"რაც დრო გადის, ივანიშვილი სულ მარტო რჩება და მისი მდგომარეობა ახლა უფრო თანაგრძნობას იწვევს" - კვირის პალიტრა

"რაც დრო გადის, ივანიშვილი სულ მარტო რჩება და მისი მდგომარეობა ახლა უფრო თანაგრძნობას იწვევს"

"ივანიშვილისთვის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, რისთვისაც არანაირ მეთოდებს აღარ მოერიდება, მისი სატელევიზიო ინტერვიუ ამის დადასტურებაა", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის ინტერვიუსაც გთავაზობთ:

- ბატონო გია, "ქართული ოცნების“ ლიდერმა ივანიშვილმა ჯერ 9 აპრილთან დაკავშირებით გაავრცელა თავისი ვრცელი ინტერვიუ, შემდეგ ტვ "იმედზე“ ისაუბრა ვრცლად არაერთ მნიშვნელოვან თემაზე. ვინაიდან ბატონი ივანიშვილი საკმაოდ ბევრ თემას შეეხო, ჩვენც მოგვიწევს ზოგიერთ მათგანზე ყურადღების მეტად გამახვილება.

მაგრამ, მოდით, ჩვენი საუბარი ჯერ მმართველი პარტიის ლიდერის უკანასკნელი განცხადებების საერთო შეფასებებით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით მათ და თქვენი აზრით, მისი გზავნილების მთავარი აზრი სავარაუდოდ რა იყო?

- ყველაფერი დაიწყო წერილის გამოქვეყნებით. რომელშიც დაახლოებით ასეთი აზრი დომინირებდა - რევოლუციამდელი ბავშვი იყო გაუნათლებელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე იგი გამოჩნდა, ყველაფერი გამოსწორდა.

ივანიშვილის სურვილია ისტორია თავიდან დაიწეროს, თან ისე, რომ იგი მის ინტერესებზე იყოს მორგებული... იკვეთება, რომ ივანიშვილს ამის დაუოკებელი სურვილი აქვს გაჩენილი და ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება, რაც მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს

რაც შეეხება სატელევიზიო ინტერვიუს, ამის სერიოზული ანალიზიც შეუძლებელია. ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ ძალიან ჰგავდა ფოტონეგატივს, სადაც ფერები უკუღმაა წარმოდგენილი. შავი თეთრად და თეთრი კი შავად. ამ ნეგატივს გამჟღავნება აშკარად აკლდა. მისმა განცხადებებმა ასეთი განცდა დამიტოვა.

ჩემი აზრით, ივანიშვილი ახლა პოლიტიკურად ტერმინალურ მდგომარეობაშია. ეს ის ვითარებაა, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარ სამყაროში ცხოვრებას და აბსოლუტურად კარგავს რეალობის აღქმას და ჯიუტად აძალებს ყველას იმ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლონ, რომელშიც თავადაა.

- ივანიშვილი აცხადებს - " ეკონომიკური და კრიმინოგენური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს "ოცნების ბრალი არაა“. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრაქტიკულად პასუხისმგებლობას არ აკისრებს არც მმართველ გუნდს და არც საკუთარ თავს?

- რა კომენტარის გაკეთება შეიძლება იმაზე, რომ ხელისუფლება სოციალურ და კრიმინოგენურ ვითარებაზე არაა პასუხისმგებელი. ვფიქრობ, ამას კომენტარი არ სჭირდება.

არადა, ივანიშვილმა თქვა, რომ სოციალურ და კრიმინოგენულ ვითარებაზე მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა არ აქვს. რადგან ასეა, მეც უკომენტაროდ დავტოვებ მის ამ განცხადებას

ხალხი ხელისუფლებას იმისთვის ქირაობს, რომ ჰქონდეს კეთილდღეობა, უსაფრთხოების გარანტიები და სამართლიანობა. მეტი ფუნქცია ხელისუფლებას არ აქვს. არადა, ივანიშვილმა თქვა, რომ სოციალურ და კრიმინოგენურ ვითარებაზე მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა არ აქვს. რადგან ასეა, მეც უკომენტაროდ დავტოვებ მის ამ განცხადებას.

- ვინაიდან სასამართლოს თემა გახდა ჯერ "ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებისა და რღვევის მიზეზი, ხოლო შემდეგ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გახდა გაუგებარი თუ რატომ ლობირებდა ივანიშვილი და მისი გუნდი მურუსიძე- ჩინჩალაძის დაჯგუფებას სასამართლოში, ჩვენი საუბარიც ამ თემით გავაგრძელოთ.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის განცხადება ამ თემაზე - მე-6 წელს რას შფოთავენ გაუგებარია? მურუსიძე-ჩინჩალაძის ოდიოზურობა “ნაცმოძრაობისგან“ მართული ენჯეოებისგან მოდის...

