"პარტიის დატოვებამდე მხოლოდ კახა კალაძეს შევხვდი..."
"პარტიის დატოვებამდე მხოლოდ კახა კალაძეს შევხვდი..."
ფოტო:ვატო შაქარიშვილი
"გაუკუღმართებულია ყველაფერი, რაზეც სახელმწიფო დგას. ის მურუსიძე-ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის ოცნებების ასახდენ ასპარეზად გადაიქცა"

"პარტიის დატოვება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი წყალგამყოფი გაჩნდა" - საკრებულოს აწ უკვე ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი პარტიის დატოვების შესახებ გვესაუბრება.

- "ქართული ოცნება" აღარ არის ის ძალა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. გაუკუღმართებულია ყველაფერი, რაზეც სახელმწიფო დგას. ის მურუსიძე-ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის ოცნებების ასახდენ ასპარეზად გადაიქცა. არანაირი "ქართული ოცნება" აღარ არსებობს.

საზოგადოებას აღ­არ აქვს არჩევანი
- ერთ მხარეს არის დამნაშავე, რე­ვანშს მოწყურებული პოლიტიკური ძალა, მეორე მხარეს კი ძალაუფლება აქვთ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს.
სასამართლოში, იუსტიციის საბჭოში თუ სხვა თანამდებობებზე ყველგან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან დასაქმებული. ეს მოსამართლეები წლების განმავლობაში ათასობით მოქალაქეს უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით ციხეში ამწ­ყ­ვ­დევდნენ, მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების"
ლიდერები მათ სამართლიანობის მედროშეებად წარმოაჩენენ.

- ახლა რატომ გაგიჩნდათ ეს პროტესტი, საკრებულოს არჩევნების დროს ზარდიაშვილი ხომ უკვე იყო პარტიის ერთ-ერთი სახე?
- მე რა უნდა მექნა, ზარდიაშვილი რომ სიაში იყო?! გაუგებარია, რატომ დაისმის კითხვა, რატომ არ ამოიღო ხმა ვატო შაქარიშვილმა სიაში ზარდიაშვილის ჩაწერაზეო. ამასთან მე კავშირი არ მქონია.
არასოდეს დამიხევია უკან და შემიკავებია­ თავი ჩემი პოზიციების დაფიქსირებისგან, მაშინაც კი, როცა "ქართული ოცნების"­ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი.­ ისევ ვიცავ იმ ღირებულებებს, ჩემში არაფერი შეცვლილა, შეიცვალა "ქართული ოცნება". ჯერ კიდევ 2012 წელს, იმ ღირსეული ადამიანების გვერდით ვიდექი, რომელთაც დღეს უჭკუოებს უწოდებენ და მათ გამოვლილ ბრძოლას ამცრობენ.

ივანიშვილმა დიდი როლი ითამაშა "ნაცმოძრაობის" გასტუმრებაში, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ იმავე დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ იმ ღირსეული ადამიანების მიმართ, რომლებიც მაშინ მას მხარში ედგნენ.
ივანიშვილმა საზოგადოება გააწბილა. ნაც­ვლად იმისა, ტელეინტერვიუში რეალურ პრობლემებზე ესაუბრა და გამოსავლის გზები შემოეთავაზებინა, მურუსიძე-ჩინჩალაძის "გაპრავების" მიზეზებს ვუსმინეთ.

- სწორად არის ინფორმირებული?
- მურუსიძე და ჩინჩალაძე რომ დამნაშავეები არიან და მათი სასამართლოში ყოფნა არ შეიძლება, ისევე როგორც მეთოფიშვილისა და მიქაუტაძის, ამას რა ინფორმაციის მიწოდება სჭირდება?!

- პარტიის დატოვებამდე ამ საკითხზე ვინმეს თუ ესაუბრეთ?
- მხოლოდ კახა კალაძეს შევხვდი. არ მინდოდა ტელევიზიით შეეტყო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

- კალაძეს არ უცდია, დაეტოვებინეთ?
- მასთან მისვლით ჩემი პატივისცემა გამოვხატე. ამ შეხვედრის ამბავი მან გაახმაურა, თორემ მე არც ვაპირებდი თქმას.

- საკრებულოს უმრავლესობისა და პარტიის დატოვებას სხვა ლიდერებიც აპირებენ?
- საკრებულოშიც, პარლამენტშიც და პარტიაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია­. მათაც აწუხებთ ის, რაც ხდება. ადრე თუ გვიან, ისინიც მიიღებენ გადაწყვეტილებას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები