"იმედი მაქვს, აქ არასდროს იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ." - რა ხდებოდა მოძრაობის "დაიცავი საქართველო" შეკრებაზე - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, აქ არასდროს იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ." - რა ხდებოდა მოძრაობის "დაიცავი საქართველო" შეკრებაზე

ფილარმონიაში მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეხვედრა გაიმართა, რომლესაც საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოძრაობის ლიდერმა პოეტმა დავით მაღრაძემ საზოგადოებას მიმართა და ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა ყველას, "ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია".

"შემოგვიერთდით, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ! "ნაციონალური მოძრაობა" წარსულს უარყოფს, "ოცნებამ" კი მომავალი უარყო...  ისევ ორპოლუსიანი სისტემით უნდათ, რომ შეეგებოს ჩვენი პოლიტიკური ყოფა ამ არჩევნებს. ჩვენი განზრახვა არის ის, რომ ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან", - განაცხადა დავით მაღრაძემ.

მის თქმით, მოძრაობის მიზანი ემსახურება იმას, რომ მათი წუხილი პოლიტიკამდე მიიტანონ. მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებობს ორი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას არც ერთი ტოვებს.

"ხშირად მეკითხებოდნენ სტუმრები ვინ იქნებით ხვალ, ვინ შეიკრიბებით 13 აპრილს, იქნებიან, თუ არა გაჩეჩილაძეები?! ლევანს ვესაუბრე, ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის მოძრაობაში "დაიცავი საქართველო". ლაშა ამირეჯიბიც დავინახე. ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები... იმედი მაქვს, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ. ეს გვარები ღმერთმა ამრავლოს და ყველას სიკეთე მინდა ვუსურვო. სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის ვინც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა", - განაცხადა მან.

ფილარმონიაში მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეხვედრას ესწრებოდნენ "ქართული ოცნებას" გამოყოფილი დეპუტატები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, თბილისის საკრებულოს "ოცნების" დეპუტაციიდან წასული ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარაშვილი, "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი ძმები - ლევან და გია გაჩეჩილაძეები და სხვები.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გია გაჩეჩილაძემ:

გაჩეჩილაძის თქმით, გარკვეულ შემთხვევაში მას ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა.

"მეგონა, რომ ეს ადამიანი რასაც იტყოდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა. წავიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებიდან და ის გადავიდოდა ოპოზიციაში და მისი ოპოზიციაში ყოფნა იქნებოდა იდეალური მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს მან არ გააკეთა. მე ივანიშვილი 20 წელია თვალით არ მინახავს. როცა თვალს ვადევნებ განვითარებულ მოვლენებს, ის არ მომწონს და მინდა უკეთესი იყოს ხვალ", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, მისაღები არაა ის განცხადებები ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა. "აბსოლუტურად სხვა რამაა სამართლიანობის განცდა და სხვა რამაა ფურცელზე დაბეჭდილი შედეგები. სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას, იმიტომ არის სანდრო გირგვლიანი გმირი. წინა ხელისუფლების პერიოდშიც ის იყო და დღესაც ის არის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარი გააკეთა ფილარმონიაში შეხვედრაზე მისულმა ეკა ბესელიამაც:

"ყოველთვის ვიყავი ამ მოძრაობის მიმართ სოლიდარული და აქტიური წევრი. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ერთად ვცდილობდით, რომ როგორმე შეგვეცვალა რეჟიმი. აქ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, ვინც ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით იმ მთავარი იდეალების მიმართ, როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება, ღირსება. შეგვკრიბა წუხილმა, რომელიც უკავშირდება ბოლო პერიოდის მოვლენებს. ქვეყანაში ვითარება შესაცვლელია. წარსულის აღზევება და დაბრუნება, დღეს მისი ახალ სამართლიანობად გასაღება - ეს მიუღებელია ყველასთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ამ ბრძოლას. ირაკლი ბათიაშვილი

ალბათ, მთავარი გზავნილი იქნება, რომ არასდროს უნდა დავბრუნდეთ წარსულში. არც მათი რეანიმაცია არ შეიძლება, რასაც დღეს, სამწუხაროდ, მმართველი პარტია და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები აკეთებენ. მიუღებელია, როცა მეუბნები, რომ მერე რა მოხდა, ისინი ცუდები იყვნენ და მერე კარგები გახდნენ და მოდი, ისევ ავირჩიოთო. ამან გაყო ჩვენი გზები დღეს, მაგრამ ვერ გაყო იმ ადამიანების გზები, ვინც ამ მარადიული ღირებულებების ერთგული დარჩა. ეს ალბათ, იქნება გზა ახალი პროცესებისთვის და მე მგონია, რომ ამას ექნება საინტერესო გაგრძელება", - განაცხადა ბესელიამ.

შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა ლევან გოგიჩაიშვილმა:

"აქ იკრიბებიან ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა აქვთ ქვეყანაზე, რომელთათვის თავისუფლების მონაპოვარი ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სამართლის გამმრუდებლებისგან ჩვენმა ყოფილმა კოლეგებმა და თანამებრძოლებმა მემკვიდრეობით მიიღეს ეს გამრუდებული სამართალი. დამოკიდებულება, როდესაც ღიად უჭერ მურუსიძეს ხმას და აცხადებ მსხვერპლად, და მართლა მსხვერპლ ადამიანებს ეუბნები, რომ ეს ყველაფერი ყოფილა ლეგიტიმური, რასაც ეს რეჟიმი ამ ადამიანების წინააღმდეგ აკეთებდა. ამას ჰქვია გამრუდება ყოფიერების, ცნობიერების, სამართლის, პრინციპების, ღირსების, მორალის- ყველაფერი გამრდებულია. შესაბამისად, ამ სიმრუდემ რომ არ ჩამოშალოს ეს სახელმწიფო, არ მისცეს საშუალება, კიდევ უფრო მახინჯი აზროვნების ადამიანებმა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, ამისთვს ვფიქრობ, ეს პლატფორმა დაბადებს პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც დააბალანსებს და დაიცავს ქვეყანას ამ სიმახინჯისგან. ეს არის შემკვრელი, მაგალითი და საუკეთესო ილუსტრაცია, როდესაც სიმახინჯე შეგიძლია შემოაპარო და შესთავაზო სილამაზედ, მშვენიერებად, და თვალთმაქცობა, მექრთამეობა სიქველედ, ვაჟკაცობად და გამბედაობად. ამ მოცემულობაში ვართ, ყველაფერი თავდაყირა დგება და სხვა რაღაცებიც რომ არ ამოყირავდეს, ამისთვის წინააღმდეგობაა საჭირო",- გოგიჩაიშვილმა.