- სასამართლო სისტემაზე საუბრისას ივანიშვილის მსჯელობა წინააღმდეგობრივი და შეიძლება ითქვას აბსურდულიც კია. თუ ის ამბობს, რომ გვირგვლიანის საქმეზე მურუსიძეს სხვა გზა არ ჰქონდა, მაშინ გამოდის, რომ სააკაშვილის დროს სასამართლო თავისუფალი იყო და მოსამართლეები თავისი მრწამსით მოქმედებდნენ. თუ სასამართლო თავისუფალი იყო, მაშინ სააკაშვილი რას აშავებდა?

სასამართლოზე საუბრისას ივანიშვილს აშკარად უნდოდა მსმენელი თავის ვირტუალურ სამყაროში გადაეყვანა, სადაც ლოგიკა, როგორც ადამიანის აზროვნების ინსტრუმენტი, უბრალოდ საჭირო არაა და არც არსებობს

ვიმეორებ, სასამართლოს თემაზე ივანიშვილის ლოგიკა წინააღმდეგობრივი იყო. ერთი მხრივ უნდა თქვას, სააკაშვილის რეჟიმი აკონტროლებდა ყველაფერს, მაგრამ ამასთანავე ამბობს იმას, რომ სასამართლო თავისუფალი იყო და მურუსიძე ყოფილა ანგელოზი. პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავია ამგვარი მსჯელობა.

- ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა გვირგვლიანის საქმეზე დავერწმუნებინეთ, რომ ყველაფერში დამნაშავე მურუსიძე კი არა ადვოკატი შავგულიძე ყოფილა. არადა, შავგულიძემ სტასბურგის სასამართლოში მოუგო ხელისუფებას დავა. სტარსბურგის სასამართლომ დაადგინა ამ საქმეში ხელისუფლების უმაღლესი პირების მონაწილეობა და ამავე საქმეში მოსამართლის თანამონაწილეობა...

- დიახ, ეს ყველას კარგად გვახსოვს, არადა ივანიშვილმა გვითხრა, რომ თურმე ადვოკატი შავგულიძე ყოფილა მოსამართლის განაჩენის დადგომაში დამნაშავე, მურუსიძეს კი ამ საქმის ფიგურანტების უმკაცრესად დასჯა უნდოდა.

გამოდის, რომ ადვოკატმა შავგულიძემ იმდენი ქნა, რომ ტკბილმა და მურაბა მურუსიძემ სათანადოდ ვერ დასაჯა ამ საქმეში დამნაშავეები. ივანიშვილი ამ თემაზე საუბრისას საკუთარ ლოგიკასთან იყო კონფლიქტში და ამიტომ იწვევს თანაგრძნობის განცდას

- ბატონო გია, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ივანიშვილის იმ მსჯელობას, რომელიც სხვებთან ერთად თქვენც გეხებათ. როგორ შეაფასებდით ივანიშვილის მიერ რიტორიკულად დასმულ კითხვას - "შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე "ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ“?

- "ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობასა და თანამოაზრეობაში მადანაშაულებს ადამიანი, რომელიც "ნაცმოძრაობას“ აფინანსებდა იმ პერიოდში, როცა ჩემს თავზე სააკაშვილი წისქვილის ქვას ატრიალებდა. მისი კონკრეტული ბრალდება ასეთია, თურმე მე ახლა სააკაშვილის ქება-დიდებით ვარ დაკავებული. სად ამოიკითხა, სად ნახა, რომ მიშას ვაქებ და ვადიდებ. არ ვიცი.

მე ვცდილობ ობიექტური ვიყო. სააკაშვილი ბევრს აფუჭებდა და ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ რაღაცას აკეთებდა კიდევაც. ამის აღნიშვნა თუ ქება-დიდებას ნიშნავს, ეს ივანიშვილის შინაგანი პრობლემებია. მაგრამ, არც გამოსდის, ვინაიდან, გაუგებარია მუდმივად ლანძღო სააკაშვილი და მისი მანკიერი სასამართლო სისტემა დაიცვა, არანაირად არ გამოდის.

არ გამოდის რადგან საუბარია იმ ინსტრუმენტზე, რომლითაც სააკაშვილი საზოგადობაზე ძალადობდა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მას ამ ლოგიკაში ვინმე გაჰყვეს და მისი დაიჯეროს.

...

ჩემი აზრით, რაც დრო გადის, ივანიშვილი სულ მარტო რჩება და ამიტომ ვამბობ, რომ მისი მდგომარეობა ახლა უფრო თანაგრძნობას იწვევს. ასეა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მისი მსჯელობა აბსოლუტურად აცდენილია ყველაფერს. იხილეთ სრულად

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”