ნატოს კონტრშეტევა შავ ზღვაში და რუსეთის პასუხი - კასპიის ზღვის ფლოტის ხომალდები ყირიმთან - კვირის პალიტრა

ნატოს კონტრშეტევა შავ ზღვაში და რუსეთის პასუხი - კასპიის ზღვის ფლოტის ხომალდები ყირიმთან

პოლონურ გამოცემაში "Gazeta Polska" გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ნატოს კონტრშეტევა შავ ზღვაში და რუსეთის პასუხი - კასპიის ზღვის ფლოტის ხომალდები ყირიმთან", რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:

ნატომ შავ ზღვაში მუდმივად მოქმედი სამხედრო გემების დაჯგუფება შექმნა - მართალია, ხომალდების შემადგენლობა იცვლება, მაგრამ ისინი უკვე მუდმივად იმყოფებიან ზღვის აკვატორიაში. ალიანსმა მრავალი წლის განმავლობაში, პირველად გამოხატა თავისი მკაფიო ინტერესები მსოფლიო ოკეანის იმ რეგიონში, რომელსაც რუსეთი 2014 წლიდან თანდათან თავის "შიდა ტბად“ გადაქცევას ცდილობს.

წინა წლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის უფრო პრიორიტეტული ბალტიის ზღვა იყო, მაგრამ ახლა როგორც იქნა, ბრიუსელმა ყურადღება მიაქცია სამხრეთის მიმართულების უსაფრთხოებასაც (რუმინეთ უკვე რამდენიმე წელია მოუწოდებდა ნატოს, რომ რეაგირება მოეხდინა რუსეთის ექსპანსიაზე). პრობლემა განსაკუტრებით აქტუალური გახდა ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში მომხდარი საზღვაო ინციდენტის შემდეგ.

ვაშინგტონში, ნატოს საიუბილეო სამიტზე, ალიანსმა "შავი ზღვის პაკეტი“ მიიღო, თუმცა იმავდროულად ალიანსმა გაიტვალისწინა, რომ შავ ზღვაში მისი მოქმედების შემზღუდველი ბარიერიც არსებობს - ესაა მონტრეს 1936 წლის კონვენცია, რომელიც ზღვის აკვატორიაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით შესული არაშავიზღვისპირა ქვეყნების გემების ცურვას არეგულირებს: სამხედრო გემებისათვის იქ ყოფნის ვადა 21 დღით არის განსაზღვრული, შესული გემების საერთო ტონაჟი კი 30 ათასს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, აკრძალულია წყალქვეშა ნავებისა და ავიამზიდების შესვლაც.

რასაკვირველია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დროს უქმად არ კარგავს - რუსული გემები ზღვაში შესულ ნატოს გემებს მუდმივად უთვალთვალებენ, ტარდება სამხედრო-საზღვაო წრთვნები და მანევრები. იმავდროულად გააქტიურებული რუსული პროპაგანდაც - მასმედიაში გაისმის რუსი პოლიტიკოსების ანტინატოური განცხადებები... რუსი გენერლები მიიჩნევენ, რომ ნატოს გემებს სოჭი და იქ მდებარე სამთავრობო რეზიდენციები მიზანში აქვთ ამოღებულიო. თუმცა, რასაკვირველია, ისინი ყურადღებას უფრო მეტად ქერჩის სრუტეზე ამახვილებენ, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებთ.

რადგან აზოვის ზღვა უკრაინისა და რუსეთის "შიდა ზღვად“ ითვლება, ნატოს სულაც არ ფიქრობს იქ თავისი ძალები გადაისროლოს, მაგრამ მოსკოვი მაინც აგიტაციას ეწევა და აცხადებს, რომ ნატოს დაგეგმილი აქვს თავისი სამხედრო ხომალდები, ქერჩის სრუტის გავლით, უკრაინის ნავსადგურებში - მარიუპოლსა და ბერდიანსკში გაგზავნოსო.

შავ ზღვაში ნატოს ესკადრის გამოჩენამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ფლოტმა წრთვნები ჩაატარა, რომლის მიზანს "უცხოური გემების“ დაკავება წარმოადგენდა, რომლებიც ქერჩის სრუტეში შესვლას ცდილობდნენ. მოსკოვის თვალსაზრისით, ნატოს მიერ მიღებულ "შავი ზღვის“ პაკეტში ყველაზე მნიშვნელოვანია არა იმდენად საქართველოსთან ან რუმინეთ-ბულგარეთთან თანამშრომლობა, რამდენადაც ნატო-უკრაინის ინტეგრაცია და უკრაინის პორტებში ალიანსის ხომალდების გამოჩენა, რაც ხელს უშლის კრემლის განზრახვის - შავი ზღვის "Mare nostrum"-ად (ლათ. "ჩვენი ზღვა“) რეალიზებას.

მოსკოვი ბოლო დროს დაინტერესებულია სტრატეგიული მარშრუტის დაცვით - იმ გზით, რომლის მეშვეობითაც კასპიის სამხედრო ფლოტილიის ხომალდები აზოვისა და შავ ზღვაში გადადიან. უნდა ითქვას, რომ დასავლეთი საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა რუსეთის კასპიის სამხედრო ფლოტილიას და მას სრულიად უსაფრთხოდ მიიჩნევდა - რა მუქარა, რის მუქარა, კასპიის ზღვა ჩაკეტილი წყალსატევია და იქიდან რუსეთმა ვის რა ზიანი უნდა მიაყენოსო. მაგრამ სიტუაცია 2015 წლიდან მკვეთრად შეიცვალა, როცა კასპიის ფლოტის უახლესმა ხომალდებმა ფრთოსანი რაკეტებით სირიაში "ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს. კასპიის ზღვის სამხედრო ფლოტილია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მე-5 მსხვილი დაჯგუფებაა - ბალტიის, შავი ზღვის, ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტების შემდეგ.

კასპიის ფლოტილიის რამდენიმე ხომალდი უკვე გადავიდა აზოვის ზღვაში და იქ არსებული რუსული გემების ჯგუფი გააძლიერა. ისინი კასპიიდან აზოვში ვოლგა-დონის არხის მეშვეობით ხვდებიან, შემდეგ კი ქერჩის სრუტით, შავ ზღვაში შედიან. რა თქმა უნდა, მათ ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით ხმელთაშუა ზღვაშიც შესვლც შეუძლიათ. ანუ ეს ნიშნავს, რომ შავ და ხმელთაშუა ზღვებში ყოფნით მათი სამიზნეები (ამჯერად უკვე დასავლეთის მიმართულებით) უფრო ახლო ხდება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