"ქართული ენა - ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, დიდი საგანძური, რომელსაც გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ქართული ენა - ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, დიდი საგანძური, რომელსაც გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება"

ქართული ენა - ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, დიდი საგანძური, რომელსაც გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დედაენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ენის პოპულარიზაციას ხელი მეტად შევუწყოთ.

"ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია - ეს გახლავთ ისტორია ბრძოლისა თავისუფლებისთვის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. პირადად ჩემთვის 1978 წლის 14 აპრილი სწორედ ასეთი თარიღია. თარიღია, როდესაც ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, რომ დაგვეცა ჩვენი თვითმყოფადობა. ვინაიდან ჩვენი ენა არის ქართული თვითმყოფადობისა და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, ეს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ისტორიული თარიღია. 21-ე საუკუნეში ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან მიმდინარეობს. ქართული ენისთვის ჩვენ კონკრეტული პრიორიტეტი გვაქვს განსაზღვრული. ეს გულისხმობს მის უფრო მეტად პოპულარიაზაციას, განმტკიცებას და რაც მთავარია იმას, რომ არ ჩამორჩეს განვითარების ტემპებს. ვინაიდან ენა, როგორც იდენტოპის ნებისმიერი სხვა ნაწილი, ცოცხალი ორგანიზმია. ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ენაშიც შემოვიდეს ჩვენი ქართული ტერმინოლოგია, რომლებიც მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს ასახავს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ინტერნეტი, სხვა საშუალებები, რომ ენის პოპულარიზაცია უფრო მეტად მოხდეს,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმითვე, დღეს საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ ენის უფასოდ სწავლის საშუალება მიეცეთ.

"აუცილებელია ქართული ენა ყველაზე მაღალ დონეზე გვქონდეს წარმოდგენილი, რომ ქართველ მშობლებს, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ, ქართული ენის გაკვეთილები უფასოდ ჰქონდეთ და თავიანთ შვილებს ქართული, მშობლიური ენა ასწავლონ,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დასახული მიზნებს უმოკლეს ვადაში მიაღწიონ.

"დარწმუნებული ვარ, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც მერიის დეპარტამენტს აქვს, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ამავე დროს მივიღე გადაწყვეტილება და უკვე ზაფხულიდან ამ მიმართულებით დაფინანსება მნიშვნელოვანწილად გაიზრდება,"-განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"