ზაქარია ქუცნაშვილი: "ჩემთვის მხარი რომ დაეჭირათ, კლანს საფუძველი გამოეცლებოდა" - კვირის პალიტრა

ზაქარია ქუცნაშვილი: "ჩემთვის მხარი რომ დაეჭირათ, კლანს საფუძველი გამოეცლებოდა"

"ისე წარმოაჩენენ, ვითომ ეს კანონპროექტი მურუსიძეზეა მორგებული. არადა, როგორც ვიცი, მურუსიძეს არც სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. ამიტომ უწოდა ბიძინა ივანიშვილმა ამ პროცესს ღია კარის მტვრევა"

გასულ კვირას "ქართული ოცნება" კიდევ ორმა წევრმა დატოვა: ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარაშვილმა. მიზეზად სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა დაასახელეს. რას ფიქრობს ზაქარია ქუცნაშვილი აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების წასვლასა და სასამართლოში არსებულ ვითარებაზე, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- შაქარიშვილმა და ჯიშკარიანმა გააკეთეს არჩევანი და ეს მათი არჩევანია.

- რომან კაკულიას თქმით, პარტიაში ვითარება თუ რადიკალურად არ შეიცვალა, ისიც დატოვებს მმართველ ძალას. - პოლიტიკური გაერთიანების წევრობა ნებაყოფლობითია. შესაბამისად, ზოგი დატოვებს, ზოგი კი შემოგვიერთდება.

- 2020 წლის არჩევნებისთვის ვიხილავთ თუ არა პარტიაში ახალ წევრებს? - იქნებიან ახლებიც და ძველებიც.

- იურიდიულმა კომიტეტმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებული ბესელიასა და გოგიჩაიშვილის კანონპროექტი ჩააგდო. თქვენ რატომ არ დაუჭირეთ ამ ინიციატივას მხარი? - მე არც მხარი დამიჭერია და არც წინააღმდეგი წავსულვარ. თავი შევიკავე იმის გამო, რომ არის ინიციატივები, რომლებიც არ მომეწონა, თუმცა ერთი მომეწონა. კერძოდ, რომ მოსამართლეებმა საინფორმაციო ფურცელი უნდა შეავსონ. ამით ჩვენ და საზოგადოებას მოგვეცემა საშუალება, საინფორმაციო ფურცლებში მოყვანილი გარემოებები გადავამოწმოთ.

არ მომეწონა ის, რომ ინიციატორები, ერთი მხრივ, ამკაცრებენ მოსამართლეების სამუშაო გამოცდილებას - 10 წლამდე ზრდიან სტანდარტს, მეორე მხრივ, ამცირებენ კვალიფიკაციის სტანდარტს. მათივე ინიციატივით, მოსამართლეობის მაძიებლები აღარ იქნებიან ვალდებული, რომ მოსამართლის გამოცდა ჩააბარონ. არ მომეწონა ისიც, რომ შარშან დეკემბერში ამოქმედებული კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევა-დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, კანონპროექტის ავტორები კი საბჭოსთვის ამ ფუნქციის ჩამორთმევას ითხოვენ. მათი აზრით, საბჭომ მხოლოდ გამტარის როლი უნდა შეასრულოს. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

- რატომ არის "ოცნებისთვის" პრინციპული კლანად შერაცხილი დაჯგუფების მხარდაჭერა? - ისე წარმოაჩენენ, ვითომ ეს კანონპროექტი მურუსიძეზეა მორგებული. არადა, როგორც ვიცი, მურუსიძეს არც სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა. ამიტომ უწოდა ბიძინა ივანიშვილმა ამ პროცესს ღია კარის მტვრევა.

- მურუსიძე არც მიგულისხმია. გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე... სულ რამდენიმე გვარია და არ შეიძლებოდა საზოგადოების აზრის გათვალისწინება? - ვინ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ვინ უნდა დანიშნოს საბჭომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში, ამას პარლამენტი არ გადაწყვეტს. საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში შედის მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების განხილვა და დამტკიცება.

