძალიან გაუჭირდებათ ხელის შეშლა" - რას ითხოვს სანდრა რულოვსი - კვირის პალიტრა

"ძალიან გაუჭირდებათ ხელის შეშლა" - რას ითხოვს სანდრა რულოვსი

გაერთიანებული ოპოზიცია წუხელ დაკავებული აქტივისტის, მანუჩარ ჩხეტიას ყოველგვარი სანქციის გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ბრიფინგზე განაცხადა.

რულოვსი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, მიმდინარე პროცესს დააკვირდნენ.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი ზუგდიდელი აქტივისტი, მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლონ ყოველგვარი სანქციის გარეშე. ჩვენ მთელი ღამე ვიყავით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში. აბრალებდნენ მცირე ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. ეს არის სისულელე. მე უკვე ორი კვირაა ვიმყოფები ზუგდიდში. ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვისაც აქვს სურვილი ჩემთან შეხვედრის, დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან და გვიშლიან ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ის პირები დაეკავებინათ, ვინც უკანონო ქმედებაში იყო შემჩნეული, დააკავეს ჩვენი სამი წევრი. ორი რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, ხოლო მესამის გათავისუფლებას ვითხოვთ სასწრაფო წესით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, რომელიც არის დაგეგმილი. მათ ძალიან გაუჭირდებათ ხელის შეშლა. საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს, რომლებიც უკვე იწყებენ მონიტორინგს, მოვუწოდებ, რომ ამ პროცესს ძალიან კარგად დააკვირდნენ. ასე მუშაობა არის შეუძლებელი და ეს არის კანონის დარღვევა,“ - აღნიშნა რულოვსმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წუხელვე დატოვეს წითლიძემ და პატარაიამ, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.