როგორ დასცხეს დეპუტატებმა ერთმანეთს ტერენტი გრანელის გამო - კვირის პალიტრა

როგორ დასცხეს დეპუტატებმა ერთმანეთს ტერენტი გრანელის გამო

ირაკლი პატარიძე: "პასუხს, როგორც სიტყვიერს, ისე ფიზიკურს, ყოველთვის ყველას გავცემ. პირველად ზოიძე მწვდა ყელში, რის შემდეგაც ხელი ვკარი და მოვუქნიე კიდეც"

ბათუმის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე და "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი პატარიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ცნობილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის ბიუსტი აღმოჩნდა. როდესაც პატარიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმა, ქამადაძემ შეუსწორა, რომ ის პოეტია, რამაც პატარიძე გააღიზიანა, ამას კი ჯერ ლანძღვა-გინება, შემდეგ კი მუშტი-კრივი მოჰყვა. შეხლა-შემოხლა იმით დამთავრდა, რომ როინ ზოიძე თავის დაზიანებითა და მაღალი არტერიული წნევით კლინიკაში მოხვდა.

მირდატ ქამადაძე: - დღის განმავლობაში ორი ინციდენტი მოხდა: პირველად მაშინ, როდესაც განვაცხადეთ, რომ ბათუმის მერია ჩაკეტილ უწყებად იქცა, რომ ინფორმაციას ვერ ვიღებთ კონკრეტული შპს-ებისგან, რომელთა ქონება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ იქ მუშაობენ მაღალი თანამდებობის პირების მეგობარ-ნათესავები. ვითხოვდით, მოეწოდებინათ ამ ორგანიზაციების თანამშრომელთა სია, რაზეც პასუხად შეურაცხმყოფელი განცხადებები მივიღეთ. ამის შემდეგ "ბათუმის წყლის" პასუხი განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძეს დავუდე წინ, წაიკითხე, როდესაც ბრალს გვდებ, რას გვწერენ-მეთქი, მან კი ფურცლები შემომაყარა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

გაგრძელდა სხდომა და პატარიძემ ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსების საკითხი წარმოადგინა. განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ ის ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელია. ჯერ ჩავთვალე, რომ ტექნიკურ შეცდომასთან გვქონდა საქმე, მაგრამ როცა პატარიძემ ტრიბუნაზე იგივე გაიმეორა, მშვიდად შევეკითხე: ბოლოს და ბოლოს, გაგვარკვიეთ, რომელი ტერენტი გრანელის ძეგლს დგამთ, პროზაიკოსის თუ პოეტისას-მეთქი. ნაცვლად განმარტებისა, მისგან შეურაცხყოფის კასკადი წამოვიდა. მე ამისთვის პასუხი მოვთხოვე, მან კი შემაგინა. ამ დროს როინ ზოიძე მისულა (ეს მომენტი არ დამინახავს) და უთქვამს, არ შეიძლება კოლეგას მსგავსი სიტყვებით რომ მიმართავო, რაზეც პატარიძეს შეუგინებია და ხელიც გაურტყამს.

საკრებულო ის ადგილია, სადაც პოლიტიკოსები სიტყვით უნდა ეპაექრებოდნენ ერთმანეთს და არა მუშტით, სადაც კითხვებზე არგუმენტირებულ პასუხს უნდა იძლეოდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანს არა აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ინტელექტი, რომ კითხვას პასუხი გასცეს, აგრესიული ხდება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს თურმე ფილოლოგებისთვის დასასმელი კითხვაა. როგორც რეი ბრედბერი ამბობს,"წაუკითხავმა წიგნებმა ზოგჯერ მწარე შურისძიება იციან. დღეს ტერენტი გრანელმა იძია შური "ოცნების" წევრებზე და, ალბათ, მომავალში მაინც წაიკითხავენ.

ირაკლი პატარიძე: - პასუხს, როგორც სიტყვიერს, ისე ფიზიკურს, ყოველთვის ყველას გავცემ. პირველად ზოიძე მწვდა ყელში, რის შემდეგაც ხელი ვკარი და მოვუქნიე კიდეც. როგორც ყველა ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა, ისე მოვიქეცი.

- და მაინც პროზაიკოსია თუ პოეტი? - ტერენტი გრანელი არის პროზაიკოსიც, პოეტიც და ძალიან დიდი ადამიანიც. ბოდიშს ვუხდი ტერენტი გრანელსაც და საზოგადოებასაც იმისთვის, რაც მოხდა. გაზაფხულის ის საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი.