"გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე" - რას ამბობს მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიას მინისტრობიდან გადაყენებაზე? - კვირის პალიტრა

"გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე" - რას ამბობს მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიას მინისტრობიდან გადაყენებაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქობულია როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას.

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, გოგა ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად. გარწმუნებთ, რომ არაფერი გასაკვირი აქ არ არის. აქვე მინდა განვმარტო, რომ თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ "მაკინზის" უფროსი პარტნიორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ცოდნა, რომ მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმართულებით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში. უფრო მეტიც, ის როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას", - განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები არ განიხილება.

"ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები.

"ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. 2019 -2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმარისი რესურსი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები შევამსუბუქით. თუმცა ამ თანხას და ინვესტიციებს სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტური მართვა. ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს", - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით