პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო - კვირის პალიტრა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა.

კენჭისყრას წინ უძღვოდა პროცედურული დებატები - საპარლამენტო ოპოზიციამ კვლავ მოითხოვა, რომ პარლამენტს კანონპროექტი წარმოდგენილი სახით არ მიეღო და კენჭისყრის პროცედურა გადაედო. ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკონდაციები არ გაითვალისწინა და საკანონმდებლო ცვლილებებს ფორსირებულად იღებს, “რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება“.

პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა მუხლობრივ განხილვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგებული იყო ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის შესაბამისად კორექტირებული ვერსია. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

“ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა პრინციპული რეკომენდაცია ერთის გარდა, რომელიც არ არის წმინდა სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაცია. ჩვენ შევიმუშავეთ უპრეცედენტოდ დეტალური პროცედურა, რომელიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროცესი იყოს გახსნილი, იყოს ნდობა პროცესისადმი“, - აღნიშნული განაცხადება ანრი ოხანაშვილმა პარლამენტისთვის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

ოხანაშვილმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას კი, პარლამენტს იმ მუხლების საბოლოო რედაქცია გააცნო, რაც მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში დაკორექტირდა.