- საზოგადოდ, კლანს ვგულისხმობ, რატომ არ გაანეიტრალა თავის დროზე "ოცნებამ" მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი? - კანონში იყო ერთი მექანიზმი, რომელიც მოსამართლებმა სათავისოდ გამოიყენეს. 2014 თუ 2015 წელს პარლამენტში შევიტანე ინიციატივა, რომ ე.წ. გუნდურ გადაწყვეტილებებს გამოსცლოდა საფუძველი. ამ იდეას ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ არ დაუჭირა მხარი, მათ შორის მათ, ვინც დღეს ამას აპროტესტებენ.

დღევანდელი სისტემით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან ერთი ოფიციალურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, ერთს ნიშნავს პრეზიდენტი, 5-ს - პარლამენტი, ხოლო მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს 8 წევრს. მოსამართლეთა კონფერენციაზე რომ გაიყვანო 8 სასურველი კანდიდატი, ამისთვის 280 მოსამართლიდან 140-მა მაინც უნდა დაგიჭიროს მხარი. მათ მოახერხეს შიდა არჩევნებში გამარჯვება და საბჭოში თავიანთი რჩეულები გაიყვანეს

რატომ მოიპოვეს გამარჯვება? ამას მარტივი ახსნა აქვს, რასაც ვეუბნებოდი თავის დროზე ჩემს კოლეგებს, მაგრამ მხარი არ დამიჭირეს: სისტემა იყო აგებული სარგებლობიანობის პრინციპზე, რაც ახასიათებს ნებისმიერ თვითმმართველ ორგანოს, რომელიც ეფუძნება არჩევითობის პრინციპს. შენი კანდიდატი რომ გაიყვანო, მოსამართლეებს მხარდაჭერა უნდა სთხოვო. ძველი და ახალი კანონითაც იუსტიციის საბჭოს აქვს უფლება, დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარეები და პალატების ხელმძღვანელები, სულ 40-მდე თანამდებობაა. შესაბამისად, შედგა ძალიან მარტივი ელექტრონული გარიგება - 40 კაცს უთხრეს, მოდი, თქვენ დაგვიჭირეთ მხარი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები გავხდეთ და მერე ჩვენ დაგნიშნავთ თავმჯდომარეებად და თანამდებობის პირ მოსამართლეებადო. 40 კაცს რომ დაჰპირდები ამას, ის წავა და სამჯერ 40-ს მოძებნის, ეტყვის, როცა სასამართლოს თავმჯდომარე გავხდები, რაღაცებში შეგიწყობთ ხელსო. ასე აეწყო ელექტრონული გარიგებითი სისტემა. აეწყო ბუნებრივად, ყოველგვარი კორუფციის გარეშე. ამიტომ შევიტანე ინიციატივა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნოს არა იუსტიციის საბჭომ, არამედ მოსამართლეებმა კენჭისყრით.

სასამართლოს თავმჯდომარეს მხოლოდ მენეჯერული ფუნქცია უნდა ჰქონოდა. ეს კანონი რომ დამტკიცებულიყო, სასამართლოების თავმჯდომარეებს აირჩევდნენ თავად მოსამართლეები და არა საბჭოს წევრები, რაც ინტერესთა თანხვედრას გამოაცლიდა საფუძველს. შედეგად, ეს გუნდურობას ხელს შეუშლიდა. იუსტიციის საბჭოს ერთი ეს ბერკეტი ჰქონდა და ამას თუ გამოვაცლიდით, კლანურ მმართველობასაც საფუძველი გამოეცლებოდა.

- როგორც ვიცი, ადრე სასამართლოს ყველა თავმჯდომარის გადაყენება იდგა დღის წესრიგში, თუმცა მერე სრულიად მოულოდნელად ნინო გვენეტაძეს ურჩიეს, რომ განზე გამდგარიყო. რა მოხდა მაშინ, რატომ გადაიფიქრა თეა წულუკიანმა მათი გაშვება? - ქალბატონ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩემს კანონს რაც შეეხება, პირველი მოსმენით გავიტანე და მეორე მოსმენაზე ჩამიგდეს.

- ივანიშვილი რას ამბობდა ამ ინიციატივაზე? - ივანიშვილის დონეზე თათბირი არ ჩატარებულა, მაგრამ პარლამენტში ფრაქციისა და კომიტეტის დონეზე უამრავმა დეპუტატმა დამიჭირა მხარი. პირველი დეპუტატი, ვინც მხარს მიჭერდა, ზვიად კვაჭანტირაძე გახლდათ, ეკა ბესელია წინააღმდეგი იყო.